უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებიდან 68-ე დღე დაიწყო. 2 მაისის დილის საათებისთვის არსებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული ინფორმაციით, რუსული არმია სევეროდონეცკსა და სლავიანსკზე თავდასხმისთვის ემზადება.
პოპასნოის მიმართულებით, მოწინააღმდეგე ტაქტიკური მდგომარეობის გაძლიერებას შეეცადა და ჯარები მარიუპოლის მიმართულებიდან ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის გადაყვანით გააძლიერა. გრძელდება ცეცხლის წარმოება ქალაქ ხარკოვისა და დასახლებული პუნქტების უდის და პრუდნიანკას მიმართულებით.
დროებით ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით მტერმა დამატებითი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მობილიზება მოახდინა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა Орлан-10-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. გარდა ამისა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსი ოკუპანტების 10 თავდასხმაა მოგერიებული, განადგურებულია 2 ტანკი, 17 საარტილერიო სისტემა, 38 საბრძოლო ჯავშან ტექნიკა და 10 საავტომობილო ტექნიკა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის სამხედრო დანაკარგმა 23 500 ადამიანს, დაახლოებით 200 თვითმფრინავსა და 1026 ტანკს მიაღწია.
ამასთან, ეროვნული გვარდიის მე-12 ოპერატიული ბრიგადის ხელმძღვანელმა დენის შლეგამ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა, რომ მტერმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან საევაკუაციო პროცესის დასრულების შემდეგ ყველა სახის შეიარაღების გამოყენება დაიწყო.
„სადღაც დილის 2-დან 3 საათამდე „აზოვსტალის“ მიმართულებით საზღვაო არტილერია მუშაობდა, დილისთვის კი მდგომარეობა დამშვიდდა“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ქარხნიდან მოსახლეობის გამოყვანა აუცილებელია. შლეგამ თქვა, რომ უკრაინელი მებრძოლები თავის ამოცანებს მამაცურად და ღირსებით ასრულებენ.