USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
«Cumhuriyet» (თურქეთი): „აშშ-ის გეგმები შავი ზღვისა და კავკასიის მიმართ“
თარიღი:  

თურქეთის გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ-ის გეგმები შავი ზღვისა და კავკასიის მიმართ“ (ავტორი - მეჰმეთ ალი გიულერი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ნატოს ამასწინანდელი ვაშინგტონის სამიტის შემაჯამებელი დასკვნითი დეკლარაციის ერთ-ერთი დებულება თურქეთის პროსამთავრობო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ შეფასდა როგორც თურქეთის მმართველი განვითარებისა და სამართლიანობის პარტიის წარმატებად. დეკლარაციის 31-ე პუნქტში  ნახსენებია 1936 წელს ხელმოწერილი მონტრეს კონვენცია, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სტატუსს ეხება.

საინტერესოა, რომ სიტყვებს „შავი ზღვის უსაფრთხოება და სტაბილურობა“ დამატებული აქვს „ნაოსნობის თავისუფლება“.

ამერიკის ხრიკები: შავი ზღვა ვაშინგტონის სამიზნეში

მაგრამ მონტრეს კონვენცია ხომ სწორედ ისეთი შეთანხმებაა, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ზღუდავს თავისუფალ ნაოსნობას სამხედრო ხომალდების შესვლას და მათ გადაადგილებას შავი ზღვის აკვატორიაში? სამხედრო ხომალდებისათვის შავ ზღვაში არ არის „თავისუფალი ნაოსნობა“, მაგრამ არის „შეზღუდული ნაოსნობა“.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აშშ-მა ძალიან კარგად იცის, მაგრამ მაინც ფიქრობს შავი ზღვის „თავისუფალ//ღია“ სტატუსზე. გავიხსენოთ, რომ ამერიკა 75 წლის განმავლობაში ეძებდა „ღია კარს“ იმ მიზნით, რომ „დაბრკოლების გარეშე“ შესულიყო შავი ზღვის აკვატორიაში.

უფრო მეტიც - აშშ-სათვის შავი ზღვა ითვლება სტრატეგიულ სამიზნედ, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ახალი რკინის ფარდისათვის“, რომლის დაშვებასაც ვაშინგტონი ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთამდე ცდილობს. სწორედ ამიტომაც აშშ-მა გაწაფულად და მიზანმიმართულად მონიშნა ეს მიზანი ნატოს კიდევ ერთ დეკლარაციაში ჯერ კიდევ უკრაინის კონფლიქტის დაწყებამდე.

დღევანდელი მოვლენების უკეთ გაგებისათვის გავიხსენოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2021 წლის 14 ივნისი დეკლარაცია, რომელშიც, აშშ-ის ინიციატივით, დამატებული იქნა ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პუნქტი:

ა) ნატოს წევრებმა უნდა განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები - განსაკუთრებით სამხედრო სფეროში - უკრაინასთან და საქართველოსთან, მათი ალინსში გაწევრიანების ჩათვლით.

ბ) ნატომ უნდა გააფართოვოს თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში - ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო სივრცეში.

საქართველოს სომხეთი ანაცვლებს?

დასავლეთის ფრონტს, რომელიც ამერიკამ რუსეთს უკრაინაში გაუხსნა, ვაშინგტონი ცდილობს სამხრეთის ფრონტიც დაამატოს - კავკასიის რეგიონში, მაგრამ ამერიკა ამას ვერა და ვერ ახერხებს. უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის გეგმები გამოიხატებოდა სამშობლოში ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზებაში, მაგრამ თბილისმა ენერგეიული ზომები გამოიყენა და ექს-პრეზიდენტის განზრახვებს ბოლო მოუღო. პერსპექტივაში ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისათვის - სააკაშვილის ჩანაფიქრის მსგავსი მცდელობები რომ არ მომხდარიყო - ქვეყნის მთავრობამ მიიღო კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“.

ახლა ამერიკა ცდილობს სომხური კარტები გაათამაშოს: ერევნის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მიწვეული იყო ნატოს სამიტზე ვაშინგტონში. შემდეგ დადგა საკითხი, რომ აშშ-ის არმიას - პენტაგონს - თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უზრა ზეიამ ეს ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-სა და სომხეთს შორის „ახალი სტრატეგიული ეტაპი“ იწყებაო.

ამით ამერიკას ორმაგი მიზნის მიღწევა აქვს განზრახული: პირველი - გახსნას სამხრეთი ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ და მეორე - სოლივით ჩაეჭედოს ასტანის სამკუთხედში (თურქეთი-რუსეთი-ირანი).

ამ კონტექსტში ასევე საყურადღებოა ერთი ფაქტიც: ამერიკამ ახლახან დააფიქსირა თავისი პოზიცია ანკარასა და დამასკოს (თურქეთ-სირიის) შორის ურთიერთობების მოგვარების მიმართ, რომელიც ასტანის სამკუთხედის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს: სახელმწიფო დეპარტამენტის ღია განცხადებით, „ვაშინგტონი მხარს არ უჭერს იმ ძალისხმევას, რომელიც თურქეთ-სირიის ურთიერთობების ნორმალიზებისკენაა მიმართული“.

ორი რეგიონული ნაბიჯის აუცილებლობა

გასაგებია და აშკარაა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პირობებში: პირველი - უნდა დაჩქარდეს ანკარა-დამასკოს ურთიერთობის ნორმალიზება [და ამ მიზნით დელეგაციების მოლაპარაკება, რომელის შემდგომი ეტაპი იქნება რეჯეფ ერდოღანისა და ბაშარ ასადის შეხვედრა]; მეორე - რეალურად განხორციელდეს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა ფორმატით „3+3“ (თურქეთი-რუსეთი-ირანი, პლუს აზერბაიჯანი-სქართველო-სომხეთი).

როგორც ვხედავთ, ნატოში თურქეთის წევრობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ალიანსს ანკარა თავის სამიზნეში ჰქონდეს ამოღებული...

მოკლედ, წინ - არა ნატოს შიგნით, არამედ მის გარეთ!

წყარო: https://www.cumhuriyet.com.tr/yazarlar/mehmet-ali-guller/abdnin-karadeniz-kafkasya-plani-2229164

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.