USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება
Date:  658

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება.

ტერიტორიაზე, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, უკვე მოწყობილია 836 ანკერი. აღნიშნული სამუშაოები უახლოესი დღეებში დასრულდება და ხიმინჯოვანი კედლის მშენებლობა დაიწყება. სულ მოეწყობა 56 ხიმინჯი.
მიმდინარე პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გარკვეული მონაკვეთი დაძრული იყო, რაც გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. შესაბამისად, დავიწყეთ მისი გამაგრება. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეს იყო დატერასება, გრუნტის ზედმეტი მასის მოხსნა და ფერდის ჩამოწმენდა. ამჟამად მიმდინარეობს ანკერების მოწყობა. აქვე მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ძალიან მალე მოგვიწევს ერთ ზოლზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა, სამუშაოების ბოლო ეტაპის წარმოებისთვის. გზის პირას განთავსებული ბლოკები მოიხსნება და მოეწყობა ბეტონის კედელი. ვფიქრობთ, რომ პროექტი მაისის ბოლოს მთლიანად დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, წყნეთის გზატკეცილზე, დაახლოებით, 950 ანკერი, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,5 მლნ ლარი დაიხარჯება.
ფერდის გამაგრების სამუშაოებს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, მაისის ბოლოს დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way