USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
ტვ “იმედი” ზარალზეა - ტელევიზიამ 2019 წელს 51 მილიონი ლარი იზარალა
Date:  1000

საქართველოს სატელევიზიო ბაზრის უმსხვილესმა მოთამაშემ - “იმედმა” ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს 2019 წლის ფინანსური ანგარიშგება წარუდგინა, რაც ამ უკანასკნელმა კანონმდებლობის შესაბამისად reportal.ge-ზე საჯაროდ გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს “ტელეიმედს” 28.74 მილიონი ლარის შემოსავალი, 2018 წელს კი 29.99 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, თუმცა ეს შემოსავალი არ იყო საკმარისი, რათა ტელევიზიას მისი საოპერაციო და ფინანსური ხარჯები დაეფარა - რის გამოც 2019 წელს კომპანიამ 51.23 მილიონი ლარით, 2018 წელს კი 34.38 მილიონი ლარით იზარალა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს “ტელეიმედის” მთავარი ხარჯები იყო:

შრომის ანაზღაურება - 24 მილიონი ლარი;
ცვეთა და ამორტიზაცია - 8.4 მილიონი ლარი;
სხვა საოპერაციო ხარჯები - 23 მილიონი ლარი;
ფინანსური ხარჯები - 13 მილიონი ლარი;
მარაგების ხარჯები - 2.25 მილიონი ლარი;
წმინდა ზარალი სავალუტო ოპერაციებზე - 9.16 მილიონი ლარი.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ტელევიზიის აქტივები 31.1 მილიონ ლარს, მისი ვალდებულებები კი 180 მილიონ ლარს შეადგენს, ამასთან ტელევიზიას აქვს დაგროვილი 221.5 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი.

2018 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი კომპანია “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპი” ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ დაფუძნებულმა საინვესტიციო ჰოლდინგმა “Media Finance Group B.V”-იმ შეიძინა. თუმცა, ამის მიუხედავად, ტელევიზიის მფლობელად სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კვლავ ინა გუდავაძე რჩებოდა. 2021 წლის აგვისტოში კი პატარკაციშვილების ოჯახმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ირაკლი რუხაძის მიერ დაფუძნებული კომპანია “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუპის” ოფიციალური მფლობელი გახდა.

თავის მხრივ, “ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფს” “ტელეიმედთან” ერთად GDS-ისა და “რადიო იმედის” 100%-იანი წილიც ეკუთვნის, შესაბამისად, აღნიშნული მაუწყებლების მფლობელიც ამჟამად ირაკლი რუხაძის ბიზნეს ჯგუფია.

ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ტელეკომპანია “იმედის” დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო ტელევიზიის მიერ მოზიდული სესხებია. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ტელევიზიის ვალდებულებების მოცულობა 141.5 მილიონი ლარიდან 179.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ტელევიზიას ყველაზე დიდი მოცულობის - 92 მილიონი ლარის ვალდებულება - Media Finance Group B.V-სადმი ჰქონდა, რომლის მიერ გაცემული სესხიც აშშ დოლარში არის ნომინირებული, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 10%-ს შეადგენს.

“2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას აქვს დაგროვილი ზარალი 221,506,254 ლარის ოდენობით და 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის ჰქონდა 51,231,929 ლარის ოდენობის ზარალი. ამასთან ერთად 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის მიმდინარე ვალდებულებები აღემატება კომპანიის მიმდინარე აქტივებს 173,133,335 ლარით. ამ მოვლენებსა და გარემოებებს შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს კომპანიის უნარი, ოპერირება გააგრძელოს როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ.

კომპანიის მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ თანდართული ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპით მართებულია შემდეგი მიზეზების გამო:

• მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ მომავალში კომპანია შეძლებს საკმარისი დაფინანსების მიღებას, რაც გადაჭრის ლიკვიდობის დეფიციტის პრობლემას და უზრუნველყოფს ოპერაციების დასაფინანსებლად საკმარისი თანხების არსებობას.”- ნათქვამია “ტელეიმედის” 2019 წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში.

გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიში მხოლოდ 2019 და 2018 წლების მაჩვენებლებს ასახავს, შესაბამისად უცნობია როგორი საოპერაციო შედეგები ჰქონდა არხს 2020 წელს. თუმცა, კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილ ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელს არხს 29.2 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, 2021 წლის პირველ ნახევარში კი მისი შემოსავალი 12.3 მილიონი ლარი იყო.

"ტელეიმედი" ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ერთადერთი ზარალიანი ტელევიზია არაა, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წელს "რუსთავი 2"-ის ზარალი 25.35 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 13.86 მილიონი ლარი იყო. 

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way