USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
უფრთხილდი AI სტარტაპებს
дата:  1474

ხელოვნური ინტელექტი უკვე დიდი ხანია, ყველას ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მასზე უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე მუშაობენ: ლონდონში დაფუძნებულმა ვენჩურ კაპიტალის ფირმა MMC-იმ ევროპის მასშტაბით 2,830 AI სტარტაპი გამოიკვლია. კვლევის თანახმად, მათ 40%-ს ხელოვნური ინტელექტის მახასიათებლები არ აღმოაჩნდა.

ეფექტიანად მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ამოცნობა მსხვილი კომპანიებისთვისაც კი დიდი თავსატეხი აღმოჩნდა. მომსახურების სერვისის გასაუმჯობესებლად მაკდონალდსმა 2018 წლის მარტში $300 მილიონი გადაიხადა AI ფირმაში Dynamic Yield. შემდეგ გაირკვა, რომ Dynamic Yield ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებდა, როგორც ამას კომპანიის ყოფილი წევრი იტყობინება.

რა იწვევს ამხელა გაუგებრობას?

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ მან ყველას ყურადღება მიიპყრო. სტარტაპები, ინვესტორები, თუ სხვადასხვა კომპანიები ისე ჩაერთნენ ამ სფეროში, ბოლომდე არც ესმოდათ, რასთან ჰქონდათ საქმე. გაუგებრობაც აქედან დაიწყო. მიმზიდველი მარკეტინგული სლოგანების უკან, ხშირად, ხელოვნური ინტელექტის მაგივრად, სტანდარტული სკრიპტები იმალება. მსგავსი პროცესები ჩვენ არაერთხელ გვინახავს. იგივე იყო ბლოკჩეინის გარშემო ატეხილი აურზაურიც და იგივე იყო მანამდე არსებული ე.წ. .com ბაბლიც. ინვესტორებმა არც კი იცოდნენ, რაში შეიძლებოდა ვებ-გვერდის დომენების გამოყენება და უაზრო ფასებში ყიდულობდნენ მათ. დაახლოებით იგივე ხდება ახლაც.

ხელოვნური ინტელექტი vs. სკრიპტი

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სისტემასა და ჩვეულებრივ ანალიტიკურ სისტემებს შორის განსხვავება ძალიან დიდია, საზღვარი მათ შორის მაინც ბუნდოვანია. განსაკუთრებით კი, მათთვის, ვისაც ტექნიკური გამოცდილება არ გააჩნია.

დღეს სკრიპტით ძალიან კომპლექსური პროგრამის დაწერაა შესაძლებელი. განსხვავება მასსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ისაა, რომ ამ უკანასკნელს რეალურ დროში მიღებული მონაცემების ანალიზი და შესაბამისად განვითარება შეუძლია. ამას ის მანქანური სწავლებისა და სიღრმისეული სწავლების მეშვეობით ახერხებს. მაგალითისთვის, გუგლის ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს კონკრეტულად მისი საძიებო ისტორიის გათვალისწინებით აძლევს რეკომენდაციებს. ძველი სისტემა კი, უბრალოდ, ყველაზე ხშირად გამოყენებულ ტექსტს გვთავაზობდა ხოლმე.

კარგი მაგალითია ონლაინ ჩეთბოტებიც. თუ სისტემა წინასწარ გაწერილ პასუხებს ვერ სცდება, მაშინ ეს სტანდარტული სკრიპტის დამსახურებაა. მისგან განსხვავებით, AI ჩეთბოტს შეუძლია შეინახოს თითოეული ინტერაქციიდან მიღებული ინფორმაცია, გააანალიზოს შედეგები, ადაპტირდეს შესაბამისად და ხელახლა გამოიყენოს ეს ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ ის ცნობს დაბრუნებულ კლიენტს, “ახსოვს” რა პრობლემები ჰქონდა მას წინაზე და ბევრად ხარისხიანად შეუძლია მასთან კომუნიკაცია, ვიდრე სკრიპტით გაწერილ ჩეთბოტს.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, დღეს საკმაოდ კომპლექსური პროგრამების დაწერა თავისუფლადაა შესაძლებელი, რაც ნამდვილი ხელოვნური ინტელექტის ამოცნობას ართულებს. არსებობს რამდენიმე დეტალი, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ იმისათვის, რომ უკეთ შევაფასოთ ესა თუ ის AI კომპანია.

5 მთავარი კითხვა AI კომპანიისთვის

  1. ვისგან შედგება თქვენი გუნდი?

ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, კომპანიის მთავარ ძალას აქაც გუნდი წარმოადგენს. ხელოვნური ინტელექტის შემუშავება დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს, თანაც - არა მხოლოდ ერთ სფეროში.

ძლიერი AI გუნდი სამი მიმართულების ექსპერტებისგან უნდა შედგებოდეს: პროგრამისტი, რომელიც კომფორტულად მუშაობს პითონზე, C++ -ზე, ჯავაზე, ლისპზე, ან პროლოგზე, მონაცემთა ინჟინერი და კონკრეტული სფეროს ექსპერტი, რომლის პრობლემის მოგვარებაზეც მუშაობს კომპანია. თუ გუნდი მხოლოდ ერთი ან ორი მიმართულების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, მაშინ პროექტის განსავითარებლად ახალი წევრების შემოერთება იქნება საჭირო.

  1. კითხვები მონაცემებზე

იმისათვის, რომ სისტემამ ეფექტიანად შეძლოს წინა გამოცდილებიდან სწავლა და განვითარება, მას დიდი რაოდენობით მონაცემები სჭირდება. ინტერნეტის ფართო ათვისებამ და სოციალური ქსელების განვითარებამ ყველაფერი საგრძნობლად გაამარტივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესს ბევრი დრო და რესურსი არ მიაქვს. რადგან მონაცემები ეფექტიანი ხელოვნური ინტელექტის აუცილებელი დეტალია, აქ რამდენიმე კითხვა შეიძლება დაისვას.

2.1) რა რაოდენობის მონაცემები გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად და საიდან მოიპოვეთ ისინი?

ყველაფერი მონაცემების რაოდენობისა და მათი მოპოვების გზიდან იწყება. თუ სტარტაპს საჭირო მასალაზე ხელი არ მიუწვდება, ეს დიდი დაბრკოლებაა. მოსთხოვეთ პროექტის ავტორებს, მოგიყვნენ, საიდან მოიპოვეს მონაცემები და როგორ შეჯერდნენ საჭირო რაოდენობაზე. ძირითადად, AI კომპანიები თანდათანობით აწვდიან სისტემას მონაცემებს მანამ, სანამ სასურველ სიზუსტეს არ მიაღწევენ (თუმცა, არსებობს სხვა მიდგომებიც).

ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მონაცემების ფიქსირებული რაოდენობა არ არსებობს. ეს ამოცანის სირთულესა და ბევრ გარე ფაქტორზეა დამოკიდებული.

დაახლოებითი წარმოდგენის შესაქმნელად, ამ ცხრილში მოცემულია ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე კომპანიის მიერ გამოყენებულ მონაცემთა რაოდენობა:

წყარო: lionbridge.ai

2.2) რამდენად ხარისხიანია თქვენი მონაცემები?

მონაცემებზე საუბრისას ყურადღება მხოლოდ მათ რაოდენობას არ უნდა მიენიჭოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, არის თუ არა ეს მონაცემები სწორად დახარისხებული. სწორი დასკვნების გამოსატანად სისტემას უნდა შეეძლოს მიღებული მასალის წაკითხვა. ამას კი მშრალი მონაცემები არ კმარა. მონაცემთა ინჟინრების ძირითადი ამოცანაც სწორედ ესაა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ეს ფაქტორი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია. 100 დახარისხებული მონაცემით ხელოვნური ინტელექტი უკეთ იხელმძღვანელებს, ვიდრე 1000 დაუხარისხებელით.

2.3) რა სიხშირით უნდა მიეწოდოს სისტემას ახალი მონაცემები და როგორ აპირებთ ამის ტექნიკურ უზრუნველყოფას?

მართალია, ხელოვნური ინტელექტი, ძირითადად, დამოუკიდებლად მუშაობს, მაგრამ მას მაინც სჭირდება პერიოდულად ადამიანებისგან დახმარება. თუ სტარტაპი თავის AI სისტემას სუპერგმირად წარმოაჩენს, რომელსაც ადამიანის ჩარევა არასდროს დასჭირდება, დიდი შანსია, ბოლომდე თავადაც ვერ ერკვეოდეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებში.

მონაცემებთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ გაეცნოთ ამ სტატიას.

  1. რა პრობლემას გადააწყდით სისტემის შემუშავებისას და ტესტირებისას?

ყოველი ახალი სისტემა, მითუმეტეს ისეთი, რომელიც სრულიად ახალ ტექნოლოგიას წარმოადგენს, შემუშავებისა თუ იმპლემენტირების პერიოდში ბევრ გამოწვევას აწყდება. მათ, ვინც ამ პროცესს ხელმძღვანელობენ, ეს ყველაფერი კარგად იციან. მოსთხოვეთ პროექტის ავტორებს, დეტალურად აგიხსნან, რა არ გამოვიდა ისე, როგორც ელოდნენ და რა გზებს მიმართეს იმისათვის, რომ ეს პრობლემა გამოესწორებინათ.

  1. რამდენი დრო და ფინანსური რესურსი დაუთმეთ სისტემის შემუშავებას და ვის მიერაა ის დადასტურებული?

თუ სტარტაპი ახალია, მაშინ მათი სისტემა არასრულყოფილი ან განვითარების ადრეულ ეტაპზე იქნება. იდეალურ შემთხვევაში, სისტემაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ უნდა იყოს დაწყებული, დიდი ფინანსური რესურსიც უნდა იყოს მის განვითარებაში ჩადებული და რეალურ შემთხვევებზეც კარგად შემოწმებული.

აქ მნიშვნელობა ენიჭება იმას, კომპანიის განვითარების რომელ სტადიაზე გიღირს ინვესტიციის ჩადება. სტარტაპი, რომლის ადრეული შედეგებიც იმედისმომცემად გამოიყურება, ყურადღებად ღირს. მაგრამ, თუ არც გუნდის წევრები გამოირჩევიან დიდი გამოცდილებით და ხელოვნური ინტელექტის სისტემაც ჯერ ლაბორატორიულ კვლევებს არ გასცდენია, მაშინ მზად უნდა იყო დიდი რესურსისა და ენერგიის დახარჯვაზე იმისათვის, რომ შენ მიერ შერჩეულმა კომპანიამ წარმატებას მიაღწიოს.

  1. გამოყენებულია თუ არა სისტემა რეალურ ბიზნეს სამყაროში და როგორი შედეგები დადო მან?

ეს კითხვა ნაკლებად დაგეხმარებათ იმის დაზუსტებაში, რეალურ AI პროექტს ესაუბრებით, თუ არა. მაგრამ, იმის გარკვევაში მაინც დაგეხმარებათ, რა სტადიაზეა პროექტი და, შესაბამისად, წარმატების რამხელა შანსი აქვს მას.

თავდაპირველად, ხელოვნური ინტელექტი ნამდვილი პრობლემების მოგვარებისას ისევე ეფექტიანად ვერ მუშაობს, როგორც ლაბორატორიაში. იქ, სადაც პირობები კონტროლდება და სისტემას კონკრეტული, წინასწარ შემუშავებული დავალებები ეძლევა შესასრულებლად, ყველაფერი უფრო კარგად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენს ქაოტურ რეალობაში, სადაც წინასწარ ვერ გათვლი, რა მოხდება. თუ სტარტაპს ამ მხრივ უკვე გააჩნია გამოცდილება, მაშინ ისინი ზუსტად მოგიყვებიან, რა პრობლემებს წააწყდნენ ლაბორატორიის გარეთ სისტემის ტესტირებისას და რა გზებს მიმართეს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

როგორც ხშირად აღნიშნავენ, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპების დაახლოებით 20% ლაბორატორიას ვერ სცდება. ეს კიდევ უფრო ნაკლები მაჩვენებელია იმაზე, ვიდრე ნამდვილი AI სტარტაპების რაოდენობა.

ანა მიქატაძე

წყარო:https://medialab.ge/

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати