2024 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის ზეიმის დღეს, წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნიდან 20 წელი შესრულდა.
ისტორია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II ჯერ კიდევ XX საუკუნის 80-იან წლებში ფიქრობდა, რა უნდა მოემოქმედა, რომ ქართველი ხალხი ღირსეულად შეხვედროდა ქრისტეშობის 2000 წლისთავს. იგი ხვდებოდა მეცნიერებს, კულტურის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს, აინტერესებდა, რას შესთავაზებდნენ ისინი. დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მისმა უწმიდესობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში წმიდა სამების საკათედრო ტაძრის აშენების შესახებ.
დაიწყო ადგილის ძებნა. გამოითქვა მოსაზრება, ტაძარი ვაკეში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე, აშენებულიყო, მაგრამ მისმა უწმიდესობამ დაარწმუნა ყველა, რომ საკათედრო ტაძრის აშენება ავლაბარში, წმიდა ელიას მთაზე ყველაზე სწორი იქნებოდა.
1988 წლის 5 თებერვალს შეიქმნა საკონკურსო კომისია მისი უწმიდესობის ილია II-ის თავმჯდომარეობით, ხოლო კონკურსი მომავალი ტაძრის პროექტზე გამოცხადდა 1989 წელს. საზოგადოების ცხოველი ინტერესი გამოიწვია საკონკურსოდ წარმოდგენილმა პროექტებმა. როგორც მისი უწმიდესობა აღნიშნავდა, კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები იყო გამოხატულება ჩვენი საზოგადოების მრწამსის, აზროვნებისა და კულტურისა. კონკურსზე გამარჯვებულად გამოაცხადეს არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის მიერ შესრულებული პროექტი.
1997 წლის 9 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს მოსახლეობას მიმართა: "ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო! როგორც თქვენთვის ცნობილია, თბილისში, მაცხოვრის შობის 2000 და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავთან დაკავშირებით, შენდება წმიდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც აღიმართება სადიდებლად ღვთისა და ჩვენი ერის სულიერი გაძლიერებისა და განმთლიანებისათვის. ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სრულიად საქართველომ, ყოველმა ქართველმა, საქართველოში მცხოვრებმა ყველა ერის წარმომადგენელმა".
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და საქართველოს პრეზიდენტ ე. შევარდნაძის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა ბატონი ირაკლი ანდრიაძე. განსაკუთრებულ საზეიმო ვითარებაში ათასობით მორწმუნის, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლის, წმიდა სინოდის, სამღვდელოების, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, მეცნიერების, კულტურის მოღვაწეების თანდასწრებით, საზეიმოდ აკურთხეს ის ადგილი, სადაც ტაძრის საძირკველი უნდა გაეჭრათ.
კურთხევის შემდეგ გაიჭრა საძირკვლის ადგილი, სადაც უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით ჩააწყვეს შემდეგი სიწმიდენი: "ქვა სინას მთიდან, სადაც უფალმა მოსე წინასწარმეტყველს გადასცა ათი მცნება; ქვა იორდანედან, სადაც ნათელ იღო უფალმა; ქვა ნაზარეთიდან, სადაც ეხარა დედა ღვთისმშობელს მაცხოვრის შობა; ქვა იერუსალიმიდან, სადაც დაკრძალული იყო ღვთისმშობელი; მიწა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრიდან, აჭარიდან, გონიოდან, საიდანაც შემოვიდა მოციქული ანდრია; ქვა ფარავნის ტბიდან, საიდანაც შემობრძანდა წმიდა ნინო; სიწმიდეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ეკლესია-მონასტრებიდან". როგორც მისმა უწმიდესობამ განაცხადა: "წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ტაძარი საქართველოში მუდამ იყო ჩვენი სულიერი და ფიზიკური სიმტკიცის გამომხატველი. იგი უმსუბუქებდა მძიმე ჯვრის მტვირთველობას ქართველ ერს და განამტკიცებდა მასში მომავლის რწმენას".
საქართველოში იმ დროისთვის არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ამტკიცებდნენ, რომ ამ გრანდიოზული მასშტაბის ტაძრის აშენებისათვის შეუფერებელი დრო იყო და ვერც მოხერხდებოდა მისი აშენება. ასეთი აზრები არა მარტო ეკლესიის არაკეთილმოსურნეებს ჰქონდათ, არამედ - გულწრფელ პატივისმცემლებსაც. როგორც მსახიობი გოგი ხარაბაძე იხსენებს, როდესაც ვეებერთელა ღრმული დავინახე, ვიფიქრე, ამის აშენებას მე ვერ მოვესწრები-მეთქი, მაგრამ მისი უწმიდესობა ყველას აოცებდა თავისი ოპიტმიზმით და ეს ოპტიმიზმი ხალხზეც გადადიოდა. იგი ყველას გასაგონად ამბობდა: "კაცობრიობა იმყოფება მსოფლიოში ისტორიის მეორე და მესამე ათასწლეულთა მიჯნაზე და ამიტომაც ქრისტეშობის 2000 წლისთავის, საქართველოს ოცსაუკუნოვანი ქრისტიანობისა და სამიათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი თარიღის აღსანიშნავად არ მოიძებნება უფრო დიდი და ყოვლისმომცველი სულიერი და კულტურული მოვლენა, ვიდრე ეპოქალური ტაძრის აგებაა".
ტაძრის მშენებლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა მთელ საქართველოს. ყველა ადამიანი ცდილობდა, გულით შეეწირა თუნდაც მცირედი თანხა. ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო ტაძრის მშენებლობის ძირითადი დაფინანსება. უწმიდესი და უნეტარესი თავის სამუშაო დღეს სამების მშენებარე ტაძრის მონახულებით იწყებდა, ხვდებოდა მუშებს, მშენებლებს, აძლევდა რჩევა-დარიგებებს. მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობდა ეზოს კეთილმოწყობა და სულ რაღაც 8 წელიწადში წმიდა ელიას მთაზე წამოიმართა გრანდიოზული კომპლექსი, რომელიც თბილისის ყველა კუთხიდან მკაფიოდ ჩანს.
2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მოხდა წმიდა სამების საკათედრო ტაძრის საზეიმო კურთხევა. ათასობით მორწმუნე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდი, სამღდელოება საგანგებოდ შეიკრიბა წმიდა სამების საკათედრო ტაძარში. დაიგუგუნა წმიდა სამების ზარებმა, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ტაძარში შებრძანდა. თითქოს მღელვარებამ მოიცვა იგი, მაგრამ მაინც მტკიცე ნაბიჯით გაემართა საკურთხევლისაკენ. პატრიარქი საზეიმო წირვისათვის შეიმოსა, თავზე ის გვირგვინი დაიდგა, რომელიც თავის დროზე ეხურათ უწმიდესსა და უნეტარეს კირიონს, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკს, ეფრემსა და დავითს. პატრიარქის ეს ოქროს გვირგვინი (მიტრა) ხომ მოწმე იყო XVII-XX საუკუნეების საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყველა წარმატებისა და წარუმატებლობისა.
უწმიდესმა და უნეტარესმა საზეიმო წირვის შემდეგ საზოგადოებას მიმართა: "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ჩვენო ძვირფასო სტუმრებო, ძმანო და დანო. წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ჩვენ ვართ მომსწრენი ღვთის ერთი საოცრებისა: შეჭირვების ჟამს ქართველმა ხალხმა შეძლო აღეშენებინა დიდებული ტაძარი ესე წმიდისა სამებისა, სადიდებლად ღვთისა და მოსაქცევად ერისა ჩვენისა; მაგრამ, მოწყალე ღმერთო, ჩვენ ვიყავით ოდენ მდაბალნი მუშაკნი შენნი. ეს შენ მოგვეც გულისხმისყოფა და ძალა, რათა შენს სადიდებლად და ჩვენდა ნუგეშად მოგვერთმია ეს შესაწირი. აქ დაიღვრება მრავალი ცრემლი სინანულისა და განელდებიან გულნი ჩვენნი ცოდვათაგან მომყმარნი, განიწმიდება სული ჩვენი და აღდგება საქართველოც მკვდრეთით, ვითარცა ლაზარე. ივერიელნო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა, ისმინეთ სიტყვანი უფლისანი: "აჰა, ესერა მომიცემია წინაშე კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს" (გამ. 3,8). მაშ, შევიდეთ კარითა ამით, რათა ღირს ვიქნეთ სასუფეველისა. სცანით წარმართთა და იძლიენით, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მაცხოვრის შობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილი და ჩვენი ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის სიმბოლურად გამომხატველი წმიდა ტაძრის კუთხევა შედგა საქართველოს განსაკუთრებული მფარველის - წმიდა გიორგის ხსენების დღეს, შედგა იმ წელს, როცა შესრულდა 1700 წელი მისი წამებიდან. შევთხოვთ ღმერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, დიდმოწამე გიორგის, დალოცონ ყოველი ადამიანი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ წმიდა ტაძრის მშენებლობაში. წმიდა სამებამ დალოცოს, გააძლიეროს ისინი და მათი ოჯახები. ღვთივკურთხეულნო ივერნო და ყოველნო მკვიდრნო საქართველოისანო, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, ღმერთს ებარებოდეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა".
