USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
უკრაინა და საქართველოს დასავლური ორიენტაცია ქართული ულტრამემარჯვენე პრორუსული ჯგუფების სამიზნეში
თარიღი:  457
თებერვალში უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის ფონზე, საქართველოში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ულტრამემარჯვენე ფლანგის მკვეთრად პრორუსული ფრთის გააქტიურება. ულტრამემარჯვენე ძალები ცდილობდნენ უკრაინის კრიზისი ქართულ საზოგადოებაში ნატოს წინააღმდეგ სკეპტიკური განწყობების გასაღვივებლად და დასავლეთისგან სრული დისტანცირების საჭიროების საილუსტრაციოდ გამოეყენებინათ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ ულტრამემარჯვენე ფლანგის ღიად კრემლისტური ძალების პროპაგანდისტული რიტორიკა მიზნად ისახავს საქართველოს დასავლური საგარეო ვექტორის ცვლილებას და ქვეყნის ჩართვას რუსეთის მიერ ინიციირებულ საერთაშორისო პლატფორმებში.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების  პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული გზავნილები

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას მყისიერად გამოეხმაურა ულტრამემარჯვენე მედია პლატფორმა „ალტ-ინფო“ და საგანგებო ეთერის ფორმატში უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო. გადაცემას ფონად გასდევდა 2015 წლის აგვისტოში ჩინეთში ქიმიური  საწყობის  აფეთქების კადრები, რომელიც გამიზნულად ქმნიდა პანიკის გამომწვევ ყალბ მედია შინაარს და წარმოდგენილი იყო, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის ილუსტრაცია. გარდა ამისა, მთელი გადაცემა გამსჭვალული იყო ანტიდასავლური რიტორიკით და მიმართული იყო რუსეთის, როგორც უალტერნატივო ძალის წარმოჩენისკენ. გადაცემის წამყვანები ღიად მოუწოდებდნენ უკრაინასა და საქართველოს  დასავლური კურსის ცვლილებისკენ.

24-25 თებერვალს უკრაინის მადისკრედიტირებელი მედია კამპანია გააქტიურდა ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდზე „კარდჰუ“, სადაც უწყვეტ რეჟიმში ვრცელდება ფოტო/ვიდეო მასალა რუსეთის მხრიდან უკრაინული ქალაქების დაბომბვისა და საავიაციო იერიშების შესახებ. აღნიშნული გვერდი ასევე გამოირჩევა ნატოს დისკრედიტაციის მცდელობით და უკრაინის კრიზისის ფონზე, სამხედრო ალიანის წევრობას საქართველოსთვის საფრთხედ აფასებს.

ანალოგიური რიტორიკა აქვს ულტრამემარჯვენე პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერს ზურა მახარაძეს, რომელმაც TV პირველთან სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნატო არ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და ამის ფონზე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებია საჭირო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომელმაც ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა ქვეყნის ღალატად შეაფასა და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ღია მხარდაჭერის ნაცვლად, სიჩუმისკენ მოუწოდა.

ულტრამემარჯვენე პრორუსული ძალების პროპაგანდისტული რიტორიკა ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე გააქტიურდა.
2 თებერვალს პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ  „ალტ-ინფოს“ გადაცემა  „დღის კომენტარში“ განაცხადა, რომ ნატოს რეალური მისია „მართლმადიდებელი ქვეყნების განადგურებაა“.

12 თებერვალს გადაცემა „ალტ ანალიტიკის“ წამყვანებმა მიმოიხილეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ და თავმჯდომარე ზურა მახარაძემ დასავლეთი წარმოაჩინეს სუსტ მხარედ, რომელიც უკრაინის კრიზისის ფონზე, ვერც საქართველოს დაიცავს.   

კრემლისტური მედია საშუალების „საქართველო და მსოფლიოს“ ონლაინ პლატფორმაზე   ქვეყნდება სტატიები, სადაც ავტორები ღიად ახდენენ ნატოს სამხედრო ალიანსისა და აშშ-ს დემონიზაციას, ხოლო უკრაინასთან მიმართებაში იმეორებენ კრემლისტურ ნარატივებს, რომ რუსეთი მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის.

ულტრამემარჯვენე დისკურსში, ასევე გაჩნდა ღია მოწოდებები  საქართველოს რუსეთის მიერ ინიციირებულ „3+3“ ფორმატში ჩართვასთან დაკავშირებით. „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფეისბუქ გვერდზე 22 იანვარს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სივრცისადმი კუთვნილების საკითხის ჩაწერა ქვეყანას შესაძლებლობას უსპობს მონაწილეობა მიიღოს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმაში.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს,  ულტრამემარჯვენე პარტიებმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „ქართულმა მარშმა“ და მათთან აფილირებულმა 50-მდე ორგანიზაციამ, ღია წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. წერილში აღნიშნულია, რომ ისინი ემხრობიან საქართველოს  სამხედრო ნეიტრალიტეტს და ამის ფონზე, რუსეთთან ურთიერთობის დათბობას. აღნიშნული საქართველოში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების პრორუსული საგარეო კურსის ღია და მასშტაბური დემონსტრაციაა.
ეკონომიკა
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.