USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ურბანული კვლევების ცენტრის განცხადება გმირთა მოედნის სიახლოვეს მრავალფუნქციური ცენტრის პროექტის თაობაზე
Date:  560
განცხადების PDF ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://drive.google.com/…/1_DL8XZm04GcAa1UylQFdxth8a…/view…
სტიქიური ურბანული განვითარების პროცესი თბილისისთვის ახალი მოვლენა არ არის, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ის ახალ მასშტაბებს იძენს. საგრძნობლად არის გახშირებული ისეთი პროექტების რიცხვი, რომლებიც საქალაქო ტერიტორიების ათვისებას თბილისისათვის უჩვეულოდ მაღალი ინტენსივობით ითვალისწინებს. ხშირად მშენებლობა მოიაზრება სამშენებლოდ არახელსაყრელ არეალებში, რომლებიც აქამდე არ ან დაბალი ინტენსივობით იყო განაშენიანებული. ამასთან, არსებითად იცვლება არეალების ფუნქციური მახასიათებლებიც. საქალაქო ტერიტორიების ამგვარი სტიქიური და არა გეგმაზომიერი ათვისება დედაქალაქის მდგრადი, მედეგი და რაციონალური განვითარების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.
ამ მიდგომის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია გმირთა მოედანზე მრავალსართულიანი მრავალფუნქციური ცენტრის პროექტი, რომლის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ, სპეციალისტების და ფართო საზოგადოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, 2023 წლის 25 აგვისტოს №388 განკარგულებით დაამტკიცა.
მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი განაშენიანება ეწინააღმდეგება მდგრადი და მედეგი განვითარების პრინციპებს, საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პრინციპებსა და ამოცანებს. დაგეგმილი განაშენიანება არსებითად შეცვლის მთლიანად თბილისის ისტორიული ნაწილის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურას, მოსპობს ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროს ღია და სარეკრეაციო სივრცეების შეკავშირების პოტენციალს და უარყოფით ზეგავლენას იქონიებს სატრანსპორტო მდგომარეობაზე, შემდეგი არგუმენტაციის გამო:
1. სათანადოდ არ არის გამოკვლეული პროექტთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი რისკები
გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტმა არაჯეროვნად გამოიკვლია და შეაფასა მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი საფრთხეები და უგულებელყო გეგმარებითი დავალების ფარგლებში წარმოდგენილი კვლევების მონაცემები. მან არ შეაჯერა კერძო და საჯარო ინტერესი და კერძო ინტერესის სასარგებლოდ ასიმეტრიული გადაწყვეტილება საჯაროობის მინიმალური სტანდარტის დარღვევით მიიღო. რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფორსირებულ და დახურულ ვითარებაში წარიმართა, არც საზოგადოების ნაწილს მიეცა სხდომაზე დასწრებისა და პროექტთან დაკავშირებული რისკების შესახებ მათი არგუმენტაციის გაჟღერების საშუალება, ხოლო დამსწრე ექსპერტთა მოსაზრებები გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას სრულიად დაუსაბუთებლად იქნა უგულებელყოფილი.
ამ ფონზე, საგანგაშოა ბუნებრივ საფრთხეებთან მიმართებით გამოვლენილი ზერელე და გულგრილი დამოკიდებულება. როგორც ცნობილია, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკისა და საცურაო აუზ ლაგუნა ვერეს არეალი 2015 წელს მდინარე ვერეს წყალდიდობისას დაიტბორა. წინასაპროექტო კვლევა არ მოიცავს აღნიშნული წყალდიდობისა და შესაძლო რისკების თაობაზე სათანადო ინფორმაციას. წინასწარ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევაში აღნიშნულ საკითხს ყურადღება არ აქვს დათმობილი. ხოლო, წინასაპროექტო კვლევის იმ ნაწილში სადაც მოცემულია საპროექტო ტერიტორიის ეკოლოგიური მონაცემები, მდინარე ვერეს თაობაზე წარმოდგენილია უკიდურესად მოძველებული და არასამეცნიერო ინფორმაცია. კერძოდ, შეუცვლელად არის გადმოტანილი 2010 წელს გაზეთ ნეტგაზეთში გამოქვეყნებული სტატია (https://netgazeti.ge/life/5950/). დოკუმენტში ზოგადად არის ნახსენები, რომ ტერიტორიის ჩრდილოეთ საზღვართან მდინარე ვერეს მიწისქვეშა კოლექტორი გადის და დაცვის არეალები მომდევნო ეტაპზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში განისაზღვრება. ის, რომ საკითხი განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების ეტაპზე სათანადოდ შესწავლილი არ ყოფილა, მთავრობის 22 აგვისტოს #23.1252.1386 დადგენილებიდანაც ირკვევა. მუნიციპალიტეტი ღვარცოფისა და კოლექტორის შეზღუდვის არეალების დაცვას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას განმცხადებელს შემდგომ ეტაპზე სთხოვს. სამომავლოდ არის მოთხოვნილი გარემოს ეროვნული სააგენტოს პოზიციაც და მათთან შეთანხმებული გენგეგმა კოლექტორის გაბარიტული ზომებისა და შეზღუდვის არეალების მითითებით.
ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტმა დასაშვებად მიიჩნია გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ადგილას, დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მშენებლობის განხორციელება ისე, რომ საწყის ეტაპზევე სათანადოდ არ გამოიკვლია და შეაფასა რისკები (მათ შორის, კლიმატის ცვლილების კონტექსტში), ეწინააღმდეგება მდგრადი და მედეგი დაგეგმვის, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების საკანონმდებლო პრინციპებს.
2. პროექტით დაგეგმილია 3 ჰა სარეკრეაციო ზონის გაუქმება, რაც უხეშად არღვევს ქალაქის გამწვანების პრინციპებს
საპროექტო ტერიტორია თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის უშუალო სიახლოვეს, მდინარე მტკვრისა და ვერეს ხეობის შესართავთან მდებარეობს. იგი თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაში ხვდება და მასზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმით სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ვრცელდებოდა.
დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს 3.3 ჰექტრისთვის (33147 მ2) სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსის ცვლილებას მაღალი ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ით. ამასთან შენობების მხოლოდ 25% იქნება საზოგადოებრივ-საქმიანი დანიშნულებით გამოყენებული. დანარჩენი 75% საცხოვრებელი ფუნქციისთვის არის განკუთვნილი. დაგეგმილია არსებული ყოფილი სამრეწველო შენობების ნაწილობრივი შენარჩუნება და ორი 40 (170 მ.) და 52 (215 მ.) სართულის სიმაღლის შენობის განთავსება. პროექტით მაქსიმალურად ხდება ღია სივრცეების ათვისებაც.
მდებარეობის სპეციფიკისა და დაგეგმილი განაშენიანების მასშტაბური ხასიათის გათვალისწინებით, საპროექტო ტერიტორია არ შეიძლება განხილული იქნას განყენებულად. ის ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროების ერთიან კონტექსტში უნდა იქნას შეფასებული. გმირთა მოედნის არეალში სხვადასხვა დროს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება ვერეს ხეობისა და მტკვრის სანაპიროს ღია და სარეკრეაციო სივრცეების შეკავშირების პოტენციალი. დაგეგმილი განაშენიანება მოსპობს მწვანე დერეფნის შექმნის შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა დედაქალაქში არსებული მწვანე სივრცეების დეფიციტისა და კლიმატის კრიზისის პირობებში. აღნიშნული ასევე წინააღმდეგობაში მოდის დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის „მწვანე ქალაქის“ პრინციპებთანაც. ამასთან, საპროექტო დოკუმენტაციით სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილება გარდაუვალ მოცემულობად იქნა წარმოჩენილი ტერიტორიის „აქტიური სავალი ნაწილის მიჯნაზე მდებარეობიდან გამომდინარე“ (წინასაპროექტო კვლევა, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, განვითარების მიზანი გვ. 96 და 98). მსგავსი დასაბუთება ცინიკურია და მხოლოდ მესაკუთრის კერძო ინტერესების გატარებას ემსახურება. მუნიციპალიტეტმა, თავის მხრივ, ეს დასაბუთება დასაშვებად მიიჩნია, უგულებელყო საჯარო ინტერესი და სარეკრეაციო ფუნქციის ცვლილებას უპირობოდ აუნთო მწვანე შუქი.
3. დაგეგმილი განაშენიანება საბოლოოდ გაანადგურებს თბილისის ისტორიულ ნაწილს
დაგეგმილი მშენებლობა თბილისის ისტორიულ ნაწილში მასშტაბური ვერტიკალური და უხეში ჩარევის მეორე და კიდევ უფრო მძიმე პრეცედენტი იქნება სასტუმრო ბილტმორის შემდეგ. იგი სრულიად შეცვლის არა მხოლოდ გმირთა მოედნის, არამედ მთლიანად თბილისის ისტორიული ნაწილის სივრცით-გეგმარებით სტრუქტურას და პანორამულ ხედებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (მუხლი 38). აქვე საგულისხმოა, რომ პროექტის ავტორები უგულებელყოფენ საკუთარი საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში წარდგენილი ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის რეკომენდაციებსაც, რომლის მიხედვითაც ამგვარი ვერტიკალური განვითარება არ არის რეკომენდებული და ხაზგასმულია ახალი განაშენიანებისთვის იმგვარი მასშტაბის შერჩევა, რომელიც არ დათრგუნავს მომიჯნავე ობიექტებს (ცირკს, გმირთა მემორიალს და ა.შ.) (ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, გვ. 15).
4. დაგეგმილი მშენებლობა პრობლემურია ტრანსპორტის კუთხით
საცხოვრებელი და საოფისე ფუნქციები განაშენიანების ფართთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მგზავრთინტენსიური ფუნქციებია, რომელიც ძირითადად პიკის საათში ერთდროულად ხორციელდება. მსგავს განაშენიანებას აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს შესაბამისი ინტენსივობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უნდა ჰქონდეს კარგი საფეხმავლო კავშირი როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე სხვა ფუნქციებზე. სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ განაშენიანების მიზიდული და გენერირებული მგზავრობების დიდი წილი ინდივიდუალური მანქანით განხორციელდება, რაც არამარტო მერიის გაცხადებულ სატრანსპორტო პოლიტიკას ეწინააღმდეგება, არამედ ობიექტურად შექმნის პრობლემების მთელ კასკადს ქალაქისთვის.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ წინა საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში არ არის ხელმისაწვდომი არა თუ მაღალი დონის კვლევა, უფრო ზუსტი გათვლებითა და მოდელირების შესაბამისი პროგრამების გამოყენებით, რომელიც მსგავსი ინტენსივობისა და მდებარეობის პროექტის რისკებს სრულფასოვნად შეაფასებდა, არამედ ტრანსპორტზე ზეგავლენის წარმოდგენილი შეფასება ფრაგმენტულია და არ შეესაბამება აქამდე პრაქტიკაში დამკვიდრებულ მეთოდოლოგიასა და სტანდარტს. ამასთან, წარმოდგენილი ხარვეზული შეფასების საკმაოდ კონსერვატიული ანგარიშებიდანაც კი ნათლად ჩანს დაგეგმილი გადაჭარბებული ინტენსივობის განაშენიანების შედეგად მოსალოდნელი ახალი მგზავრობების მასშტაბი. თავის მხრივ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამ მონაცემებსაც უგულებელყოფს და #01232262998 წერილში/აქტში საპროექტო არეალისთვის შეუსაბამო ზოგადი და შაბლონური ტექსტით დასაშვებად მიიჩნევს დაგეგმილ განაშენიანებას.
საპროექტო არეალის მდებარეობიდან გამომდინარე მაღალი სამანქანო ნაკადი პრობლემაა არა მხოლოდ ზოგადად მანქანის მოხმარების ან ლოკალური შეფერხების გაზრდის მხრივ. გმირთა მოედანი და მარჯვენა სანაპირო საქალაქო მნიშვნელობის გამტარი არტერიებია. მარჯვენა სანაპირო, ქალაქის ჩრდილო-სამხრეთი მიმართულების მნიშვნელოვანი და უალტერნატივო გამჭოლი კავშირია, შესაბამისად, აღნიშნული გამტარი კვანძებისა და არტერიების გადატვირთვის ეფექტი მთელ ქალაქზე გავრცელდება.
წარმოდგენილი არგუმენტაცია ნათელს ხდის რისკებისა და საშიშროებათა მასშტაბს, რომელსაც გზას უხსნის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება. მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან გამოყენებულ უნდა იქნას ყველა შესაძლო სამართლებრივი გზა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაუქმებლად, რათა თავიდან იქნეს აცილებული თბილისის უკვე მძიმედ დაზიანებული ურბანული და კულტურული სისტემის საბოლოო განადგურება.
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way