წმიდა სამების საკათედრო ტაძარი, უწმიდესის სიტყვით, "სიმბოლურად არის გამაერთიანებელი საქართველოს, მთელი ქართველი ხალხისა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ერმა ამით შექმნა ავტოპორტრეტი და ყველას უჩვენა, თუ შინაგანად როგორი ძლიერი ყოფილა. ეს დაფარული იყო ჩვენში და გამოვლინდა... ამ ტაძარმა ჩვენს ხალხს თავისი თავის რწმენა და იმედი შესძინა".
მსოფლიოს ქრისტიანულ ქვეყნებში ქრისტეშობის 2000 წლისთავთან დაკავშირებით არაერთი ტაძარი აშენდა, მაგრამ წმიდა სამება მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. მის მნახველ უცხოელებს პირველად ასეთი კითხვა უჩნდებათ - საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობის პირობებში როგორ შეძლო ქართველმა ხალხმა, მისმა სულიერმა წინამძღოლმა ისეთი ტაძრის აშენება, რომელიც ეყრდნობა მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციებს და მასშტაბებით ნამდვილად გრანდიოზულია.
როდესაც ტაძარი მოილოცა მსოფლიო პატრიარქმა, უწმიდესმა ბართოლომეოს I-მა, განაცხადა, რომ ეს ტაძარი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის გვირგვინია.
ტაძრის პარამეტრები და მშენებლობის დაფინანსება
ტაძარი მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებისაგან შედგება. მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. სამების ტაძარი შეიცავს მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, 12 მოციქულის, და ყოველთა წმიდანთა სახელობის ეკლესიებს. საერთო სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრი სიმაღლისაა).
ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07 მეტრის სიღრმეზეა, ქვედა სართულის იატაკი -13,07 მეტრზეა. (ამას ემატება 1 მეტრიანი ფუნდამენტი). წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ. სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი 64,68 მეტრია.
ყოვლადწმიდა სამების ლავრისათვის ზარები გერმანიაში ჩამოისხა, მათ ორიგინალური, ქართული ჟღერადობა გააჩნიათ. სამრეკლოზე 9 ზარია დამონტაჟებული და ორი რეჟიმი აქვს: მექანიკური და ელექტრონული. ზარებს შორის ყველაზე დიდი 8200 კილოგრამს იწონის. ისინი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის დახმარებით ქართული ხმოვანებით შეიქმნა.
წმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი თავის საქმიანობას კერძო შემოწირულობების ხარჯზე ახორციელებდა. 1995 წლიდან მოყოლბული, ტაძარი მოსახლეობის შემოწირულობებით შენდებოდა. 2004 წ. ბოლოსთვის, ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული იყო შემდეგი ოდენობის თანხა:
მოსახლეობის მხრიდან - 581.397 ლარი; ცენტრალური ბიუჯეტიდან - 1.562 300 ლარი;თბილისის ბიუჯეტიდან - 952.800 ლარი; პრეზიდენტის ფონდიდან - 909.800 ლარი; გარდა ამისა, ფონდში შევიდა თანხები უცხოურ ვალ ტაში, ძირითადად, ეს იყო შემოწირულობები: 239.369 აშშ დოლარი (აქედან 36.438 ექსპრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ შემოწირა); 17 გირვანქა სტერლინგი, 11.470 გერმანული მარკა, 24.200 ბულგარული დრონი, 50.000 იტალიური ლირა, 1.702.885 რუსული რუბლი,1 ფრანგული ფრანკი.
მშენებლობის დროს ორგანიზაციები თუ კერძო პირები სხვადასხვა ფორმით ეხმარებოდნენ წმიდ სამების საკათედრო ტაძრის მშენებლბის ფონდს. კათედრალს სწირავდნენ სამშენებლო მასალასაც.
მთელი შემოწირულობა 2004 წ. დეკემბრის ჩათვლით შეადგენდა 57.438.362 ლარს (შესაბამისი კურსით - $ 28.494.000). აქ იგულისხმება სწორედ ყველა ფორმის შემოწირულობა, „საქართველოს ბანკში“ მოსახლეობის შენატანი, სახელმწიფო უწყების გან იღებული თანხები, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“ შემოსული შემწირულობები და ასევე ფულად ეკვივალენტში გადაყვანილი შემოწირული სამშენებლო მასალები თუ საწვავ საპოხი მასალები, ნარგავები და სხვა. ამ მონაცემებიდან საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ წილია 52.086.193 ლარი, რაც საერთო თანხის 91.5%-ია. სახელმწიფო ორგანიზაციებიდან მიღებული თანხები კი 7% შეადგენს.