USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო
Date:  537

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, გზის გარკვეული მონაკვეთები ჩავარდნილი, ხოლო უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ძლიერი წვიმის დროს წყალი გუბდებოდა. რეაბილიტაციის შედეგად, ეს პრობლემები მოგვარდება.

„დავიწყეთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია. პირველი, რაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაკეთდება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პრობლემა გზის სავალ ნაწილსაც ეტყობოდა - გარკვეული მონაკვეთები ჩავარდნილი იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. გარდა ამისა, გაკეთდება განათების ახალი სისტემა, დამონტაჟდება ლედ-სანათები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. ეს კონკრეტული ადგილი, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე გასასვლელია, ძლიერი წვიმის დროს პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ერთ-ერთი დაბალი ადგილია და აქ ძალიან დიდი რაოდენობის წყალი გუბდებოდა. შესაბამისად, უნდა მოეწყოს სანიაღვრე სისტემა. გარდა ამისა, საპარკინგე ადგილები გაჩნდება. აქამდე მანქანის გაჩერება შეუძლებელი იყო. ასევე, არ არსებობდა ტროტუარები, ფეხით გადაადგილებაც პრობლემას წარმოადგენდა, აღნიშნულ პროექტში კი ეს ყველაფერი გათვალიწინებული იქნება. სამუშაოებს ნოემბერში დავამთავრებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.

პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელები, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება.

1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილდებიან ცალმხრივად - მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდათ.

სატრანსპორტო საშუალებებს თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეუძლიათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით. ასევე პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way