USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
«Euronews» (საფრანგეთი): „საქართველო: აჭარა - ბუნების საგანძური, ტრადიციები და თანამედროვეობა“
дата:  1038

საერთოევროპულმა ტელეარხმა „ევრონიუსმა“ (Euronews), რომლის მთავარი ოფისი საფრანგეთში, ლიონში მდებარეობს და გადაცემებს მსოფლიოს მრავალ ენაზე აწარმოებს, თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „საქართველო: აჭარა - ბუნების საგანძური, ტრადიციები და თანამედროვეობა“ (ავტორი - ნაომი ლოიდი). პუბლიკაცია მომზადებულია იუნესკოს პროგრამის ფარგლებში.

გთავაზობთ ვრცელ პუბლიკაციას შემოკლებით.

„აჭარა საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონია, რომელიც ისტორიულად ევროპული და აზიური ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილს წარმოადგენს. გარდა ამისა, აჭარაში ისეთი უიშვიათესი ბუნებრივი ლანდშაფტებია შემორჩენილი, რომ მათ იუნესკო იცავს.

აჭარის ბუნება ზღაპრულად მდიდარია. სუბტროპიკული კლიმატის წყალობით აქ ბამბუკისა და ციტრუსების ხეები ხარობენ. ბუნებრივი მცენარეულობა რეგიონის მთავარი ქალაქის - ბათუმის მიღმა იწყება: მთებში ადამიანისაგან ხელუხლებელი ტყეებია, რომლებსაც აჭარის ტერიტორიის თითქმის 60% აქვთ დაკავებული. მეცნიერთა თქმით, აჭარის ტყეების ასაკი 20 მილიონი წლით განისაზღვრება. შეიძლება ითქვას, რომ აჭარა ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც კოლხური ტყე არსებობს. რეგიონში ოთხი ეროვნული პარკია შექმნილი, რომელთაგან ერთ-ერთს სახელად „მტირალა“ ჰქვია, უხვი ატმოსფერული ნალექის გამო. „მტირალას“ პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

მაიკლ ჰარფორტი - სატყეო მეურნეობის ბრიტანელი ექსპერტი - საქართველოში უკვე 20 წელია მუშაობს: „აქაურმა ტყეებმა გამყინვარების პერიოდი გადაიტანეს, - განმარტავს იგი, - მაშინ როცა ევროპის ტერიტორია მრავალმეტრიანი ყინულისა და თოვლის ფენით იყო დაფარული და ყველა ველური მცენარეულობა განადგურდა, მათ შორის ტყეებიც, კავკასიაში, საქართველოში რბილი კლიმატი შენარჩუნდა და ყველაფერი გადარჩა. აქ არის ისეთი ენდემური ჯიშები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე სხვაგან არსად არ გვხვდება“.

მაიკლ ჰარფორტი ამბობს, რომ მას საქართველოს ბუნება ძალიან მოსწონს და მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად მიაჩნია. „იგი აღფრთოვანებულია აგრეთვე სეზონური გემრიელი ხილით, ქართული სტუმართმოყვარეობით და ტრადიციებით“, - წერს ავტორი.

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ქართული სუფრისა და ღვინის მომზადების ისტორიულ ტრადიციებს, სიმღერებს და ქართულ სამზარეულოს. „ჩვენ მიგვიწვიეს სუფრაზე, რომელიც ქართულ ტრადიციულ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს წარმოადგენს. სუფრა საათობით გრძელდება, რომელსაც თან ახლავს თამადის ფილოსოფიურ-პოეტური სადღეგრძელოები და მრავალხმიანი (პოლიფონიური) სიმღერები. სხვათა შორის, რამდენიმე ქართული სიმღერა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი“, - ნათქვამია სტატიაში. მასში აღნიშნულია, რომ ქართული ღვინო თავისი არსებობის 8 ათას წელს ითვლის, ხოლო აჭარული კერძები ქართული სამზარეულოს მარგალიტებს წარმოადგენენ (მაგალითად, საკმაოდ ფართოდ არის დახასიათებული აჭარული ხაჭაპური).

„ბათუმი მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან შავი ზღვის სანაპიროზე ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრად გადაიქცა. მეოცე საუკუნეში ქალაქმა თანდათან მიიღო [საკურორტო-სამრეწველო] ქალაქის სახე, ხოლო 21-ე საუკუნეში, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, აქ  თანამედროვე ფუტურისტული შენობები აიგო, გაფართოვდა ძველი ბულვარი, რომელიც დღეს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

„ბათუმი სწრაფად ვითარდება - ბუნებასთან ჰარმონიულად. სწორედ ამიტომ ბევრ დამსვენებელს და ტურისტს იზიდავს“, - ამბობს თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი, - „ჩვენ გვაქვს რამდენიმე ამბიციური პროექტი, რომელსაც უახლოეს წლებში განვახორციელებთ - მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და პალმის სახიანი ხელოვნური კუნძულის შექმნა“.

მართალია, ბათუმში სუპერთანამდროვე ცათამბჯენები შენდება, მაგრამ სადაც კი ვიყავით, ყველგან და ყოველთვის გვაოცებდა მდიდარი კულტურა და ისტორიული ტრადიციები, რომლებიც დღემდე საიმედოდაა დაცული ქართველების მიერ“, - აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.

წყარო: https://de.euronews.com/reise/2023/09/06/georgien-adscharien-ein-schatz-aus-natur-tradition-und-moderne

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати