USD 2.6487
EUR 3.0351
RUB 3.5959
Tbilisi
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
Date:  2966
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში კულტურის მინისტრების საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობის დღეებში კულტურული პარკ-კომპლექსი „მახტუმკული ფრაგი” გაიხსნა.
 
თურქმენეთის მთავრობის გადაწყვეტილებითა და საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით პარკში, სხვადასხვა ექოპისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით, შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა.
 
ძეგლის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი, თურქმენეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თურქმენეთის მთავრობისა და მეჯლისის, ასევე, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
იოსებ ბაღათურიამ, კონსტანტინე საბიაშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი. გახსნის ცერემონიალზე თურქმენეთის აკადემიური თეატრის მსახიობებმა გამართეს ლიტერატურული წარმოდგენა, წაიკითხეს ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან".
 
თურქმენეთის დედაქალაქში დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, ძეგლის გახსნა ემსახურება საზღვარგარეთ ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას და, ამავდროულად, ნათელი დადასტურებაა ორი ქვეყნის მჭიდრო კულტურული კავშირისა.
 
ინფორმაციისთვის: აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს კულტურისა და პორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ესწრებოდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრები, სამთავრობო დელეგაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სამეცნიერო და შემოქმედებითი საზოგადოებების წარმომადგენლები.
შეხვედრების მთავარი თემა იყო მახტუმკული ფრაგის მოღვაწეობა და მისი შემოქმედების გავლენა თურქმენეთისა და მეზობელი ქვეყნების კულტურაზე. კონფერენციაზე ისაუბრეს მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისთვის ქვეყნების კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.
 
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენცია მახტუმკული ფრაგის - გამოჩენილი მოაზროვნისა და პოეტის, 300 წლის იუბილეს მიეძღვნა.
თურქმენი ერის გამოჩენილი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი, თურქმენული ენის ფუძემდებელი, ლიტერატორი, ჰუმანისტი, პატრიოტი და მოაზროვნე მახტუმკული ფრაგი XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა. არსებობს მისი სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია. მახტუმკული ფრაგი აღიარებულია აღმოსავლური ლიტერატურის კლასიკოსად.
society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way