USD 2.7263
EUR 3.1870
RUB 3.4187
Tbilisi
უკრაინელ პოლიციელს, რომლის გასროლასაც ჯუმბერ სილოგავა ემსხვერპლა 2-თვიანი შინაპატიმრობა შეეფარდა
Date:  689

უკრაინის ქალაქ დნიპროს რაიონულმა სასამართლომ პოლიციელს, რომლის გასროლასაც ჯუმბერ სილოგავა ემსხვერპლა, აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებული პოლიციელისთვის 60 დღით პატიმრობას ითხოვდა გირაოს შეტანის უფლების გარეშე, დაცვის მხარე კი დაკავებულისთვის შინაპატიმრობის ან გირაოს შეფარდების ინიციატივით გამოვიდა.

პოლიციელი, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება, წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

„ბრალდებას საერთოდ არ ვეთანხმები“, - განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე ონლაინ ჩართვისას.

მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენა, რაც ყველა შესაძლო საშუალებას მიმართა საკუთარი სიცოცხლის დასაცავად.

დაკავებულის ადვოკატის იულია სეგედას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება და დაჟეჟილობები აღენიშნება და სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს.

მისივე თქმით, წარდგენილი ბრალდება არაგონივრულია.

„ადამიანი დაადანაშაულო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და ამ დროს, არ გამოიძიო და არ დაადგინო ელემენტარულიც კი - მოვლენები, რომლებიც 10 წუთში ეტევა, ჩემი აზრით, ძალიან ზედაპირული მიდგომაა და ბრალდება, ჩემი შეხედულებით, არ არის გონივრული“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 29 აგვისტოს, პოლიციელთან შელაპარაკების დროს, პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ჯუმბერ სილოგავა დაიღუპა. არსებული ცნობით, პოლიციის ორმა თანამშრომელმა „იაგუარის“ მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც 38 წლის ჯუმბერ სილოგავა, მისი ყოფილი მეუღლე და მათი ორი შვილი იმყოფებოდნენ, მოძრაობის წესების დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის გააჩერეს. ამის შემდეგ, სამართალდამცველებსა და მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელმა იარაღი გამოიყენა. სილოგავა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიების სახელმწიფო ბიუროში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლმა უგულებელყო საგზაო მოძრაობის წესების კანონიერი მოთხოვნები, იქცეოდა აგრესიულად და აღენიშნებოდა სიმთვრალის ნიშნები.

ამის შემდეგ ქსელში პატრულისა და სილოგავას დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პოლიცია ქალის მანქანიდან გადმოყვანას ცდილობდა, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ სილოგავასა და პატრულს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც პოლიციელის მხრიდან გასროლა მოჰყვა.

ეროვნულმა პოლიციამ შიდა გამოძიება დანიშნა და ორივე პატრულის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სილოგავა შესაძლოა ერთ-ერთი გავლენიანი ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფის წევრი ყოფილიყო. ასევე ცნობილი გახდა, რომ ის უკრაინაში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.

analytics
13.08.2025 - საბრძოლო მოქმედებების მიმოხილვა დონეცკის ოლქში - გიორგი კობერიძე
ალასკის კონფერენციამდე რუსები დიდი მსხვერპლისა და ტექნიკის განადგურების ხარჯზე დაწოლას ახორციელებენ უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ და მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის დაკავებას ცდილობენ. კრემლი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებისას რაც უფრო უკეთესი პოზიცია გაქვს სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ადვილად შეგიძლია მოითხოვო პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
ფრონტის ხაზი დონეცკის ოლქში პირველი მსოფლიო ომის ვითარებას მოგვაგონებს. სანგრები, სპეციალური ფორტიფიკაციები და საარტილერიო ჭურვების დაცემისაგან გაკეთებული კრატერები გვხვდება განსაკუთრებით პოკროვსკისა და დობროპოლიას მონაკვეთზე.
- რუსებმა წარმატებული გარღვევა განახორციელეს პოკროვსკის ჩრდილოეთით, დობროპილიას სიახლოვეს. ამ ყველაფერს ჯერ მასირებული საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა უძღოდა წინ, შემდეგ გვერდი აუარეს რამდენიმე უკრიანულ საყრდენ პუნქტს და ბოლო ერთ კვირაში დაახლოებით 10 კილომეტრი წაიწიეს წინ, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა ომის მოცემული დინამიკიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს დივერსანტებისა და მცირე ჯგუფების შეტევას ჰგავდა, როგორც ჩანს რუსებმა საკმაოდ დიდი ძალები ჩართეს ამ გარღვევის განსახორციელებლად.
 
- ამის საპირისპიროდ და რუსული გარღვევის შესაკავებლად გუშინ უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რამაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. კონტრშეტევაში ჩაბმულია აზოვის ბრიგადაც. რუსები საკმაოდ დიდ ფსონს დებენ ამ გარღვევაზე და ცოცხალი ძალის შტურმითა და საარტილერიო დარტყმებით ცდილობენ უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლას, თუმცა მათი მხრიდან გარღვევის ვიწრო ყელი 5 კილომეტრია, რაც უკრაინელთა მხრიდან გადაჭრისა და მათი დატყვევების საშუალებას ქმნის.
 
დეტალები რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი (თუმცა გარკვეული პოზიტიური სიგნალები და რუსი ტყვეების შესახებ ინფორმაცია არის, მაგრამ სრულ სურათში როგორია ვითარება ნაადრევია თქმა). თუკი რუსული შეტევა ჩავარდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დემორალიზების წყარო გახდება. შესაძლოა ვიხილოთ ტყვეებიც. წარმატების შემთხვევაში კი მათი მხრიდან დობროპილიასათვის საფრთხის შექმნა ან ფორტიფიცირებულ უკრაინულ ქალაქ დრუჟკივკასაკენ გადახვევა გამორიცხული არ იქნება, ისევე როგორც კრამატორსკი-დობროპილიას გზის გადაჭრის საშუალებაც.
 
- უფრო სამხრეთით, რუსები ცდილობენ დობროპილია-პოკროვსკის მომარაგების ხაზი გადაჭრან. პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაციისაკენ მაგისტრალური ორი მთავარი გზა მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ რუსები მათ აქტიურად ბომბავენ, უკრაინელები მაინც ახერხებენ ორივე მათგანის შენარჩუნებას და ტვირთების გატარებასაც. რუსული მომარაგება ძირითადად რკინიგზით ხდება, ხოლო შეტევისას ისინი სამანქანო გზებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს მიუყვებიან. საბრძოლო წარმატება მომარაგებაზეცაა დამოკიდებული. უკრაინული დრონები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ სექტორში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსების შეტევის სისწრაფესა და მათი ლოჯისტიკისათვის საფრთხის შექმნას. იმავეს ცდილობენ რუსებიც.
 
- დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპილიას გარდა, უკრაინას ოთხი მთავარი ქალაქი აქვს ფორტიფიცირებული: კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამ ქალაქების აქტიური ფორტიფიცირება 2022 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შეტაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსი ბანდფორმირებები აღნიშნული დასახლებებიდან ბრძოლით გაყარეს და შემდეგ უკრაინული თავდაცვის ზღუდეები შეიქმნა აქ. სანამ ეს ქალაქები დგას, მანამდე დონეცკის ოლქის უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკრაინელთა ხელში რჩება. ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში არამხოლოდ დონეცკის ოლქს იგდებენ რუსები ხელში, არამედ დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინასაც დაემუქრება საფრთხე.
 
სწორედ ამ ქალაქების დათმობას სთხოვს რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების წინაპირობად. ანუ ჯერ დათმე ეს ქალაქები და მერე შევძლებთ მოლაპარაკებებსო. და თან ეს ყველაფერი ზაპორიჟიას, ხერსონისა და ლუგანსკის ოლქების დათმობასთან ერთად. თავი რომ დავანებოთ დანარჩენ რეგიონებს, ამ ოთხი ფორტიფიცირებული ქალაქის დაკარგვა, უკრაინის უსაფრთხოებისათვის ძალიან სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა. დნიპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადამდე დიდი დასახლება აღარცაა. შესაბამისად, ის, რასაც რუსები ითხოვენ, უკრაინული უსაფრთხოების სისტემისათვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
 
- შედარებით უკეთესი სიტუაციაა სლოვიანსკის აღმოსავლეთით, ლიმანის მიმართულებაზე, ლუგანსკის ოლქის მომიჯნავედ, სადაც უკრაინელებმა რუსეთის მხრიდან წარმოებული რამდენიმე მასირებული შეტევის მოგერიების შემდეგ თავად დაიწყეს ჯერჯერობით ლოკალური კონტრშეტევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუკი წელს კონტრშეტევა იქნება, უკრაინელებმა სწორედ ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გააკეთონ აქცენტი კვლავ. ეს პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება და სამხედრო თვალსაზრისითაც. პოლიტიკურად იმიტომ, რომ იმ რეგიონში დაბრუნდება საბრძოლო მოქმედებები, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს (თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს), ხოლო სამხრედრო თვალსაზრისით იმიტომ, რომ ამ რეგიონს ახლა რუსული საუკეთესო ნაწილები არ იცავენ, თუმცა მომარაგების ხაზების ნაწილი სწორედ მასზე გადის, ისევე როგორც სამეთაურო პუნქტები (კრემინასა და ლისიჩანსკში). შეტევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი ხარკივის ოლქში, ქალაქ კუპიანსკისაც მოეხსნება საფრთხე. თუმცა 2022 წლის ბოლოდან ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი საკმაოდ ფორტიფიცირებულია რუსეთის მიერ.
 
- რაც შეეხება მოლაპარაკებებს. ტრამპის რიტორიკა ტერიტორების დათმობა-გაცვლასთან დაკავშირებით რას გულისხმობს არაა ნათელი, მაგრამ უკრაინა და ევროპა მას ვერ დასთანხმდება. ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის არამხოლოდ პოლიტიკურად იქნება ძალიან მძიმე დარტყმა საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, არამედ შეაჩერებს თუ არა ომს ესეც საკითხავია, რადგან რუსეთი უბრალოდ არ აღიარებს უკრაინის უფლებას იყოს სუვერენული სახელმწიფო. ამასთან ცნობილია რომ 2003 წელს უკრაინა-რუსეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დაიდო, რომელზეც რუსეთის მრიდან პუტინმა მოაწერა ხელი, მაგრამ რატიფიცირებიდან 10 წელიწადში თავადვე დაარღვია ის - რუსული სტილია ის, რომ ის ომს იწყებს და არღვევს შეთანხმებებს მაშინვე, როდესაც ის თავს ძლიერად იგრძნობს. დღეს კი უფრო სწრაფად ვითარდება მოვლენები. შესაბამისად, დაპყრობითი ომის წარმატება მიეცეს რუსეთს და უკრაინამ სანაცვლოდ უსაფრთხოების გარანტია თუ ვერ მიიღო, ეს უკრაინასთან ერთად ევროპის (და ჩვენი) უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლაც იქნება.
 
ევროპელები და უკრაინელები მოლაპარკებების წინაპირობად უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ასახელებენ, რომლის უარყოფის შემთხვევაშიც რუსეთს ტოტალური სანქციები უნდა დაედოს.
 
2018 წელს როდესაც პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა შედგა ჰელსინკიში ისე ჩანდა თითქოს პუტინი უფრო მძლავრად გამოიყურებიდა, ტრამპი კი დაბნეული იყო, მაგრამ მალევე შეიცვალა ვითარება და რუსეთმა ამ შეხვედრიდან ბევრი ვერაფერი მიიღო გარდა პოლიტიკური კაპიტალისა. შესაძლოა ახლაც იგივე სურათი ვიხილოთ.
 
თუმცა აშშ-ს ძალიან გამოცდილი დიპლომატი და ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ ტრამპი ახლა უფრო სერიოზულად ემზადება შეხვედრისათვის, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყოო. მან იცის, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება მისი პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობაც კი განსაზღვროსო, თუმცა ძალიან სერიოზული პრობელმაა ის, რომ ტრამპს ახლა შეთანხმება უფრო უნდა ვიდრე მაგიდაზე ხელის დაკვრაო. მიუხედავად ამისა, შეიძლება ტრამპს არ მოუნდეს სუსტ და დამთმობ ლიდერაც წარმოჩენა. მისი გუნდიც კარგად ემზადება შეხვედრისათვის. თუმცა ომის დანაშაულებისათვის ძებნილ პუტინთან შეხვედრა უკვე გარკვეული დათმობაა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way