USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტმა ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში მესამე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
თარიღი:  279

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინური საბაკალავრო პროგრამის დაარსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“/EUSTBA ფარგლებში მესამე საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურ ფორმატში გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა  ევროპისმცოდნეობის დარგში განათლების ადრეული ეტაპიდანვე სწავლებისა და კვლევის დაკავშირების მნიშვნელოვანი როლის კონცეპტუალიზაციას, კვლევის მეშვეობით სწავლების  ბენეფიტების განხილვასა და ამ მიმართულებით საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას, მკაფიო ინსტიტუციური მიდგომის შემუშავების მნიშვნელობის ხაზგასმას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, თსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, დაინტერესებული მხარეები.

 ორდღიანი კონფერენცია ჟან მონეს პროექტის კოორდინატორმა, ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა გახსნა და მოკლედ მიმოიხილა პროექტის იმპლემენტაციის 2 წელი და ამ პერიოდში მიღწეული წარმატებული შედეგები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, ასევე, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებმა პროფ. დანიელა ურსემ, პროფ. ნათია ლაპიაშვილმა, პროფ. თამაზ ზუბიაშვილმა და პროფ. ვასილ კაჭარავამ. მისასალმებელი ცერემონიის შემდგომ კონფერენციის პირველი სესია ოფიციალურად გაიხსნა, რომელსაც უძღვებოდა ბუქარესტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი დანიელა ურსე. მან კვლევასა და მის მახასიათებლებზე უშუალოდ ევროპისმცოდნეობის დარგთან მიმართებაში, საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებებზე, სოციალური კვლევის მეთოდების სწავლების თავისებურებებზე ისაუბრა.

მეორე სესია დაეთმო სწავლების გაძლიერების თემატიკას კვლევების მეშვეობით, რომლის მთავარი მომხსენებლები იყვნენ ბრიტანეთის სოუთჰემპტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი კამილ  ზვოლსკი და კოლეგიუმ ცივიტას პროფესორი და ამავდროულად ევროპის კოლეჯის მიწვეული პროფესორი, თსუ ევროპისმცოდნეობის პროგრამების გარე შემფასებელი ერასმუს+ პროექტის ფარგლებში ქერი ენნ ლონგჰარსტი. ამავე სესიაზე მოხდა ევროპისმცოდნების სწავლების მეთოდებში ჟან მონეს წინა ვორკშოფებსა და კონფერენციაზე დაგეგმილი პუბლიკაციის შიდასაუნივერსიტეტო შეფასება (ე.წ. peer-review).

კერძოდ, სესიაზე პრეზენტაციებით წარსდგნენ ევროპისმცოდნეობის ორენოვანი ქართული  ჟურნალის (Georgian Journal for European Studies) სპეციალური გამოცემის სტატიების ავტორები: თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიული შაბაშვილი სტატიით: „პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის დანერგვა აკადემიური წერის კურსში“; თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი არჩილ ყარაულაშვილი სტატიით: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება დისტანციური სწავლებისას (საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და სამართლებრივი ურთიერთობების ზოგადი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ სალექციო კურსების მაგალითზე)“; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი გიორგი მესხი სტატიით: “სოკრატეს სწავლების მეთოდის გამოყენება ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კურსში“; თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ალექსანდრე დავითაშვილი სტატიით „დემოკრატიული მმართველობის სწავლების პრინციპები“. მოხსენების დისკუსანტი იყო თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ეთერ ღვინერია, რომელმაც პროფესორ ზვოლსკისა და პროფესორ ლონგჰურსტთან ერთად სტატიის ავტორებს რეკომენდაციები და შეფასებები გაუზიარა.

 პირველი დღის დასკვნითი - მესამე სესია დაეთმო სტუდენტთა კვლევებში ჩართვის პრაქტიკული ასპექტების მიმოხილვას, რომელსაც უძღვებოდა გაერთიანებული სამეფოს ბელფასტის ქუინსის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი მარეკ მარტინიშინი. სესია ინტერაქტიული ხასიათის იყო და მასში თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მონაწილეობდნენ. მესამე სესია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, რის შემდეგაც კონფერენციის პირველი დღე ღონისძიების შეჯამებით დაიხურა.

 კონფერენციის მეორე დღე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის მისალმებით გაიხსნა და გაგრძელდა მეოთხე სესიით, სადაც ამჯერად ევროპისმცოდნეობის ორენოვანი ქართული ჟურნალის სპეციალური გამოცემის ფარგლებში მომზადებული სწავლების მეთოდებისადმი მიძღვნილი სტატიების პრეზენტაციებით წარსდგნენ თსუ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, თსუ-ისა და გრენობლის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ნათია ლაპიაშვილი სტატიით „ევროკავშირის სამართლისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების სწავლება საქართველოში:  გამოყენებული სწავლების მეთოდები და მოსალოდნელი სწავლების შედეგები“; ევროპისმცოდნეობის პროგრამების თანახელმძღვანელი, თსუ-ის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი სტატიით - „მოსახლეობის კურსში სწავლების მეთოდების ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი“; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი და დეკანი ვახტანგ ჭარაია ( თანაავტორობით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტ მარიამ ლაშხთან) სტატიით „ინოვაციური ფინტექ ტექნოლოგიები საგანმანათლებლო დაწესებულებებში“; ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან მახაშვილი სტატიით „ინოვაციური სწავლებისა და სწავლის მეთოდების გამოყენება საქართველოში ევროპისმცოდნეობის სწავლებისას“ (წარმდგენი: თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი); თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი თამარ კვარაცხელია სტატიით: „ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სამართლის სწავლების ეფექტური მეთოდები“.

მეხუთე სესიაზე ინტერაქტიული ვორქშოპი იქნა შემოთავაზებული გაერთიანებული სამეფოს ბელფასტის ქუინსის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის მარეკ მარტინიშინის მიერ თემაზე - “როგორ გამოვაქვეყნოთ საერთაშორისოდ აღიარებულ რეფერირებად ჟურნალებში (როგორ და რატომ, ტაბუს გარეშე)”. პროფესორმა მარტინიშინმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მონაწილეებს და უპასუხა საერთაშორისო პუბლიკაციების გაზრდის კუთხით დასმულ შეკითხვებს.

 კონფერეციის დასკვნითი მეექვსე სესია მიეძღვნა პუბლიკაციის შანსების გაზრდის მიზნით კვლევის მეთოდოლოგიების სწორად აგებას, სწორი კვლევითი სტრატეგიების შერჩევასა და გამოქვეყნების გზაზე თვითდამაბრკოლებელ ქმედებათა თავიდან აცილების საკითხს. სესიას უძღვებოდა ბუქარესტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი და თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი დანიელა ურსე.

კითხვა-პასუხებისა და დასკვნითი კომენტარების შემდეგ ჟან მონეს მესამე საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად დაიხურა.

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.