USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
ულტრამემარჯვენე გაერთიანება „ალტერნატივა გერმანიისთვის" წინააღმდეგ ბერლინში აქციაზე 150 ათასი ადამიანი გამოვიდა
дата:  

ბერლინში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ აქციაზე 150 ათასი ადამიანი გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წვიმის მიუხედავად ბერლინში რაიხსტაგის შენობასთან ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიისა და მემარჯვენე ექსტრემისტების წინააღმდეგ აქციაზე 150 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

შაბათს დილით 150 ათასი დემონსტრანტის შეკრების შესახებ ინფორმაცია პოლიციის პრესმდივანმა ანია დირშკემ გაავრცელა. თავად აქციის ორგანიზატორებმა 300 ათასი დემონსტრანტის შესახებ განაცხადეს. ბერლინის გარდა საპროტესტო აქციებმა ასევე ჩაიარა დრეზდენსა და ჰანოვერში.

აქციას „ტვიტერის“ პირად გვერდზე მიესალმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

„აიზენახში, ჰომბრუგში თუ ბერლინში: ქვეყნის მასშტაბით პატარა და დიდ ქალაქებში ბევრი მოქალაქე ერთად იკრიბება, რათა პროტესტი გამოხატოს დავიწყების, სიძულვილისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ - მათ შორის ამ შაბათ-კვირასაც. ძლიერი სიგნალი დემოკრატიის და ჩვენი ძირითადი კანონისთვის“, - წერს შოლცი.

ცნობისთვის, სამი კვირის განმავლობაში გერმანიის მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი იკრიბება ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ აქციებზე. აქციებისთვის ბიძგი 10 იანვარს მედიაკომპანია Correctiv-ის მიერ გავრცელებული მასალა გახდა, რომლის თანახმადაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები ექსტრემისტებთან შეხვედრაზე განიხილავდნენ იმიგრანტებისა და „არაასიმილირებული მოქალაქეების“ ქვეყნიდან გაძევებას.

общество
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати