USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
თარიღი:  536

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და სახალხო დამცველს კიდევ ერთხელ სთავაზობს შეხვედრას მის მიერ წარდგენილ “სასამართლოს მეგობრის” პოზიციასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2022 წლის 5 აგვისტოს, სასამართლომ, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ და ვასო ურუშაძის, ასევე ლაშა ფარულავას მიერ გავრცელებული ყველა სადავო განცხადება ცილისწამებად იქნა აღიარებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს დაეკისრათ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა საჯაროდ. ასევე, თითოეულ მათგანს დაეკისრა მორალური ზიანის კომპენსაცია 5 000 ლარის ოდენობით. მას შემდეგ, რაც გამოცხადდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რის გამოც თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური, მხოლოდ ფაქტებზე და სამართლებრივ არგუმენტაციაზე დაფუძნებული ინფორმაცია.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მიმდინარე სასამართლო განხილვები გაგრძელდა გონივრულ ვადებში, ოთხ თვეზე მეტხანს და ჩატარდა 6 ძალიან ვრცელი, რამდენიმესაათიანი სასამართლო სხდომა, რაც მსგავსი კატეგორიის დავებისათვის იშვიათია და ასახავს საქმის ყოველმხრივი და ობიექტური განხილვის თვალსაზრისით სასამართლოს აშკარა დაინტერესებას. შესაბამისად, სრული სიცრუეა განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსამართლე ცდილობდა პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად და შემჭიდროვებულ ვადებში ჩაეტარებინა.

საქმეზე დაიკითხა სულ 6 მოწმე, საიდანაც ჩვენი, როგორც მოსარჩელის მიერ დასახელებული იყო 2 მოწმე, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებული იყო 4 მოწმე. რაც შეეხება მოწმის სახით პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოწვევის შესახებ შუამდგომლობას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მოპასუხე მხარე ვერ უთითებდა ვერც ერთ კონკრეტულ ფაქტს, ან გარემოებას, თუ რა უნდა დაედასტურებინათ მითითებულ მოწმეებს. სასამართლო სხდომაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერების მოწვევა, იმთავითვე მიმართული იყო პროცესის პოლიტიკურ შოუდ ქცევისკენ, რის გამოც სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობა.

ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ მოპასუხეებზე მორალური ზიანის სახით კომპენსაციის დაკისრებასა და მის ოდენობაზე. როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტით, ცილისწამების სარჩელზე, როგორც წესი, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების, ანუ სადავო განცხადებების ცილისწამებად აღიარების შემთხვევაში, ხდება, მეორე სასარჩელო მოთხოვნის, ანუ მორალური ზიანის ნაწილში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება, ვინაიდან თავისი არსით, საჯარო ცილისწამება და განსაკუთრებით დანაშაულის დაბრალებით ცილისწამება, თავისთავად წარმოქმნის მორალური ზიანის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად ამ მხრივ სასამართლოს რაიმე ახალი, განსაკუთრებული, ან მითუმეტეს, „პრეცედენტული“ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გაცნობის შემთხვევაში. ზიანის ოდენობად 5 000 ლარის დაკისრება კი ისეთი წინასწარგანზრახული, კამპანიური ხასიათის ცილისმწამებლური ბრალდებების ფონზე, რასაც თვეების განმავლობაში ორკესტრირებულად ახორციელებდნენ მოპასუხეები, არის აშკარად სასამართლოს მხრიდან გამოვლენილი ლოიალობის აქტი მოპასუხეების მიმართ, თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორც თავიდანვე მივუთითებდით (ეს შავით თეთრზე წერია სარჩელში), მატერიალური ნაწილი არ წარმოადგენდა ჩვენს ინტერესს და ნებისმიერი თანხა, რაც არ უნდა დაკისრებოდათ მოპასუხეებს, მიემართებოდა ხანდაზმულთა პანსიონატის დასახმარებლად, რომელსაც პატრონაჟს უწევს ბატონი უჩა მამაცაშვილი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოპასუხე მხარის სპეკულაციური განცხადებები, მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების მათზე გადაკისრების თაობაზე, ვინაიდან სასამართლო ხარჯების განაწილების ამგვარ პრინციპს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს და სასამართლომ იმოქმედა სწორედ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

და ბოლოს, არ შეგვიძლია წუხილი არ გამოვთქვათ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ იმ სრულიად არაკომპეტენტური განცხადების გამო, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში. თან იმ დროს, როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ მხარეებსაც კი არ ჩაბარებიათ და შესაბამისად გარეშე პირისათვის შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების ობიექტური შეფასება. “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიზირებული, სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის სურვილის შემცველი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მისწრაფებას, სასამართლო დავა გამოიყენონ მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებისათვის. ეს პროცესი ასევე საბოლოოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული კერძო პირების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციას, ისევე როგორც მის სპიკერებს,არაფერი აქვთ საერთო არც არასამთავრობო სექტორთან და მითუმეტეს, ადამიანის უფლებების დაცვასთან.

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას შეხვედრას და საგნობრივ საუბარს, როგორც სასამართლოსათვის მის მიერ წარდგენილ, ჩვენი აზრით, მიკერძოებულ დასკვნასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად სასამართლოს მიერ უჩა მამაცაშვილის შესახებ ცილისწამებად აღიარებული განცხადებების ირგვლივ.

ჩვენ, როგორც ბატონი უჩა მამაცაშვილის ადვოკატები ვადასტურებთ მზადყოფნას შესაბამისი მომართვის შემთხვევაში, გავცეთ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი და ვითანამშრომლოთ ყველა ობიექტურ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, თუ მედიის წარმომადგენელთან. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის ეს შეთავაზება ეხება საზოგადოებისთვის შესაძლო საინტერესო სხვადასხვა საკითხებსაც და არა მხოლოდ მიმდინარე სასასამართლო დავას, რომელიც სრულიად გამჭვირვალედ, ობიექტურად და არსებული ეროვნული, თუ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად იქნა წარმართული“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა, რომლითაც ის ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას მიერ, მის მიმართ გაჟღერებული, როგორც თავად მამაცაშვილი მიიჩნევს, ცილისმწამებლური ბრალდებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული ყველა ბრალდება ცილისწამებად იქნა აღიარებული, ხოლო მორალური ზიანის საკომპენსაციოდ თითოეულ მოპასუხეს 5 000 ლარი დაეკისრა, რომელიც უჩა მამაცაშვილის ადვოკატის განცხადებით, მოხუცებულთა თავშესაფარს გადაერიცხება.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.