რიყე, ევროპის მოედანი - ის გვირაბის ჩასასვლელებს შორის დგას და დღეს, თბილისის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ძველი თბილისური, ტკბილი მოგონენების გასახსენებელ სივრცეს სთავაზობს, სადაც შეგიძლიათ სასიამოვნო კერძები ან ერთი ფინჯანი ჩაი მაინც დააგემოვნოთ. ესაა ადგილი, რომლის კედლებშიც 1920-40-იანი წლების თბილისის კოლორიტი თქვენს თვალწინ ცოცხლდება.
ძველი ეპოქისთვის დამახასიათებელი სურნელი, გემო და სახელოვნებო ისტორიები სწორედ აქ შეგიძლიათ გაიხსენოთ. თუმცა, მისი რეალური დანიშნულება დღეს სრულიად დაკარგულია. ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ დროს უფრო დიდი სარგებლის მომტანი ვაგონი დღეს „ინდურ თეატრს” დამსგავსებია.
ეს არის ტრამვაის ბოლო ვაგონი, რომელიც თბილისში შემორჩა. ტრამვაი ნომერი 12, 80-იანი წლებიდან 2006 წლამდე დიდუბიდან ავჭალის დეპოს მიმართულებით მოძრაობდა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ვაგონის ადგილი მუზეუმშია, თუმცა ვიღაცას მისი კაფედ გადაკეთების იდეა გასჩენია.
ტრამვაის უკანასკნელი ვაგონი თბილისში – მას ავთენტურობა უკვე დაკარგული აქვს. სანამ რიყეზე გადაიტანდნენ და კაფედ გადააკეთებდნენ მართვის მოწყობილობები, რაც ჰქონდა გაძარცვეს და გაანადგურეს. 2006 წელს, როდესაც ჩიხში შეაყენეს მუშა მდგომარეობაში იყო, მაგრამ 2010 წლის მერე თანდათან უფრო და უფრო გაიძარცვა. დღეს წარმოდგენილი ტრამვაის ვაგონი კი საერთოდ არ შეესაბამება მის იმ სახეს, რაც ექსპლუატაციის პერიოდში ჰქონდა.
ერთ დროს ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის უკანასკნელი ვაგონის ისტორია თბილისში დაახლოებით 50-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ის დედაქალაქში პირველად შემოიყვანეს. სადღაც 70-იან წლებში ჩამოწერეს და ავჭალის ტერიტორიის იმ ადგილს, სადაც ჩამოწერილი ვაგონი 2010 წლიდან იდგა, ვაგონის სასაფლაოდაც კი მოიხსენიებდნენ.
ტრამვაის ამ უკანასკნელ შემორჩენილ ნიმუშს თავდაპირველად დახურული ვაგონის სახე ჰქონდა. მოგვიანებით ადგილობრივი დეპოს თანამშრომლების ინიციატივით, საზაფხულო ვაგონად გადაკეთდა და სასეირნო ტრანსპორტად იქცა. 2004 წელს კი ინფრასტრუქტურას, ხის ფანჯრები დაემატა, რომ ახალგაზრდებს მგზავრობის თანხის გადაუხდელად, ღია ტრანსპორტიდან გადახტომა აღარ შესძლებოდათ.
ავჭალაშივე იყო ტრამვაის დეპო, სადაც 90-იანი წლებიდან ვაგონების ეტაპობრივად ჩამოწერა და ჯართად ჩაბარება ხდებოდა.
ის, რაც დღეს ისტორიად იქცა, შესაძლოა თანამედროვე თბილისი დიდი გამოწვევისგან დაეცვა, რასაც ეკოლოგია ჰქვია. ტრანსპორტის გამონაბოლქვი, რომელიც ამ დრომდე დიდ საფრთხედ რჩება ვერანაირმა, ცვლილებამ, თუ გზების პროექტირებამ ვერ აღმოფხვრა. თუმცა, 100-ზე მეტი წლის წინ, ჩვენი წინაპარი სუფთა გარემოში მშვიდად ცხოვრობდა და არც იერსახის ცვლილება ადარდებდა, რადგან ყველაფერი იმაზე იდეალური იყო ვიდრე შეიძლებოდა. ახლა კი ტრამვაი, რომელიც თბილისს 100-წელზე მეტ ხანს ემსახურა, ერთი დიდი ისტორიაა, რომელიც ლამაზ ფოტოებზე შემორჩა.
ტრამვაის ისტორია კი თბილისში “კონკის” ისტორიით იწყება. ცხენებშებმული ტრამვაი ქალაქში პირველად 1883 წელს ჩნდება. მოგვაინებით, 1904 წლის 21 ნოემბერს ცხენები ელექტროტრამვაით იცვლება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ქალაქის გარკვეულ ნაწილებში ტროლეიბუსით, კიდევ უფრო მოგვიანებით მეტროპოლიტენის მშენებლობაც იწყება, თუმცა ტრამვაი მაინც რჩება სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად.
ტრამვაის პირველი ვატმანი, მიხაკო ქაცარავა ყოფილა. ვიწროლიანდაგიანი ტრამვაის სისტემა, ვაგონების ჩათვლით, ბელგიურმა კომპანია „ტფილისის ტრამვაის ბელგიელთა სააქციო საზოგადეობა“-მ ააშენა, რომელთანაც ქალაქის თვითმმართველობას 20-წლიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. თუმცა, 1915 წლის 15 მარტს სასამართლოს დადგენილებით თბილისის ტრამვაი მუნიციპალიტეტის ხელში გადავიდა.
თბილისი ვითარდებოდა, ცხოვრების ტემპიც მატულობდა და ქალაქში წამყვან როლს უკვე ელექტროტრანსპორტი ასრულებდა, რომელიც მოსახლეობისთვის აუცილებელ და ხელმისაწვდომ სახეობას წარმოადგენდა.
ქალაქს თავდაპირველად „ჰელიოსი“-სა და „სიმენს-შუკერტი“-ს 28-ადგილიანი ვაგონები ემსახურებოდა, რომლებიც შემდგომ რუსულმა ვაგონებმა ჩაანაცვლეს. თბილისში, იმ დროისთვის, მსოფლიოში უნიკალური შესახსრული ვაგონები დაპროექტდა და 1960 წლიდან თბილისის ტრამვაი-ტროლებუსის სამმართველომ საკუთარი ძალებით ორი ელექტროტრამვაი გამოუშვა, რომელსაც „თბილისი“ დაერქვა.
1965 წელს, ტრამვაის ხაზების საერთო სიგრძემ 105 კმ-ს მიაღწია. 299 ვაგონით 107 მილიონი მგზავრი იყო გადაყვანილი. 2000 წლისთვის ხაზების სიგრძე 71,6 კმ-მდე შემცირდა და ვაგონების რაოდენობა მხოლოდ 39 ერთეულს შეადგენდა. ტრამვაის ხაზები თბილისში 2006 წლის 4 დეკემბერს გაუქმდა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღეს ავტომობილებით მგზავრობის ინტენსივობის შესამცირებლად ევროპის ქალაქებში – მათ შორის პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნების დედაქალაქებში, აქცენტს ტევადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე აკეთებენ. უპირველეს ყოვლისა, ასეთი ტრანსპორტია თანამედროვე ტიპის ტრამვაი.
ეს კი მილანში ისტრიული ტრამვაის ვერსიაა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შეიმუშავეს. ინტერიერში მოცემულია პლექსის მინისგან შექმნილი ფარები, რომელიც ინდივიდუალურ დასაჯდომებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ხოლო იატაკზე დახატული წრეები კი ადამიანებს სოციალური დისტანციისკენ მოუწოდებს.
რატომ სჭირდება ჩვენს დედაქალაქს ტრამვაი და რა უპირატესობების მატარებელია ის?
სპეციალისტები ამბობენ, რომ პირველ რიგში, ეს არის მაღალი გამტარუნარიანობა. ერთი თანამედროვე საშუალო სტატისტიკური ტრამვაის შემადგენლობა იტევს 218 მგზავრს. ამ რაოდენობის მგზავრის გადაყვანას სჭირდება ორი დიდი ზომის ავტობუსი ან 145 პერსონალური ავტომობილი. შესაბამისად, ტრამვაი, ავტომობილთან შედარებით, ერთი მგზავრის გადაყვანისას 8-ჯერ ეფექტიანად იყენებს გზის ფართობს. ის გამოყოფილი სავალი ნაწილის მეშვეობით გვერდს უვლის რთულ საავტომობილო კვანძებს და, შესაბამისად, იშვიათად ხვდება საცობებსა თუ ხერგილებში. თბილისში ტრამვაის ოპონენტები ხშირად იმიზეზებენ გადატვირთულ ქუჩებს, რის გამოც ტრამვაი თითქოს კიდევ უფრო გაართულებს ქალაქში მოძრაობას. მაგრამ ტრამვაი დიდი ტევადობის მეშვეობით, პირიქით, იწვევს მოძრაობის შემცირებას, რასაც ემატება სავალი ნაწილის გამოყენების მაღალი ეფექტიანობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც თანამედროვე ტრამვაის ახასიათებს, არის ეკოლოგიურობა. როგორც ცნობილია, თბილისის ჰაერის დაბინძურების დაახლოებით 71% ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. დაბინძურებული ჰაერი უამრავი დაავადების გავრცელების მიზეზია, ხოლო ტრამვაის სისტემის შექმნა ამ ეკოლოგიური თუ ჯანდაცვის პრობლემის შემსუბუქების ერთგვარ საშუალებასაც წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ მერების კონვენციის საფუძველზე თბილისის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების მიხედვით, 2020 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოტყორცნა 20%-ით უნდა შემცირდეს. ტრამვაის ქსელის განვითარება ამ ვალდებულების შესრულებასაც წაადგება.
ტრამვაის სისტემა თბილისს სახსრების დაზოგვაშიც დაეხმარება. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ტრამვაის ხაზის მშენებლობა მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს, მეტროსთან შედარებით ის მაინც შეიძლება განვიხილოთ ეკონომიურ პროექტად. სხვადასხვა გათვლით, ტრამვაის ხაზის ერთი კილომეტრის მშენებლობა მეტროს მშენებლობაზე 8-10-ჯერ ნაკლები ჯდება, მაშინ როდესაც ტრამვაის არანაკლები მოცულობის მგზავრების გადაყვანა შეუძლია, ვიდრე მეტროს სისტემას.
ტრამვაი, ენერგოდანახარჯების თვალსაზრისით, ეკონომიურია ავტობუსთან შედარებითაც. არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისის ტრამვაის” მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თბილისში ერთ კონკრეტულ მარშრუტზე მოძრავი 11 ავტობუსი 1 დღის მანძილზე 1050 ლარის საწვავს მოიხმარდა. იმავე რაოდენობის ტრამვაის ვაგონების ექსპლუატაციის შემთხვევაში ენერგოდანახარჯები 858 ლარი იქნება, ხოლო იმის გამო, რომ ტრამვაის ყველაზე მცირე ზომის ვაგონიც კი ავტობუსზე მეტს იტევს, ამ მარშრუტზე 11 ავტობუსის მგზავრთა რაოდენობის გადასაყვანად საჭირო იქნებოდა 9 ტრამვაი და, შესაბამისად, 709 ლარის ენერგოდანახარჯი.
ენერგოდანახარჯების გარდა, ტრამვაის ეკონომიურობა მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობაშიც გამოიხატება. თუ თბილისის ავტობუსები მწყობრიდან გამოვა 7-10 წლის შემდეგ, ტრამვაის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 20-30 წელს შეადგენს. მოდერნიზაციის შემთხვევაში, უცხოეთში უფრო ხანდაზმულ ვაგონებსაც იყენებენ.
სწორედ ამ მიზეზის გამო რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ტრამვაის გაცოცხლებას ითხოვდნენ. ტრამვაის ქსელის თბილისში დაბრუნების მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიციაც კი გაავრცელეს, თუმცა უშედეგოდ.
2019 წელს მერიამ კვლევების დაწყება დაანონსა, რომელიც იმ კონკრეტულ რაიონებში უნდა ჩატარებულიყო, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობა პრობლემას წარმოადგენს. ჯერ კიდევ მაშინ კახა კალაძე ტრამვაის აღდგენის საკითხზეც საუბრობდა.
„გვინდა, რომ კვლევა ჩავატაროთ და ის რაიონები, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობა პრობლემას წარმოადგენს, კვლევის შედეგად მივიღოთ სრული სურათი, თუ რისი გაკეთება არის საინტერესო. შესაძლოა ეს იყოს ტრამვაი, ასევე მეტრო დიღმის მიმართულება. მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება და კვლევა ჩვენ გვაჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ,“ – განაცხადა კალაძემ.
