კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტი, რომლის მონაწილე მხარეები საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და თურქმენეთი არიან, უკვე მზადაა. ამის შესახებ აზერბაიჯან-რუმინეთის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ქვეყნის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე სამირ მამედოვმა განაცხადა, რასაც სააგენტ Trend ავრცელებს.
ამჟამად პროექტი მხარეთა განსახილველად არის წარდგენილი.
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტი, კასპია-შავი ზღვა 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, აშხაბადში გამართულ ექსპერტთა შეხვედრაზე იქნა ინიცირებული, რომელშიც ამ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მარშრუტი კასპიის ზღვის გავლით თურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე გადის, შემდეგ კი რკინიგზით საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით და იქიდან რუმინეთამდე გრძელდება.
პროექტის შემუშავება შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ ბუქარესტის დეკლარაციით იქნა გათვალისწინებული, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში მოაწერეს ხელი. დეკელარაციაში ხაზგასმულია ამ მარშრუტის „მნიშვნელობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და რომ ცენტრალურ აზიასთან ევროპის ორი ზღვით დაკავშირება არის უმოკლესი და ყველაზე ეკონომიური მარშრუტი არსებულ სატრანსპორტო ქსელებში.“
ამასთან, დეკრალაციის თანახმად, „პროექტში ევროკავშირის წევრი ქვეყნის, რუმინეთის ჩართვა ხელს შეუწყობს ამ სატრანსპორტო მარშრუტში ევროკავშირის შემდგომ აქტიურ მონაწილეობას.“
მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტექნიკურ ასპექტებზე შეთანხმდება, ასევე, პროცედურების ოპტიმიზაციას, ტარიფების ჰარმონიზაციასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას შეუწყობს ხელს.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე რეგიონებში, ანუ შავი ზღვის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით კავშირს გააღრმავებს, რაც აზიასთან ევროპის დასაკავშირებლად მეტად მნიშვნელოვანია.
„მათი გეოგრაფიული პოზიციიდან გამომდინარე, რუმინეთის პორტი კონსტანცა და საქართველოს პორტები, ბათუმი და ფოთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონული კავშირის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, ასევე, ორ სანაპირო სახელმწიფოს შორის ვაჭრობის განვითარებაში,“- განუცხადეს Trend-ს უწყებაში.
სამინისტროში, ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი, რომელიც ერთმანეთთან რუმინეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს დააკავშირებს. უწყების შეფასებით, „ეს საკაბელო ხაზი დადებითად აისახება რუმინეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის მონაცემთა გაცვლის განვითარებაზე.“
სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ვაჭრობის, მობილობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობასა და რეალური ბიზნესშესაძლებლობების გახსნას.“
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.