USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
„თურქეთს განზრახული აქვს რუსეთთან მტკიცე კავშირების შეინარჩუნოს - ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში“ - «Reuters» (დიდი ბრიტანეთი)
Date:  427

ბრიტანული გამოცემა „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთს განზრახული აქვს რუსეთთან მტკიცე კავშირების შეინარჩუნოს - ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში“ (ავტორები - ეჯე თოქსაბაი და ჰუსეინ ჰაისევერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ამ თვეში დაგეგმილ თურქეთის არჩევნებში, ნატოს წევრი ანკარა, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას რუსეთთან.

ამის მიზეზი მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რამაც აიძულა პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, გამოესწორებინა დაძაბული ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ისრაელი, რომლებსაც ის მანამდე მკაცრად აკრიტიკებდა, ამბობენ ანალიტიკოსები.

ანკარა ასევე ცდილობს ეგვიპტესთან დაახლოებას და სირიასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, სირიის ომის დაწყებიდან 12 წლის თავზე. „პოლიტიკის შეცვლა აუცილებლობის გამო მოხდა და არა მიზანმიმართულად“, ამბობს ფატიჰ ჯეილანი, ანკარის პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი.

რუსეთი მეზობელია, რომელთანაც თანამშრომლობა, რეგიონალურ კონტექსტში, თურქეთს უწევს. თურქეთი დიპლომატიური შუამდგომლის როლს თამაშობს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ანკარა ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს რუსეთზე და მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან და კიევთან. თუმცა აქვე, ანკარამ გააკრიტიკა რუსეთის ომი უკრაინაში და კიევს „ბაირახტარის“ დრონები გაუგზავნა.

„თურქეთი რუსეთს განზე ვერ დააყენებს, ის ძლიერი მეზობელია და ჩვენ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური და კომერციული კავშირები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან“, - დასძინა ჯეილანმა.

გასულ თვეში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ერდოღანმა ვირტუალურად მიიღეს მონაწილეობა თურქეთის პირველი ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგიის კომპანია "როსატომის" მიერ აშენდა. პუტინმა მას ფლაგმანი პროექტი უწოდა, რომელიც დაეხმარება „ორ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი პარტნიორობის განმტკიცებას“.

თურქეთში 14 მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. ინფლაციის შედეგად გამოწვეული ფასების ზრდამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ერდოღანის მხარდაჭერა ბოლო წლებში შეარყია და გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის ჩამორჩება თავის მთავარ ოპონენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს.

„ნებისმიერმა გაფართოებულმა საგარეო პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა კიდევ უფრო დააზარალოს თურქეთის ეკონომიკა“, - ამბობს ბირგულ დემირთაში, სტამბოლის თურქულ-გერმანული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.

მოსკოვს აშფოთებს ის, რომ მთავრობის ცვლილებამ შეიძლება განაპირობოს თურქეთის უფრო პროდასავლური პოზიცია, თქვა აჰმედ კამილ ეროზანმა, IYI პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც ექვსპარტიული ოპოზიციური ალიანსის წევრია.

„ჩვენ გვჭირდება შეთანხმება როგორც რუსეთთან, ასევე შეერთებულ შტატებთან პირველივე დღეს, რადგან ერდოღანის საგარეო პოლიტიკა პირად ურთიერთობებზე იყო დაფუძნებული“, - თქვა ეროზანმა, რომელიც განიხილება როგორც საგარეო საქმეთა მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

თურქეთი შეეცდება შეამციროს თავისი ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე 50%-დან 30%-მდე, ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასძინა ეროზანმა, რომელიც ნატოში თურქეთის ყოფილი ელჩია.

თურქეთი აგრძელებს რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას, უკრაინის ომის მიუხედავად. გასულ წელს, ანკარის და გაეროს შუამავლობით მიიღწა შეთანხმება, რომლითაც შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განახლდა. თურქეთის დაბალანსებული მიდგომა რუსეთის მიმართ არ შეიცვლება, თუ ქილიჩდაროღლუ შეცვლის ერდოღანს, თქვა ჯეილანმა.

თურქეთს აქვს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მათ შორის ტურიზმის, გაზის მიწოდების, მარცვლეულის და სხვა სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის სფეროში.

თავად კილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ "თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები ჯანსაღად და სანდოდ გაგრძელდება“ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელიც აპირებს შეცვალოს ერდოღანის პოლიტიკის დიდი ნაწილი, ასევე განაცხადა, რომ პრიორიტეტს მიანიჭებს დიპლომატიას და უარს იტყვის კონფრონტაციულ სტილზე, რომელიც თურქეთის საგარეო პოლიტიკას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახასიათებს.

ეროზანის თქმით, ოპოზიციური ალიანსი ევროკავშირში სრულ გაწევრიანებას მყარ მიზნად ისახავს და ევროკავშირის ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები შეესაბამება ოპოზიციის ხედვას.

ოპოზიცია აპირებს დაუბრუნდეს თურქეთის საგარეო პოლიტიკის ტრადიციულ პარამეტრებს, რომლებიც დასავლეთზე ორიენტირებას გულისხმობს, ამბობს დემირთაში. „თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ აქვთ აქცენტი თანასწორობაზე თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა საერთაშორისო აქტორთან, მათ შორის ევროკავშირთან, აშშ-სთან და რუსეთთან“, - დასძინა მან.

წყარო: https://www.reuters.com/world/turkey-set-keep-strong-russia-ties-whoever-wins-election-2023-05-05/

 

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way