USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Sunday Times» // «BBC russian»: „უკრაინა მზად არ არის დიდი კონტრშეტევის დაწყებისათვის, მაგრამ კიევს სხვა გზა არ აქვს“
дата:  

ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (Times) საკვირაო გამოშვება „სანდი თაიმსი“ (Sunday Times) აქვეყნებს პოლიტოლოგიის პროფესორის მარკ გალეოთის სტატიას სათაურით „უკრაინა მზად არ არის დიდი კონტრშეტევის დაწყებისათვის, მაგრამ კიევს სხვა გზა არ აქვს“.

გთავაზობთ Sunday Timesის პუბლიკაციის შინაარსს, რომელიც ბრიტანული „ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა გაავრცელა:

უკრაინის არმიის სარდლობისა და პოლიტიკოსების სურვილის მიუხედავად, კონტრშეტევა, დიდი ალბათობით, რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას არ მოიტანს, მაგრამ მისი დაწყების ვადების გადადება სულ უფრო ძნელი ხდება, მათ შორის პოლიტიკური მიზეზებითაც.

ბრიტანელი ოფიცრები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებთან მუშაობენ, იტყობინებიან, რომ ერთი მხრივ, მათი კოლეგები მტკიცედ და გაბედულად არიან ბრძოლისთვის  განწყობილნი, მაგრამ მეორე მხრივ, ამერიკული დაზვერვის „გაჟონილი“ დოკუმენტები მოწმობენ, რომ უკრაინის არმიას რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა არ შეუძლია - ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, კიევი მხოლოდ მცირე ტერიტორიას თუ დაიკავებს.

„რა თქმა უნდა, უკრაინელი სამხედროები მამაცობისა და პროფესიონალიზმის მაგალითებს გვაჩვენებენ, მათ შეუძლიათ რუსებს უკან დაახევინონ და მოწინააღმდეგე მძიმე სიტუაციაში მოაქციოს - როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით, მაგალითად, როგორც ეს იყო გასულ წელს ხარკოვის მიმართულებით, როცა არმიამ რიგი ქალაქები დაიბრუნა (ტერიტორია დაახლოებით 12 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობით), - წერს ავტორი, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ ამჟამად უკრაინა გარკვეული სიძნელეების წინაშე დგას.

კიევის პრობლემები: „ქორებს“ შეტევა უნდათ...

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები სწრაფად ითვისებენ 230 გარემონტებულ დასავლურ ტანკს და 1550 ჯავშანმანქანას, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ სათანადო ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი შემტევითი საომარი ოპერაციისათვის. გარდა ამისა, დასავლელი ექსპერტები არ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ უკრაინის არმიის მეთაურები ისევე კარგად არიან ადაპტირებულები ახალ სისტემებთან, როგორც მათი ჯარისკაცები.

„და მაინც, კიევს სხვა რეალური არჩევანი და გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ მსხვილი საგაზაფხულო ან საზაფხულო შეტევა განახორციელოს. უკრაინის ლიდერები საკუთარ თავს სულ უფრო მეტად აქცევენ რაღაც ჩარჩოებში“, - თვლის მარკ გალეოთი, - მართალია, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოხერხებულად „მართავს“ მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მხარდაჭერა რომ ბოლომდე მტკიცე იყოს, მან რაღაც ისეთი უნდა აჩვენოს, რასაც ვაშინგტონელი ინსაიდერები „ჩადებული ინვესტიციების უკან დაბრუნებას“ უწოდებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს აგრეთვე საშინაო პოლიტიკის დაბალანსებაც: ისეთ „ქორებს“, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილ ბუდანოვი, არ სურთ ლაპარაკი მოსკოვტან მოლაპარაკებაზე, თუმცა მთავრობაში ზოგიერთები თვლიან, რომ ახლა სწორედაც რომ მოლაპარაკების დრო დგება.

კიევში მყოფმა ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა უკრაინაში დღეისათვის  შექმნილ სიტუაციას „სიურეალისტური“ უწოდა: „საღამოს ჩემთან მოსაუბრეები მოსკოვთან პოტენციური მოლაპარაკების ფორმატზე მსჯელობენ, მომდევნო დილით კი გაჰყვირიან, რომ რუსეთთან არავითარი მოლაპარაკება არ იქნება“.

... უკრაინის არმიაში კი საბრძოლო მასალების უკმარისობაა

დასავლეთის ქვეყნებსაც თავიანთი შემზღუდავი პრობლემები აქვთ. პოლიტიკური ხასიათის სიძნელეების გარდა, არის სირთულეები ტანამედროვე შეიარაღების სისტემების მიწოდებაში - უკრაინას არ აძლევენ „ფანტომ-16“ (F-16) ტიპის ავიაგამანადგურებლებს და 300 კილომტრზე მეტის რადიუსის მქონე ATACMS-ის რაკეტებს. მწვავედ დგას საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის დეფიციტის საკითხი.

ამჟამად უკრაინელი არტილერისტები თვეში უფრო მეტ 155-მილიმეტრიან ჭურვებს ხარჯავენ, ვიდრე ამერიკას მათი ყოველწლიურად წარმოება შეუძლია. მართალია, დასავლეთი ინვესტიციებს დებს ახალი საწამოოო სიმძლავრეების შექმნაში, მაგრამ ამას საკმაო დრო ჭირდება.

საბრძოლო მასალები ჰაერიდან ნამდვილად ვერ დამზადდება, საფრანგეთი კი ევროკავშირის ქვეყნების მიღმა მათი შესყიდვის შესაძლებლობას ბლოკავს. ხმამაღალი დაპირებების შემდეგ კიევი იძულებული ხდება დაიწყოს შეტევა რომელიმე ამბიციურ სამიზნეზე, მაგალიტად, მელიტოპოლზე, რომელიც საავტომობილო და სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს. ამ ქალაქის გათავისუფლება და აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლა „გადაჭრის“ იმ სახმელეთო დერეფანს, რომელიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს.

რა თქმა უნდა, მოსკოვში სავარაუდო კონტრშეტევის შესახებ იციან და თავის მხრივ, რუსებიც ემზადებიან უკრაინელების დასახვედრად. უკრაინელების შეფასებით, რომელსაც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რუსეთის არმიის დანაკარგები ბოლო დროს თითქმის ერთი მესამედით შემცირდა. კოსმოსიდან თანამგზავრების მეშვეობით გადაღებული ფოტოსურათებზე ჩანს რუსების მიერ გათხრილი დიდი ტრანშეები და გამაგრებული პოზიციები უკრაინელთა შეტევის სავარუდო მიმართულებით, სამხრეთისაკენ.

არ არის გამორიცხული, რომ კიევი დარტყმას სხვა ადგილებში განახორციელებს,  მაგალითად, დონეცკისაკენ, მაგრამ ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ექნება: ბრძოლას, დიდი ალბათობით, მძიმე ხასიათი ექნება, მისი პრაქტიკული სარგებლობა კი - საკმაოდ მცირე.

პუტინიც შეზღუდულია ვარიანტების არჩევაში...

პრობლემები რუსებსაც აქვთ - მათაც არ ჰყოფნით საბრძოლო მასალები და ზუსტი დამიზნების რაკეტები. უფრო მეტიც - ვლადიმერ პუტინს წარმატებებეის მიღწევა სურს, მაგრამ რაც უფრო აგრესიულია რუსეთის ოპერაციები, მით უფრო მეტი დანაკარგები აქვს რუსეთის არმიას და მით უფრო სწრაფად აღმოჩნდება იგი ძნელი არჩევანის წინაშე, თუ რით შეავსოს ცოცხალი ძალა, რით ჩაანაცვლოს დაღუპულები და დაჭრილები.

დანაკარგების შესავსებად საჭირო გახდება ან ახალწვეულების გაგზავნა ფრონტზე, ან შედარებით უფროსი ასაკის მოქალაქეთა შორის ახალი მობილიზაციის გამოცხადება. კრემლმა იცის, რომ ორივე ვარიანტი მოსახლეობაში არაპოპულარული იქნება და ამიტომ ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტილები მიღებას არ ჩქარობს, განსაკუთრებით მიმდინარე წლის სექტემბერში დანიშნული რეგიონული არჩევნების წინ.

ამრიგად, სანამ უკრაინელი „ქორები“ (ანუ ძალები, რომლებსაც ვოლოდიმირ ზელენსკი გარკვეულწილად ვერ აკონტროლებს) პრეზიდენტს შეტევისაკენ უბიძგებენ, მოსკოვი იძულებულია თავდაცვისათვის მოემზადოს იმ იმედით, რომ უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევის ნებისყოფა დაუქვეითდებათ და დასავლეთიც აღარ იქნება მზად უკრაინის ომი დააფინანსოს. ეს პრაქტიკულად ერთადერთი სტრატეგიაა, რომელიც შეიძლება ვლადიმერ პუტინმა მიიღოს.

...ჩინეთი კი ყველა შემთხვევაში მოგებულია

რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს მრისხანე განცხადებების მიუხედავად, მოსკოვის საერთაშორისო როლი და გავლენა მცირდება .

კრემლი ტავს იკავების ნატოს მისამართით პირდაპირი პროვოკაციებისაგან, მაგალითად, არ ბომბავს უკრაინაში დასავლური იარაღის შეტანის გზებს და მარშრუტებს. მაშინაც კი, როცა რუსეთის ავიაცია ჰაერში იყო გაბატონებული, მფრინავები ერიდებოდნენ უკრაინის დასავლეთ საზღვრებთან მიახლოებას, რათა შემთხვევით ნატოს საჰაერო სივრცეში არ შეჭრილიყვნენ.

სერგეი ლავროვმა გაეროში გასულ ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ნატო „რუსეთის დაშლას ცდილობსო“, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვისაგან თანდათანობით იმ ქვეყნებმაც კი პირი იბრუნეს, რომლებიც ადრე კრემლთან მეგობრობდნენ. დღეს ის სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც რუსეთი მეორეხარისხოვნად თვლიდა, ცდილობენ,  რომ შექმნილ სიტუაციაში რუსეთის სურვილებს ვეტო დაადონ ან უფრო მაღალი ფასი მოითხოვონ მოსკოვისადმი თავიანთი დახმარებისათვის - მაგალიტად, თურქეთი და ირანი, რომლის დახმარებით კრემლი სანქციებს თავს არიდებს და „ალტერნატიული იმპორტით“ ინაზღაურებს დასავლურ ემბარგოთი მიყენებულ დანაკლისს.

რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ომი და რაც უფრო მეტი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას, ამით სულ უფრო მეტად ისარგებლებს ჩინეთი: პეკინი ძალას იკრებს. კრემლისათვის სასიხარულო ერთობლივი კომუნიკეს მიუხედავად, რომელსაც ხელი სი ძინპინის მოსკოვური ვიზიტის დროს მოეწერა, პეკინი კრემლს ძველებურად უარს ეუბნება იარაღის მიწოდებაზე და უსიტყვო პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომლის მიღება ვლადიმერ პუტინს სურს.

ამის ნაცვლად ამხანაგმა სიმ მოსკოვი ღიად აიძულა ბირთვული მადა შეეკავებინა, ხოლო რამდენიმე დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკის მთელი ერთი საათი ესაუბრა ტელეფონით.

იმ დროს, როცა მოსკოვს და კიევს მნიშვნელოვანი ტაქტიკური თავისუფლება აქვთ, ისინი სტრატეგიულად შეზღუდულნი არიან. უკრაინა იძულებულია მსხვილი შეტევა განახორციელოს, რუსეთმა კი მას გამარჯვების იმედი წაართვას.

წყაროები: https://www.bbc.com/russian/features-65414103;

 

https://www.thetimes.co.uk/article/ukraine-isn-t-ready-for-its-big-offensive-but-it-has-no-choice-b7qrq3vcr

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати