USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ
дата:  1014

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

შესაბამისად, მათი ცნობით, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში სპეციალური მასწავლებლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„2018 წელს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე, ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლად აღიარა. 2020 წელს კი სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

ასევე, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და საგნის მასწავლებლის მსგავსად მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი.

დისტანციური სწავლების პირობებში, სპეციალური მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით, მომზადდა სარეკომენდაციო ვიდეორგოლები, ხოლო სამინისტროს მულტიდისცპლინური გუნდის წევრები კოორდინაციას უწევენ სკოლების სპეციალურ მასწავლებლებს: გასცემენ რეკომენდაციებს სსსმ მოსწავლეების დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, სკოლის სპეციალურ მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას სასწავლო რესურსებისა და სიახლეების შესახებ, აწარმოებენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების გათვალისწინებით, ეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს დისტანციური გაკვეთილის დაგეგმვაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მათი ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, შესაბამისად, მათი ანაზღაურების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2019 წლის ოქტომბერს მასწავლებელთა ხელფასი 150 ლარით გაიზარდა. ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, არსებული პანდემიის პირობებში, 2021 წლის იანვრის თვეში სრული დატვირთვის (15 საათი) მქონე უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სახელფასო დანამატი 100 ლარით ეზრდებათ. სახელფასო დანამატი ეზრდებათ მათაც, ვისაც არ აქვს, სრული დატვირთვა, პროპორციული დაანგარიშების წესის შესაბამისად,“- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати