„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთა რიგებს უღირსეულესი წევრი გამოაკლდა,“ — გვითხრა ცნობილმა სამართალმცოდნემ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მინდია უგრეხელიძემ, როდესაც მას საერთაშორისო საჯარო სამართლის ექსპერტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ლუციუს უილდჰაბერის მოღვაწეობის შესახებ ვკითხეთ. ეს ბატონი უილდჰაბერის რეგალიეთა არასრული ჩამონათვალია: ლუციუს უილდჰაბერი 1937 წლის 18 იანვარს შვეიცარიაში დაიბადა, წარმოშობით გერმანელი 7 უცხო ენას ფლობდა, მათ შორის, 2 მკვდარ ენას — ძველ ბერძნულსა და ლათინურს, სწავლობდა ბაზელში, პარიზში, ჰაიდელბერგში, ლონდონსა და იელში, 1971-1977 წლებში ლექციებს კითხულობდა შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტში, 1977-1998 წლებში — ბაზელის უნივერსიტეტში, 1992 წელს ამავე უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს, 1974-1978 წლებში შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციის გადასინჯვის კომისიის მთავარი კოორდინატორი იყო, 1979-1991 წლებში კი შვეიცარიის საერთაშორისო სამართლის საზოგადოების პრეზიდენტი, ასევე იყო ლიხტენშტეინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (1975-1988 წწ.), 1991-1998 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის რანგში მუშაობდა, 1998 წლის 1 ნოემბრიდან კი, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივმოქმედ სასამართლოდ იქცა, ლუციუს უილდჰაბერი მის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს. ამავე პერიოდში, 7 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლუციუს უილდჰაბერთან ერთად მუშაობდა ქართველი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე.
„ის გახლდა განახლებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი თავმჯდომარე, რომელმაც შეძლო ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება. მე მქონდა პატივი მასთან ერთად მემუშავა ქართველი მოსამართლის რანგში, 1999 წლიდან მოყოლებული 7 წლის განმავლობაში. ძალიან რთული შესაგუებელი იყო, როდესაც მას ვადა ამოეწურა, რადგან მისნაირი ხელმძღვანელი იშვიათია. ლუციუს უილდჰაბერს, ბუნებით დემოკრატს, არასდროს არავინ გამოუძახებია თავის კაბინეტში, თვითონ გვეწვეოდა ხოლმე ჩვენს სამუშაო ოთახებში. ეს თანამშრომლებთან კომუნიკაციის მისეული ფორმა იყო. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი არა მარტო შვეიცარიული სამართლისმცოდნეობის, არამედ საერთაშორისო სამართლის განვითარებაში და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა აქტუალური საკითხების გაშუქებაში. მისი წვლილი გამორჩეულია ქართული სამართლის განვითარებაშიც, რადგან ისეთ საიდუმლოებებს მიგვაგნებინა, რამაც ქართული სამართლებრივი აზრისა და ქართული სამართლებრივი სისტემის განვითარება დააჩქარა. უამრავი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, თავისი პუბლიკაციები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დატოვა,“ — აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ.
ლუციუს უილდჰაბერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2001 წლის 20 აპრილს ეწვია, როდესაც მას პირველი ქართული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. სტუმარი სტუდენტებსაც შეხვდა და სტრასბურგის სასამართლოს მუშაობის პრინციპებზე ესაუბრა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში მინდია უგრეხელიძემ გაიხსენა: „პრეზიდენტი შევარდნაძე ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა მოსამართლეებთან დამოკიდებულებას, ფრთხილობდა, რომ ასეთ ურთიერთობას რამე სხვა სახელი არ დარქმეოდა. შესაბამისად, საქართველოში ვიზიტი თავად ლუციუს უილდჰაბერის ინტერესებში უფრო შედიოდა, ვიდრე — ქართული მხარის. ის კარგად იცნობდა დასავლურ კულტურასა და პოლიტიკას, საბჭოთა კავშირის სისტემის, რუსეთის მიმართ არანაირი სიმპატია არ ჰქონდა, ამიტომ აინტერესებდა პოსტ საბჭოთა სივრცეში არსებული ვითარება. საინტერესო შემადგენლობით ჩამოვიდა — თან ახლდა თავისი მეუღლე, რომელიც კანადელი ფსიქოლოგი გახლდათ, სასამართლოს განმწესებელი პოლ მაჰოუნი, მისი მეუღლე, მე და თეა წულუკიანი, რომელიც იმ დროს პროექტების ავტორად მუშაობდა და მაღალი რანგის სპეციალისტად ითვლებოდა. მაშინ ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ ერთმანეთს დავხმარებოდით და ლუციუს უილდჰაბერისთვის ქართული სამართლებრივი სისტემა გაგვეცნო. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პრეზიდენტთან და პატრიარქთან. ამავე დროს, გაეცნო ქართულ კულტურასაც. სტრასბურგში ყოფნისას უკვე ნანახი ჰქონდა რეზო გაბრიაძის სპექტაკლი „სტალინგრადი“, წარმოდგენას მაშინ ადამიანის უფლებათა ვროპული სასამართლოს მოსამართლეთა მთელი შემადგენლობა ესწრებოდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. თბილისში ლუციუს უილდჰაბერისთვის სპეციალური მიღება რეზო გაბრიაძემ მოაწყო, სადაც ულამაზესი ქართველი ქალი — მანანა გედევანიშვილიც იმყოფებოდა. რეზომ სტუმარს აუხსნა, რომ ეს ქალბატონი ქართველი ქალის სილამაზის საჩვენებლად მოიწვია, რაზეც მანანა გედევანიშვილმა უპასუხა — „რა დროს ჩემი სილამაზეაო“, რეზო გაბრიაძემ კი დასძინა — „თანამედროვე შედევრ შენობებს აკროპოლისის ნანგრევები მირჩევნიაო.“ ეს ფრაზა ლუციუს უილდჰაბერმა თავისი მოგონებების წიგნში შეიტანა.“
საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ბაზელის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, განახლებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ლუციუს უილდჰაბერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნატო ობოლაძე
წყარო:http://newspaper.tsu.ge/