USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
თურქეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ჩინეთის ინვესტიციების შეფასება
თარიღი:  
სურათზე თქვენ ხედავთ სარკინიგზო ხაზს „ედირნე - ყარსი“ – „შუა დერეფნის“ უშუალო გაგრძელებას თურქეთის ტერიტორიაზე. ევროპის პარლამენტის ტრანსპორტის კომიტეტმა შეუკვეთა სპეციალური კვლევა, რომლის მიზანია ევროპის არასაზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ჩინეთის ინვესტიციების შეფასება - იგულისხმება შემდეგი ქვეყნები: გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, სერბეთი, თურქეთი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო თურქეთის შემთხვევაა.
 
ბევრი რომ არ შეგაწუხოთ, პირდაპირ მოგახსენებთ:
 
თურქეთი ჩინეთის ინიციატივას „სარტყელი და გზა“ განიხილავს როგორც დამატებით ინიციატივას თავისი „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის. სახმელეთო მაკავშირებელი ხაზი ინიციატივის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში შეიცავს ორ მნიშვნელოვან მარშრუტს: პირველი მდგენელია „ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა“, ხოლო მეორე - დაგეგმილი „ედირნე - ყარსის დიდჩქარული რკინიგზა“ (Edirne-Kars High-Speed Railway Line), რომელიც უნდა აშენდეს საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრიდან ბულგარეთის დასავლეთ საზღვრამდე.
 
მარშრუტის „ედირნე - ყარსი“ უბანი „ანკარა - სტამბოლი“ უკვე ააშენა ჩინურ-თურქულმა კონსორციუმმა, რომელმაც კონტრაქტი 2005 წელს გააფორმა. აღნიშნულ კონსორციუმში შედიოდა „ჩინეთის სარკინიგზო სამშენებლო კორპორაცია“ (China Railway Construction Corporation) და „ჩინეთის მანქანა-დანადგარების იმპორტის და ექსპორტის ეროვნული კორპორაცია“ (China National Machinery Import and Export Corporation), რომლებსაც პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდათ თურქულ კომპანიებთან Cengiz Construction და Ibrahim Cecen Ictas Construction. აშენებული მარშრუტის სიგრძე შეადგენს 533 კმ-ს, ხოლო მატარებლების მოძრაობის სიჩქარე - 250 კმ/სთ-მდე. პროექტის დაფინანსება 554 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის სახით უზრუნველყო ჩინეთმა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთმა განახორციელა დიდჩქარული რკინიგზის მშენებლობის პროექტი თავისი ქვეყნის ფარგლებს მიღმა.
 
2015 წლის ნოემბერში თურქეთმა და ჩინეთმა გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის მიზანი იყო მათი ინიციატივების „სარტყელი და გზა“ და „შუა დერეფანი“ შეთანხმება. აღნიშნულმა შეთანხმებამ გზა გაუხსნა დისკუსიას საკვანძო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ; ერთ-ერთს წარმოადგენდა შეთავაზებული დიდჩქარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფა ყარსსა და ედირნეს შორის. დაგეგმილი სარკინიგზო ხაზის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 27 მილიარდ ევროს.
 
მოლაპარაკებებში მონაწილე თურქული დელეგაციის თანახმად, სადაო საკითხებია: (1) ვალით უზრუნველყოფილი პროექტების დაფინანსების საპროცენტო განაკვეთები - ჩინეთი ითხოვს უფრო მეტს, ვიდრე მსოფლიოშია მიღებული, ხოლო თურქეთი ითხოვს ოდნავ უფრო ნაკლებს; (2) გადასახადის გასტუმრებამდე საშეღავათო პერიოდი - ჩინეთი ხუთ წელს სთავაზობს, თურქეთი კი ითხოვს ათ წელს (ასეთი ხანგრძლივობისაა საშეღავათო პერიოდი იაპონიასთან თურქეთის შეთანხმებაში მარმარაის სარკინიგზო ხაზის დაფინანსების და მშენებლობის შესახებ); (3) ჩინეთი ითხოვს სარკინიგზო ხაზის და მასთან ნებისმიერი მირთვის საბოლოო დამტკიცებას; (4) ჩინეთი დაჟინებით მოითხოვს ჩინეთიდან შემოყვნილი სამუშაო ძალის გამოყენებას, ხოლო თურქეთი ადგილობრივი მომუშავეების დასაქმებას (ერთ-ერთ ეჭვს და შიშს წარმოადგენს ის, რომ ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს პატიმრები ჩინეთის ციხეებიდან და დატოვოს ისინი თურქეთში მშენებლობის დასრულების შემდეგ); (5) ჩინეთი ითხოვს იპოთეკებს და კონფისკაციის უფლებას ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ხოლო თურქეთის ხაზინა დაუშვებლად მიიჩნევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების შესაძლო კონფისკაციას; (6) ჩინეთი ითხოვს ექსპლუტციიდან წილს პროცენტული შეფარდებით 51/49, ხოლო თურქეთი სთავაზობს წმინდა ერთობლივ საწარმოს პროცენტული წილით 50/50.
 
სარკინიგზო ხაზის განვითარების შესახებ ბოლო მოლაპარაკებები 2019 წელს ჩატარდა, და თურქეთის საბოლოო შეთავაზება ჩინეთმა უპასუხოდ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ფინანსურ შეზღუდვებს აწყდება, რაც მას არ აძლევს ინვესტიციების განხორციელების საშუალებას საკუთარი რკინიგზის ქსელის განვითარებაში, ბოლო დროს ადგილი ჰქონდა გარკვეულ წინსვლას. კერძოდ, მარშრუტის დასავლეთ უბანი, რომელიც სტამბოლის პროვინციის ბაშაკშექირის რაიონში, „ისპარტაკულეს რკინიგზის სადგურს“ (Ispartakule railway station) აკავშირებს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, თექირდაგის პროვინციაში, ქალაქ ჩერქეზკიოისთან (Cerkezkoy), აშენდა „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის“ (EBRD) და „აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის“ (Asian Infrastructure Investment Bank) ფინანსური მხარდაჭერით.
 
მოცემულ მომენტში, ჩინეთის გავლენა თურქეთის ინფრასტრუქტურულ ქსელებში საკმაოდ შეზღუდულია. ყველაზე შესამჩნევი ჩინური ინვესტიცია თურქეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელდა ჰალკალიში, სტამბოლის ევროპულ მხარეს, ბოსფორის სრუტიდან დასავლეთით 22 მილში განლაგებულ კუმპორტის ტერმინალში (Kumport Terminal). მაგრამ, როგორც ჩანს, ჩინეთმა სრულად არ გამოიყენა კუმპორტის ტერმინალის პოტენციალი, და პროექტმა შეზღუდული გავლენა მოახდინა თურქეთის ეკონომიკაზე. ტერმინალში ადგილი აქვს ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მუშაობს თავისი შესაძლებლობების ზღვარზე. მიუხედავად თურქეთის ინტერესისა, ჩინეთი მცირე ენთუზიაზმს ავლენს სხვა პორტებში საკუთრების სფეროში ჩარევასთან ან ქვეყანაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.
 
მიუხედავად ამისა, თუ ჩინეთი კვლავ გააქტიურდება და განახორციელებს ინვესტიციებს მარშრუტის განვითარებაში, სარკინიგზო ხაზის „ედირნე - ყარსი“ ექსპლუატაციაზე უფლების მოპოვების ჩათვლით, როგორც იყო შეთანხმებული მოლაპარაკებების დროს, შედეგები შორს გასცდება თურქეთის ფარგლებს. სარკინიგზო ხაზზე „ედირნე - ყარსი“ ჩინეთის ეფექტიანი კონტროლი ნიშნავს ეფექტიან კონტროლს სატვირთო გადაზიდვებზე „შუა დერეფანში“. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, „შუა დერეფანს“ შეუძლია უფრო სოლიდური როლის შესრულება სარკინიგზო ტვირთნაკადების მართვის სფეროში. თუ ჩინეთი მოახერხებდა თურქეთის ცენტრალური მარშრუტის მართვის ხელში ჩაგდებას, ის შეძლებდა თურქეთის სავაჭრო პოლიტიკაზე ზემოქმედებას, რაც პოტენციურად გაამწვავებდა სავაჭრო დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემებს.
 
რადგან თურქეთს უგროვდება მეტი ვალი ჩინეთის წინაშე ინფრასტრუქტურული პროექტების საკრედიტო დაფინანსების ხარჯზე და იზრდება ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა ჩინეთთან, როცა ისტორიულად მნიშვნელოვანია სავაჭრო დეფიციტი თურქეთისთვის, ეს ჩინეთს უქმნის ქვეყანაზე გავლენის გაზრდის შესაძლებლობას. ეს აძლიერებს ჩინეთის პოტენციალს რეგიონში ფეხის მოკიდების თვალსაზრისით. მარშრუტზე კონტროლის დამყარებით, განსაკუთრებით, თუ ის მიიღებს სარკინიგზო ხაზის „ედირნე - ყარსი“ მართვის უფლებას, ჩინეთს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი გავლენა, ამან კი შეიძლება განსაკუთრებით სოლიდური ზემოქმედება მოახდინოს რეგიონის ქვეყნებზე.
 
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის