USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Tbilisi
«Cumhuriyet» (თურქეთი): „აშშ-ის გეგმები „შუა დერეფნის“ მიმართ“ // რატომ არ არის საქართველო „შუა დერეფნის“ ამერიკულ ვერსიაში?
Date:  1393

თურქული გაზეთი „ჯუმჰურიეთი“ (Cumhuriyet) აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-ის გეგმები „შუა დერეფნის“ მიმართ“ (ავტორი - მეჰმედ ალი გიულერი), რომელშიც განხილულია  ამერიკის უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზები თურქეთ-ჩინეთის თანამშრომლობისა და „შუა დერეფნის“ მიმართ. „აშშ საქართველოს „შუა დერეფნის“ მონაწილედ არ განიხილავს“, - ნათქვამია მასალაში და იქვე ამის მიზეზებიც არის განმარტებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკისათვის საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარი ისაა, თუ სად მიდის და რაში იხარჯება მისი ფული - იგულისხმება მილსადენებისა და დერეფნების შექმნა.  დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვა და პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობა ვაშინგტონისათვის მხოლოდ ერთგვარ შირმას და ინტრუმენტებს წარმოადგენს - შოლტს, რომელსაც თეთრი სახლი ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკის მისთვის სასურველი მიმართულებით წარმართვისათვის იყენებს.

მაგალითად, რატომ ცდილობს აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელშეკრულების დადებას კავკასიაში რუსეთთან მოთათბირების გარეშე? რატომ დაემუქრა ვაშინგტონი საქართველოს, რომ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ არ მიეღო და რატომ გაცივდა აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ?

ჩვენ ამ თემაზე ამას წინათაც ვისაუბრეთ სტატიაში „აშშ-ის გეგმები შავი ზღვისა და კავკასიის მიმართ“. ვთქვით, რომ ამერიკამ ნატოს საიუბილეო სამიტზე ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანიც მიიწვია. ავღნიშნეთ ასევე ის, რომ სომხეთის იმავე სამინისტროში პენტაგონის წარმომადგენელიც იმუშავებს და ხაზი გავუსვით, რომ აშშ ცდილობს რუსეთს სამხრეთის ფრონტი გაუხსნას და „რუსეთ-თურქეთ-ირანის სამკუთხედში“ ჩაეჭედოს. ბოლო დროს ცნობილი გახდა დამატებითი ფაქტები.

რა შესთავაზა ამერიკამ უზბეკეთს და ყახაზეთს?

ორი თვის წინათ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ქეთრინ თაი ყაზახეთში და უზბეკეთში იმყოფებოდა. მის ქეისში იყო საქაღალდე ალტერნატიული „შუა დერეფნის“ შესახებ. აშშ-ის წარმომადგენელმა მასპინძლებს ახალი სავაჭრო დერეფნის შექმნის პროექტი გააცნო, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებდა, კავკასიის (აზერბაიჯან-საქართველოს) და თურქეთის გავლით. პრინციპში, ეს ახალი წინადადება არ არის, „შუალედურ დერეფანზე“ ადრეც ბევრჯერ იყო საუბარი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ვაშინგტონმა ასტანას და ბიშკეკს ურჩია - მოსკოვისა და პეკინისკენ მზერის ნაცვლად, მხოლოდ ვაშინგტონისა და ბრიუსელისაკენ იყურეთო.

ამერიკამ მიზნად დაისახა სტრატეგიული ამოცანის შესრულება - „გადაჭრას“ ჩინეთის პროექტი (ინიციატივა) „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ და მისი მიმართულება რიგ რეგიონებს ჩამოაშოროს. გავიხსენოთ, რომ გასულ წელს, ჩინეთის ინიციატივის საწინააღმდეგოდ, ამერიკამ ეკონომიკური დერეფნის „ინდოეთ-ახლო აღმოსავლეთ-ევროპის“ პროექტი წარმოადგინა, მაგრამ ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების გამო ის თაროზე იქნა შემოდებული. ახლა ამერიკა  გეგმავს „ცენტრალური აზია - კავკასია-ევროპის“ დერეფანს, რომელიც მიმართულია როგორც „ერთი სარტყელი - ერთი გზის“, ასევე  უკვე არსებული იმ „შუა დერეფნის“ წინააღმდეგ, რომელშიც თურქეთსა და ჩინეთს შორის მოქმედებს.

აშშ და ჩინურ-ქართულ-თურქული „შუალედური დერეფანი“

გასულ კვირაში აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში - სენატში გაიმართა მოსმენები თემაზე „ევროპის მომავლის“ შესახებ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა თავის გამოსვლაში ზემოთ ხსენებულ დერეფანზეც ისაუბრა - პროექტის მიხედვით, დერეფანი დაიწყება ცენტრალურ აზიაში, გაივლის აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიას, თურქეთს და მიაღწევს ევროპას. ჯეიმს ო’ბრაიანს საქართველო არ უხსენებია, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმი შეთანხმდნენ საზღვრების დემარკაციის საკითხშიო. თუ ამ განცხადებას ქეთრინ თაის ორი თვის წინანდელ განცხადებას შევადარებთ, შევამჩნევთ, რომ ამერიკა ცდილობს „შუა დერეფანში“ საქართველო სომხეთით ჩაანაცვლოს.

საინტერესოა, რატომ არ არის ამ სავაჭრო დერეფანში საქართველო? რატომ სურს ამერიკას დააფინანსოს ქართული [ოპოზიციური] მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები და რატომ ეწინააღმდეგება ამას საქართველოს მთავრობა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებით? იმიტომ, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხელს უშლის ამერიკას ანტირუსული სამხრეთის ფრონტის გახსნაში, ეწინააღმდეგება ვაშინგტონის გეგმებს შავ ზღვასთან მიმართებით და უფრო მეტი - საქართველო ბედავს თანამშრომლობას ჩინეთთან შავ ზღვაზე. როგორც ცნობილია, ჩინეთი ამჟამინდელი „შუა დერეფნის“ ჩარჩოებში შავი ზღვის ნაპირზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ანაკლიის მსხვილი საზღვაო პორტის მშენებლობაში მონაწილეობს 600 მილიონი დოლარის ინვესტიციით.

თურქული სიგნალი ჩინეთს

ახლა შევეხოთ საკითხის თურქულ განზომილებას...

როგორც გახსოვთ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  ხაკან ფიდანი ივნისის დასაწყისში ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც მან ქვეყნის ხელისუფლებას ანკარის პოზიციები გააცნო და რიგი გეგმების შესახებ განცხადება გააკეთა. ფიდანის ვიზიტმა თურქეთის პოლიტიკური ელიტის პროატლანტიკური ფლანგის უკიდურესი შეშფოთება გამოიწვია - იმდენად, რომ იმ მასმედიასაც კი, რომელსაც მმართველი ძალა - ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია აკონტროლებს, ხაკან ფიდანის ეს განცხადება არ გაუშუქებია. პირიქით, მომრავლდა მასალები, რომლებშიც ჩინეთის პოლიტიკა იყო გაკრიტიკებული.

რა თქვა ხაკან ფიდანმა ჩინელებთან შეხვედრისას ისეთი, რის გამოც მედასავლეთეები ასე შეშფოთდნენ? აი, რა თქვა: „ამჟამად თქვენმა ინიციატივამ „ერთი გზა - ერთი სარტყელი“ და ჩვენს მიერ შემოთავაზებულმა „შუა დერეფანმა - „აღმოსავლეთი-დასავლეთი კასპიის ზღვის გავლით“ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენ ვესწრაფვით, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ „შუა დერეფნისა“ და „გზა-სარტყლის“ ერთმანეთთან ჰარმონიზაციისთვის და სხვა დერეფნებთან დასაკავშირებლად, მაგალითად, ერაყის „განვითარების გზის“ დერეფანთან“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშ თავისი ალტერნატიული „შუა დერეფნით“ ცდილობს ძირი გამოუთხაროს თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობას.

დასკვნის სახით ზოგიერთების საყურადღებოდ ვიტყვი: ის მოთამაშე, რომელიც ამერიკამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცენტრალურ აზიაში ღრმად შესასვლელად გამოიყენა, იყო ფეთულაჰ გიულენის მოძრაობა (შენიშვნა: ფეთულაჰ გიულენი - თურქი რელიგიური მქადაგებელი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტული ორგანიზაციის - FETÖ-ს (Fethullahçı Terör Örgütü) შექმნასა და ხელმძღვანელობაში, ასევე 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს).

წყარო: https://www.cumhuriyet.com.tr/yazarlar/mehmet-ali-guller/abdnin-yeni-orta-koridor-plani-2234658

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way