USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი — მაგალითები ევროპის ქალაქებიდან
თარიღი:  290

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი — ირეალურად ჟღერს? ალბათ, ჩვენს რეალობაში კი, თუმცა მსოფლიოს ბევრ ქალაქში მსგავსი გადაწყვეტილებები კარგად აპრობირებულია და რამდენიმე მიზანს ემსახურება.

ევროპის სხვადასხვა ქალაქში უფასო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უკვე ბევრი სარგებელი მოიტანა: უპირველესად, გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარობა, გაუმჯობესდა ეკოლოგიური მდგომარეობა, კერძო ავტომობილების გამოყენების მაჩვენებელი შემცირდა, რაც დადებითად აისახა ჰაერის დაბინძურების დონესა და საცობების რაოდენობაზე.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაკვირვებას სულაც არ იწვევს. არსებობს მოსაზრება, რომ ის ისეთივე „ინსტიტუტად“ შეიძლება განვიხილოთ, როგორც უფასო სკოლები, პარკები, ბაღები და ბიბლიოთეკებია. თუმცა კეთილი განზრახვა, რა თქმა უნდა, ყოველთვის საკმარისი არ არის და ბევრ ქალაქში, სადაც უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვა სურთ, მცირე ფინანსური რესურსის გამო, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპული გამოცდილება

ესტონეთის დედაქალაქი, ტალინი, ევროპის ქალაქებს შორის, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, სადაც მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებისას საფასურის გადახდა არ უწევს. ქალაქის მმართველებმა გადაწყვეტილება რეფერენდუმის საფუძველზე მიიღეს. 2013 წელს, გამოკითხული მოსახლეობის 75% დათანხმდა, რომ ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გამხდარიყო.

ტალინის ამ ინიციატივასა და შედეგებს World Economic Forum-იც გამოეხმაურა. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის რეზიდენტებისთვისაა განკუთვნილი და სისტემაში ჩართვა „მწვანე ბარათის“ (რომლის ღირებულება 2 ევროა, ერთჯერადად) საფუძველზეა შესაძლებელი.

ტალინის მაგალითმა გამოკვეთა, რომ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე პოპულარული დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებშია, თუმცა მას აქტიუარდ იყენებს მაღალშემოსავლიანი მოსახლეობაც. ამ შემთხვევაში, მართალია, ისინი მგზავრობაში ფულს არ იხდიან, მაგრამ როგორც World Economic Forum-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი, სამაგიეროდ, მათ აქვთ შესაძლებლობა იარონ ადგილობრივ კაფე-რესტორნებსა და მაღაზიებში და თანხაც იქ დახარჯონ.

PopUpCity-ს ტალინის ოფისის ხელმძღვანელი, ალან ალაკულა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განმარტავდა, რომ უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებით ქალაქმა უფრო მეტი მიიღო, ვიდრე დაკარგა. თუმცა უფასო სისტემის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე შედეგები სახარბიელო მაინც არ იყო. კვლევების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 14%-ით გაიზარდა, კერძო ტრანსპორტის გამოყენება კი მხოლოდ 5%-ით შემცირდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ძირითადად, გაიზარდა მოხუცების, მოზარდებისა და დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობის სარგებლობის მაჩვენებელი.

ტალინის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი კომპანია Tallinna Linnatranspordi-ია. მთლიანობაში სისტემაში ჩართულმა ტრანსპორტმა 2023 წელს 36 მილიონი კილომეტრი დაფარა, გადაიყვანა 133 მლნ მგზავრი და ეს მაჩვენებელი 36,5 მლნ-ით მეტი იყო 2022 წლის მონაცემებთან შედარებით.

„მგზავრების რაოდენობა და გავლილი კილომეტრების მატება ადასტურებს, რომ უფასო და კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს. ამ შემთხვევაში, მოქალაქე დროს არ კარგავს პარკინგის მოსაძებნად და რაც უფრო მეტად გაუმჯობესდა სატრანსპორტო ქსელი, ის ნამდვილად გახდა პირადი ავტომობილის რეალური ალტერნატივა“, — წერია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ტალინი არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქმედებს. წარმატებულ მაგალითებად მიიჩნევა ლუქსემბურგი და დუნკერკი. საფრანგეთის ამ ქალაქში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2018 წელს დაინერგა. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ერთი წლის თავზე ავტობუსებით სარგებლობა სამუშაო კვირის დღეებში 65%-ით გაიზარდა, შაბათ-კვირას კი 125%-ით. გამოკითხული მომხმარებლების ნახევარმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო ხშირად დაიწყეს სარგებლობა მას შემდეგ, რაც ის უფასო გახდა. სხვათა შორის, გამოკითხულთა 10% აღნიშნავს, რომ სისტემის ამოქმედების შემდეგ საერთოდ უარი თქვეს კერძო ავტომობილზე ან საერთოდ არ განიხილავენ მის შეძენას.

გამოკითხულთა თითქმის 40% საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო ხშირად სარგებლობის მიზეზად ქსელის გაზრდილ ეფექტურობასა და საიმედოობას ასახელებს. მოქალაქეები უპირატესობას ანიჭებენ კომფორტს, რადგან მათ არ უწევთ ფიქრი სამგზავრო ბარათებზე, ფულსა თუ პირადობის მოწმობაზე.

დუნკერკის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ უფასო უხარისხოს ნამდვილად არ ნიშნავს, რადგან სწორედ ამ სისტემაზე გადასვლის პარალელურად, დუნკერკმა განავითარა საქალაქთაშორისო სატრანსპორტო კავშირი, დამატებით დაინიშნა ექსპრეს მარშრუტები, რომლებზედაც ტრანსპორტი ყოველ 10 წუთში მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ამ პერიოდში გერმანული მედია წერდა, დაახლოებით, 65 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა შვიდი ახალი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე.

ლუქსემბურგმა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის 3 წლის იუბილე 2023 წელს აღნიშნა. ეს პატარა სახელმწიფო იქცა მსოფლიოში პირველ ქვეყნად, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ბარათის ერთჯერადად შეძენაც კი არ არის საჭირო. გამონაკლისი მხოლოდ პირველი კლასის მატარებელია.

ლუქსემბურგის მოსახლეობა მხოლოდ 0,6 მილიონს შეადგენს. როგორც 2023 წელს ქვეყნის პრემიერი, ფრანსუა ბაუში აცხადებდა, ამ გადაწყვეტილებაში უფრო მეტი თანასწორობაა, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხალხს წაახალისებს, უარი თქვან საკუთარ ავტომობილებზე და გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ლუქსემბურგის გეგმა 2030 წლისთვის ემისიების 55%-იანი შემცირებაა.

ამართლებს თუ არა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი? ამ კითხვაზე პასუხს ჯერ კიდევ სწავლობენ იმ ქალაქებსა თუ სახელმწიფოებში, სადაც მსგავსი სისტემები ინერგება. პარალელურად, ექსპერიმენტებს ატარებს ევროპის სხვა ქალაქიც, მათ შორისაა, მაგალითად, მონპელიე სამხრეთ საფრანგეთში. ქალაქმა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 2023 წლიდან დანერგა, ძირითადი მიზანი კლიმატის კრიზისთან ბრძოლა და მოსახლეობის ხარჯების შემცირება იყო. მონპელიემ, სადაც 510 000 ადამიანი ცხოვრობს, ერთი წლის თავზე სასიამოვნო შედეგი მიიღო — საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება 30%-ით გაიზარდა. მონპელიეს გადაწყვეტილება ერთბაშად არ მიუღია, თავდაპირველად საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო მხოლოდ შაბათ-კვირას გახდა, შემდეგ ეტაპზე სისტემაში ჩაერთო 18 წლამდე მოქალაქეები და 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები, შემდეგ ეტაპზე კი სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდა.

„უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნიშნავს მოქმედებას ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის კლიმატის ცვლილების გამოწვევების საპასუხოდ“, — აცხადებენ ქალაქის მმართველები.

წყარო:Urban Media • ურბან მედია

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.