Kalaki.ge დაინტერესდა დღეს რა ეტაპზეა აღნიშნული კვლევები და რა პერსპექტივა აქვს ტრამვაის თბილისში დაბრუნებას? – მერიაში განვიმარტეს, რომ საკითხი ამ ეტაპზე აღარ განიხილება, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრამ ჰააგაში, სადაც პროგრამის მთავარ მშვენებად დონალდ ტრამპი გახდა, ევროპის განხეთქილება და გაუბედაობა მხოლოდ მიჩქმალა. ცხადი გახდა, რომ ალიანსი საერთოდ არაფრად არ ღირს აშშ-ის ხელმძღვანელობისა და მხარდაჭერის გარეშე.. და ეს მხარდაჭერა რომ მიიღოს ვაშინგტონიდან, ყველა მისი დანარჩენი წევრი მზად არის მუხლებზე დაიჩოქოს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ნატოს პოტიომკინური სამიტი სიკვდილის სიგნალებს გზავნის. რა აჩვენა ალიანსის ჰააგის შეხვედრამ: ევროპელი წევრების გაუბედაობა და განხეთქილება მათ რიგებში“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პოლიტოლოგი, ჟურნალისტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
სამხედრო ალიანსს სიმხდალე და მშიშრობა არ შეშვენის, მაგრამ სწორედ ეს სუფევდა ჰააგაში გამართულ ნატოს სამიტზე. ჰოლანდიურ ქალაქში შეკრებილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ მათ დონალდ ტრამპის წინაშე უფრო მეტ შიშს განიცდიან, ვიდრე ვლადიმერ პუტინის მიმართ.
აშშ-ის პრეზიდენტისათვის რომ ეამებინათ, ნატოს ლიდერებმა შეამოკლედ დღის წესრიგი, უკან დასწიიეს უკრაინა, შეარბილეს რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და თავი დაიძვრინეს გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღებისაგან. ამ მეთოდმა, სამწუხაროდ, იმოქმედა - გარკვეული დროით მაინც.
რუსი თავადი გრიგოლ პოტიომკინი ასეთ მდგომარეობას მოიწონებდა. შთაბეჭდილება რომ მოეხდინა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ზე და სასახლის მუქთამჭამელ გარემოცვაზე, 1787 წელს ოსმალეთისგან წართმეულ ყირიმისაკენ მოგზაურობის დროს, რუსმა დიდებულმა, რომელიც იმ დროს ნოვოროსიის (ყირიმის და ტავრიის) გუბერნატორი იყო, ლეგენდის თანახმად, ბუტაფორული გადასატანი სოფლების იდეა მოიფიქრა. გზის პირას ლამაზ-ლამაზი სახლები ჩაამწკრივა და დედოფალს ასიამოვნა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახლების მიღმა ცარიელი ველ-მინდვრები იყო. დღეს გრიგოლ პოტიომკინის თანამედროვე კოლეგები ნატოს სამიტზე ცდილობდნენ შთაბეჭდილება მოეხდინათ სხვა მბრძანებელზე - იმპერატორ დონალდ I-ზე.
დონალდის თაყვანისმცემლებში ნატოს გენმდივანი მარკ რიუტე ლიდერობს. თავისი პირფერობა-პირმოთნეობით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერმა თავისი ქვეყნის ეროვნული დამახასიათებელი ნიშანი აჩვენა - პრაგმატიზმი, თანაც ჯერ არნახულ დონეზე. მისი პირადი მისალმება დონალდ ტრამპისადმი (რომელიც ძლევამოსილმა ადრესატმა ჩვეული ფორმით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში), თითქმის პაროდიად გადაიქცა პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე. მასში გენმდივანმა მადლობა უთხრა „დონალდ I“-ს იმისათვის, რომ მან მოკავშირეებს თავს მოახვია თავდაცვის ხარჯების ახალი დონე, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის მოცულობით და აღფრთოვნებით განაცხადა: „ევროპა გადაიხდის იმდენს, რამდენიც საჭიროა და ეს ყველაფერი თქვენი გამარჯვება იქნება“.
იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ (მეზობლები - ბალტიისპირეთი, პოლონეთი...), თავიანთ ბიუჯეტში დიდი ხანია 5%-იანი და მეტი ხარჯვა აქვთ სამხედრო სფეროში, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფული სხვების ნაცვლად იხადონ. „ლიეტუვას შეუძლია 100%-ის გადახდაც, მაგრამ მისი ფული მაინც არ იქნება საკმარისი, რათა დააბალანსოს იმ ქვეყნების ხარჯები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს არ ასრულებენ“, - აღნიშნავს ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
მათთვის (და ვლადიმერ პუტინისთვის) საბედნიეროდ, სამანევრო სივრცე საკმარისზე მეტია: ამ 5%-ში შევიდა 1,5%-იანი თანმდევი ხარჯები უსაფრთხოებისათვის. წესით და რიგით, ეს თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის დასახმარებლად - სამოქალაქო თავდაცვის განსამტკიცებლად და რუსი ჯაშუშების გამოვლენა-დასაჭერად, რაც ნამდვილად ქება-დიდებას იმსახურებს. მაგრამ ამ თანხების ხარჯვის დროს შეიძლება საბუხჰალტრო წიგნების გაყალბებაც... და რაც ყველაზე მთავარია, 5%-იანი ხარჯების ზრდის საბოლოო ვადაა შორეული 2035 წელი, როცა დღევანდელი პოლიტიკოსებისაგან, რომლებიც ჰააგის სამიტში მონაწილეობდნენ, ცოტა ვინმე თუ იქნება ხელისუფლების საჭესთან.
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გაზრდილი სამხედრო ხარჯები პოლიტიკურად არაპოპულარულია და ეკონომიკურად დამანგრეველი. „საბჭოთა კავშირს ძირი სწორედ ასეთმა ხარჯებმა გამოუთხარა, როცა ბიუჯეტმა, სამხედრო ასიგნებების ზრდის კვალობაზე, ვეღარ შეძლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი კეთილდღეობის დონის ზრდა“, - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა სამიტის ერთ-ერთმა მონაწილემ. კაცმა რომ თქვას, ნატოს ევროპელი წევრები ერთობლიობაში რუსეთთან შედარებით ათჯერ უფრო მდიდრები არიან. მათ რომ სწორად დახარჯონ დღეს არსებული სამხედრო ბიუჯეტები, ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ან განგებ არ ამჩნევენ სახიფათო ხვრელებს თავდაცვაში და იმედს სამომავლო ხარჯებზე ამყარებენ.
სამიტის ოპტიმისტური ტონი ნაკარნახევი იყო ძირითადად იმის გაცნობიერებით, რომ თავიდან იქნა აცილებული კიდევ უფრო დიდი კატასტროფა. ჯერ ერთი, რომ სამიტი, პრინციპში, შედგა, თუმცა რამდენიმე თვის წინათ მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა; მეორე - დონალდმა კეთილი ინება და ჰააგაში ჩაბრძანდა. საბედნიეროდ, სკანდალიც კი არ აუტეხავს. ნათელი გახდა, რომ დონალდი და მისი ადმინისტრაცია ევროპის ტავდაცვას ძველებურად მხარს უჭერს - უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც. ვლადიმერ პუტინთან მისი მეგობრული ურთიერთობის მიუხედავადა, სამიტის ერთობლივ კომუნიკეში რუსეთი მაინც ნეგატიურად არის მოხსენიებული - „გრძელვადიან საფრთხედ“ (თუმცა ეპითეტი „უშუალო“ რომ გამოეყენებინათ, უფრო კარგი იქნებოდა). დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა ასეთი შეფასების პირდაპირ დადასტურებას და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ თქვა - „რუსეთის ლიდერი შეცდომებს უშვებსო“.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტების დროს გამოთქმული დაფიცებები და დაპირებები ჰააგის სამიტის დეკლარაციაში აღარ განმეორებულა, თუმცა არც გაუქმებულა. ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს ლიდერების შეხვედრაზე უკვე აღარ დაუძახეს, მაგრამ მისთვის ტაშისკვრა არ შეუწყვეტიათ. მისი შეხვედრა „ტეტ-ა-ტეტ“ აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან ზრდილობიანად გაიმართა. „რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო სიყვარულის გამომხატევლი ყოფილიყო“, - შეაფასა დონალდ ტრამპმა მისი მდგომარეობა და მიანიშნა, რომ შეიძლება მიჰყიდოს უკრაინას კიევისათვის უკიდურესად აუცილებელი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, კერძოდ, „პეტრიოტის“ საზენიტო-რაკეტული კომპლექსი.
ეს სასიამოვნო ახალი ამბავი იმ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელზეც დონალდ ტრამპი პირდაპირ სხივებს აფრქვევდა თვითკმაყოფილებისაგან. მან აღიარა, რომ მისმა ნატოელმა კოლეგებმა ალიანსის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს და აჩვენეს, რომ „მათ ნამდვილად უყვართ თავიანთი ქვეყნები და რომ სამხედრო ხარჯები ზრდა ვიღაცის აჩემებული საკითხი არ არის“. ნატოს მიმართ მისი მრავალწლიანი უგულებელყოფა და „აბუჩად აგდება“ ამჟამად აღტაცებული მოწონებით შეიცვალა.
თუმცა მანამდე სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპმა ევროპა თითქმის ისტერიკამდე მიიყვანა, როცა ეჭვის ქვეშ დააყენა ნატოს ძირითადი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვის თაობაზე: მან თქვა, რომ აშშ-ის ერთგულება ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიმართ დამოკიდებულია მის ინტერპრეტაციებზე და განმარტებებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრიაო. როგორც ხშირად ხდება ხოლმე დონალდ ტრამპის განცხადებების ირგვლივ, ამაში არის რაღაც სიმართლე₾ ატლანტიკური ქარტიის ყველაზე ხმაურიანი პუნქტი ალიანსის წევრებს მხოლოდ მოუწოდებს ერთმანეთს დაეხმარონ უცხო ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ არამც და არამც არ ავალდებულებს.
თუ განსვსჯით პრობლემის ჭეშმარიტ მასშტაბებს (და არა კატასტროფას, რომლის თავიდან აცილება მოხერხდა), სამიტის შედეგები სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: ასეთი დაჟინებული ყურადღება დონალდ ტრამპის განწყობების მიმართ და სიტყვების გულდასმით შერჩევა ხაზს უსვამს ალიანსის მოწყვლადობას პრეზიდენტის კაპრიზების წინაშე. ნატოს მთლიანობაში მაინც აშშ-ის იმედი აქვს, მის სიმძლავრეს ეყრდნობა, მისი დახმარებით და ხელშეწყობით ცდილობს მრავალრიცხოვანი ბზარების ამოქოლვას. ეს არის საბრძოლო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მწირი რეზერვები, ჰაერსწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისუსტე, მცირე რაოდენობის შორსმსროლელი ქვემეხები და სუსტი ლოჯისტიკა, დაზვერვის ჩათვლით. ევროპაში რეზერვები თითქმის ფსკერზეა დასული: „ყველაფერი მხოლოდ თითო-თითო დარჩა“, - მითხრა ამას წინათ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა სარდალმა, გენერალმა ფრედერიკ ბენ-ჰოჯესმა. მოკავშირეები გაოგნებულნი არიან დონალდ ტრამპის ქცევით და მის ჭეშმარიტ ზრახვებზე მკითხაობენ. პოზიტიური ისაა, რომ ალბათ, ვლადიმერ პუტინიც იგივე მდგომარეობაში იმყოფება ტრამპთან მიმართებით. სხვათა შორის, ზოგჯერ ორაზროვნებას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნათლად გარკვევას.
მაგრამ საქმების გაჭიანურება და გაუბედაობა არ გამქარალა: როგორც გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შენიშნა, „უკრაინა ყურადღებიდან გამორჩათ“. სანამ სამიტზე ყვედობდნენ და ხმაურობდნენ, რუსული დრონებისა და რაკეტების თავდასხმამ ათობით უკრაინელი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ევროპა ასეთ სიტუაციას იმდენად მიეჩვია, რომ დაბომბვის ფაქტები სტატიების სათაურებშიც აღარ ხვდება. ზოგიერთებისათვის სიმხდალე და გაუბედაობა იაფი ჯდება მაშინ, როცა მის ფასს სხვები იხდიან.