- რუსები აცხადებენ რომ ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია ვერ ხერხდება და რომ უკრაინელები წინ მიიწევენ. წინსვლაა სუჯას სამხრეთით მდებარე ბელოვსკის რაიონში. უკრაინელებმა დასახლება გირიმდე მიაღწიეს და სწრაფად გადაადგილდებიან კიდევ უფრო სამხრეთით, უშუალოდ ბელაიასკენ. გირის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კიდევ ერთი დასახლება სახელად ბელიცა ესაზღვრება. ზუსტად არ კონკრეტდება უკრაინელები როგორ გამოჩნდნენ გირში. შეგვიძლია ორი შესაძლო მარშრუტზე ვიმსჯელოთ: 1. გუშინ როდესაც უკრაინელებმა ახალი მიმართულებით გადაკვეთეს საზღვარი - ახლა კი მიაღწიეს დასახლებას; 2. სუჯა-ბელაიას გზას მიუყვებიან და გზად შევიდნენ გირში. ამ შემთხვევაში ბელიცას გავლაც მოუწევდათ. ორივე ვარიანტი დასაშვებია და რაც მთავარია არ არის ურთიერთგამომრიცხავი, რადგან სწორედ გირთან შეიძლება იყოს სუჯასა და საზღვრიდან გადმოსული უკრაინული დანაყოფების შეხვედრის წერტილი. ალბათ მეტი რამ უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მცირე შენიშვნა: ბელაია და ბელიცა სხვადასხვა დასახლებაა.
- სუჯას მომიჯნავე კორენოვოს რაიონში საბრძოლო მოქმედებები ძალიან ინტენსიურია. შეტაკებები გრძელდება უშუალოდ დასახლება კორენოვოში, თუმცა დასახლების ჩრდილო-დასავლეთიდან უკრაინელებმა მისი შემოვლა დაიწყეს.
- რუსები წერენ რომ უკრაინელებმა დაკავებულ ტერიტორიებზე ფორტიფიკაციებისა და სანგრების მშენებლობა/თხრა დაიწყეს. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიის ხანგრძლივ ფლობაზე შეიძლება ჰქონდეთ გათვლა.
- უკრაინულმა დანაყოფებმა საზღვარი ბელგოროდისა და კურსკის ოლქის მომიჯნავედ კიდევ რამდენიმე წერტილში გადაკვეთეს და დასახლება კოლოტილოვკას მიაღწიეს, რის გამოც რუსებმა ბელგოროდის ოლქის რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. პირველ რიგში ეს კრასნოი არუჟსკის რაიონს ეხება.
- რუსეთში მოქმედმა წინააღმდეგობის ქსელმა (კრემლის მოწინააღმდეგე პრო-უკრაინულმა ძალებმა) ვოლოგდას ოლქში რკინიგზის ლოკომოტივი ააფეთქეს. შეგახსენებთ, რომ რუსების სამხედრო-ლოჯისტიკა რკინიგზაზეა აგებული. ყველა ასეთი ინციდენტი ურთულებს რუსეთს ომის ეფექტურად წარმოების საშუალებას. ზოგადად, შემთხვევებიდან გამომდინარე იკვეთება რომ კრემლის მოწინააღმდეგე დივერსიული ქსელი ბელარუსსა და რუსეთში აქტიურად არსებობს.
- უკრაინული დრონები აქტიურად ნადირობენ რუსულ ლოჯისტიკურ მანქანებზე. სატვირთოების დაბომბვა კურსკის ოლქში ცენტრალური გზების გასწვრივ მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გამოთქმაა: ბრძოლებს იგებენ სამხედროები, ომს კი ლოჯისტიკა. მომარაგების გარეშე სამხედროს მდგომარეობა ძალიან მძიმე იქნება.
- ამ მხრივ უკრაინელებს ძალიან გამართული აქვთ ლოჯისტიკური და სამედიცინო ქსელი. ხდება დაზიანებული ტექნიკის გამოყვანა, აქტიური სამედიცინო მომსახურების გაწევა დაჭრილებისათვის, დროულია საკვების თუ საწვავის მიწოდება და ასე შემდეგ.
- უკრაინელებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე, დასახლება გლუშკოვოსთან დაბომბეს ხიდი. მათი მიზანი რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიების მოწყვეტაა დანარჩენი კურსკის ოლქიდან. ხიდი დაზიანდა მაგრამ არ ჩანგრეულა. არაა გამორიცხული უკრაინელებმა კიდევ გაიმეორონ იერიში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა ტეტკინოს მიმართულებაზე ისედაც გადაკვეთეს საზღვარი.
- რუსული ძალების გადასროლა საკმაოდ ნელა მიმდინარეობს ამა თუ იმ მონაკვეთზე. უკრაინული წარმატების ერთ-ერთი ფორმულა ისიცაა, რომ შეტევის მიმართულება რამდენიმე წერტილად აქვთ დაყოფილი, რაც რუსებს აიძულებს ყველა მათგანს დიდი დრო დაუთმონ და თან ისე, რომ არცერთ მათგანზე არ აქვთ მოწყობილი ზღუდეები.
- პუტინი 48 საათი არ ჩანდა. შემდეგ გამოჩნდა და სამხედრო ფორუმისა და იარაღის გამოფენის გახსნა მიულოცა რუსეთს. როგორც წყალქვეშა ნავი "კურსკის" ჩაძირვისას პუტინი დისტანცირებას ცდილობდა ისე ცდილობს იგი ამ წარუმატებლობისაგან დისტანცირებას. არადა ზოგიერთი პროპაგანდისტი და სამხედრო ექსპერტი ჩივის, საყოველთაო მობილიზაციის გარეშე არ იქნება უკრაინელთა შეჩერება და ამ ტერიტორიების დაბრუნება ადვილიო.
- ახლანდელი მდგომარეობით უკრაინელებს დაახლოებით 1000-1200 კვადრატული კილომეტრი აქვთ რუსეთის ტერიტორიის გათავისუფლებული. პერსპექტივაში რომ ავხსნათ: დაახლოებით ახალგორის რაიონის სიდიდის ტერიტორიაზეა საუბარი. ამასთან ბოლო 48 საათია უკრაინელები უფრო საზღვრის გასწვრივ და ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებაზე აფართოებენ პლაცდარმს ვიდრე სიღრმეში.