USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
წმიდა ბაგრატ მესამე - ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
дата:  2681

ბაგრატ III ბაგრატიონი (დ. დაახლ. 961[კ 1] — გ. 7 მაისი, 1014) — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975-1014, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

პოლიტიკური ვითარება

ფეოდალური საქართველოს გაერთიანება ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგია. იგი დაიწყო VIII საუკუნის ბოლოს. ამ მოვლენის შესახებ მოგვითხრობს ეროვნული წყარო - „მატიანე ქართლისა“. ქართველი მეფე-მთავრები იბრძვიან საკუთარი სამფლობელოების საზღვრების გასაფართოებლად. პირველობისათვის ბრძოლაში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება შიდა ქართლის (ქართლის საერისთავოს) დაუფლებას. შიდა ქართლი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, როგორც სტრატეგიულად, ისე პოლიტიკურად. ქართული ქრისტიანობის ცენტრიც შიდა ქართლში - მცხეთაშია. ამავე დროს იგი წარმოადგენს ძველი ქართლის სამეფოს, სეფე-სახლის უმთავრეს დომენს. ქართლის მეფის თავდაპირველი ხელისუფლებაც ამ ქვეყნის მფლობელობის საფუძველზე უნდა აღმოცენებულიყო. ქართლი ყველაზე დაწინაურებული მხარე იყო ეკონომიკურად და კულტურულად. ამრიგად, ბრძოლა ტერიტორიისათვის „არგვეთიდან ტასის კარამდე“ დაუნდობელია, ეს არის „ბრძოლა ქართლსა ზედა“.

VIII საუკუნის დასასრულს შიდა ქართლი კახეთს ეკუთვნის. IX საუკუნის დასაწყისში მას ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი) იერთებს, IX ს-ის მეორე ნახევრიდან X ს-ის 70-იან წლებამდე იგი პერმანენტულად ეგრის-აფხაზეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ X ს-ის 70-იანი წლებიდან აქ იწყება შინაფეოდალური ომები, რაც სამეფოს დასუსტებას იწვევს. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს (975-978 წწ.) მეფობის დროს. ამით სარგებლობს კახეთის საქორეპისკოპოსო და იწყებს ქართლისათვის ბრძოლას.

სამეფოების გაერთიანება

ამ ქაოსიდან გამოსასვლელად საჭირო ხდება გადამჭრელი ზომების მიღება. იწყება ბრძოლა ერთიანი ქართული მონარქიის შექმნისათვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავეა შიდა ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე თანამოაზრეებით. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას იქცევს მცირეწლოვანი ბაგრატ III-ის პიროვნება, რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლება. ბაგრატი არის ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთ-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ „წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა: აწვია, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი; ანუ დაიმჭიროს თვით ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი“. დავითმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა. კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხესათვის (ქართლის მაშინდელი პოლიტიკური ცენტრი) ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა. იოანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა, დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა, თავად კი უკან დაბრუნდა. ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისათვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახეთის ჯარი დაიხმარეს, ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს. დავით III-ის აქტიური ჩარევის შედეგად ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლი საგამგებლოდ ბაგრატის დედას - გურანდუხტს გადაეცა. 978 წელს, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის ხელშეწყობითა და დავით III ტაოელის დასტურით ქუთაისის ტახტს იკავებს,[კ 2] უსინათლო თეოდოსს კი დავით კურაპალატთან აგზავნის. 980 წლიდან სრულწლოვანი ბაგრატი დამოუკიდებლად იწყებს სამეფოს მართვას. ქართული მიწების საბოლოო გაერთიანება, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრალიზაცია, მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება უკვე ქართული ფეოდალური მონარქიის ფარგლებში მიმდინარეობს, რაშიც უდიდესი წვლილი ბაგრატ III-ს მიუძღვის.

ბაგრატ III-ისათვის უპირველესი მიზანს ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენდა. ამ მიზნის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენასა და დიდაზნაურთა მოწინავე ნაწილს. ბაგრატს ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევდათ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ფეოდალთა მამულების შეუვალობის დარღვევა და მიტაცებული სახელმწიფო მიწების სამეფო განკარგულებაში დაბრუნება.

980 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოდის, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალურია, რეალურად კი მას ქართლის დიდი აზნაურები ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები და კორინთლები განაგებენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ქავთარ ტბელი უდგას, რომლის საგვარეულოც ამ დროს შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებს პრეტენზიას. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა და დედისაგან უფლისციხე ჩაიბარა. შიდა ქართლის საქმეების მოგვარების შემდეგ ბაგრატი კვლავ დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა იქაური საქმეების მოსაგვარებლად. როგორც ჩანს, ახალგაზრდა მონარქს იმდენად მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად, რომ ყველაფრის აწყობასა და დალაგებას წლები სჭირდებოდა. მემატიანე საგანგებოდ აღნიშნავს მეფის მიერ გატარებული ცვლილებების შესახებ. ურჩთა და მოღალატეთა ნაცვლად მეფემ „განადიდა ერთგულნი“-ო. მართალია მთელი ეს პროცესი ერთ წინადადებაშია მოქცეული, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, თუ რა მასშტაბის ბრძოლა დასჭირდებოდა მეფეს მოღალატე დიდებულთა დასამორჩილებლად. მთელ ამ პროცესს ბაგრატ III-მ წლები მოანდომა, ყოველ შემთხვევაში, დაახლ. 988 წლისათვის (ამ წელს ბაგრატი კვლავ აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდის და კლდეკარის ერისთავის დამორჩილებას ცდილობს) დასავლეთ საქართველოში ურჩთა წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. სამეფო კარსა და ადგილებზე მეფეს „მისანდობელი თჳისი“ ჰყავდა დანიშნული და ამიტომაც უფრო აქტიური ქმედებები დაიწყო ხელისუფლების კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

დამოუკიდებლად არსებობს კახეთის საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამეფო, თბილისი და ქვემო ქართლის ნაწილი არაბ ამირას ემორჩილება, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელთა ხელშია. მის ერთ ნაწილს ჯერ ბაგრატ III-ის პაპა ბაგრატ II ფლობს, შემდეგ კი ბაგრატის მამა გურგენი, მეორე ნაწილს კი ტაოს მეფე დავით III კურაპალატი. კლდეკარის საერისთავო დამოუკიდებლობას აცხადებს. 989 წლის ზამთარს ბაგრატი მოულოდნელად კლდეკარის ციხეს მიადგა. რატი რატის ძე ბაღვაში მეფეს დანებდა, გადასცა კლდეკარის საერისთავო (თრიალეთი, მანგლისის ხევი, სკვირეთი), შეავედრა შვილი და თვითონ „დაჯდა მამულსა თვისსა არგვეთს“. დამარცხებული კლდეკარის პატრონის სამფლობელო მეფემ თავის ერთგულ ზვიად მარუშიანს გადასცა როგორც მოხელე-ერისთავს.

1001 წელს, როდესაც დავით კურაპალატი გარდაიცვალა, ტაო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ (976-1025 წწ.) დაიკავა. იქ მისულ ბაგრატსა და გურგენს მემკვიდრეობის მიღების ნაცვლად კეისარმა პირველს კურაპალატობა უბოძა, ხოლო მეორეს - მაგისტროსობა. ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა რადგან იმიერტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოახერხა. ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ მიტაცებული მიწა-წყლის ხარჯზე ე.წ. „იბერიის თემი“, საკატეპანო დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა. მოგვიანებით ეს ტერიტორიება საქართველოსა და ბიზანტიას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლების მიზეზი გახდა.

1008 წელს, გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. ბაგრატ III-მ პირველმა მიიღო „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტული.

ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა. თავდაპირველად ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს, დავითს შეუთვალა დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები, რომლებიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა „უკეთუ იძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი“. ბაგრატი მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, შემუსრა იგი, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი აბულალი განაჩინა. ბაგრატის წასვლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა კახეთის დასაპყრობად. იმ დროისათვის აქ უკვე კვირიკე დავითის ძე მეფობდა. ბაგრატმა ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორი წლის განმავლობაში ყველა ციხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში „წლითი წლამდის“ მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა. ასე დასრულდა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების ძირითადი ეტაპი.

გენიალოგია

 

მეფობის ბოლო წლები. ლაშქრობა განძის საამიროს წინააღმდეგ

არაბთა სახალიფოს დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური რუკა საკმაოდ ჭრელი აღმოჩნდა. X საუკუნის დასაწყისში რეგიონში ორ ათეულამდე სამეფო-სამთავრო-საამირო ჩამოყალიბდა. თანდათანობით, ძლიერმა პოლიტიკურმა ერთეულებმა შეიერთეს სუსტები და XI საუკუნის დასაწყისისათვის რეგიონში გამოიკვეთა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები — „აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა სამეფო“, განძის, ანუ „არანის“ საამირო და ანისის სამეფო. მათ გარდა რეგიონში არსებობდნენ შედარებით მცირე პოლიტიკური ერთეულები, რომლებსაც მოკრძალებული ამბიციები ჰქონდათ და სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში ერთიანდებოდნენ.

ასეთი იყო რეალობა XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც „აფხაზთა და ქართველთა“ სამეფომ შეიერთა კახეთ-ჰერეთი და საკუთარი საზღვარი კიდევ უფრო აღმოსავლეთით გადასწია. ამ მოვლენამ ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა წარმოქმნა კავკასიაში. თუ აქამდე განძის საამირო და „აფხაზთა და ქართველთა სამეფო” უშუალო მეზობლები არ იყვნენ, ამიერიდან ამ ორ პოლიტიკურ ერთეულს საერთო საზღვარი გაუჩნდა.

განძის ამირა ფადლონი აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდა სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულის, მათ შორის კახეთ-ჰერეთის მიმართ. ამირას პოლიტიკა არც ბაგრატ III-ის მიერ კახეთ-ჰერეთის შეერთების შემდეგ შეუცვლია, იგი კვლავ აგრძელებდა მარბიელ ლაშქრობებს. ბაგრატს არ შეეძლო უყურადღებოდ დაეტოვებინა ფადლონის ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ განძის წინააღმდეგ ლაშქრობა მის ინტერესებში არ შედიოდა. მას ჯერ კახეთ-ჰერეთში ჰქონდა საქმეები მოსაგვარებელი და დაუგეგმავ, ნაუცბათევ ლაშქრობას შეეძლო კიდევ უფრო მეტი პრობლემა გამოეწვია; მეორე მხრივ, მეფე კარგად ხვდებოდა, რომ ამირას ამ მარბიელი ლაშქრობების აღკვეთის გარეშე კახეთ-ჰერეთს საბოლოოდ ვერ შეიერთებდა. ეს რომ მომხდარიყო, მოსახლეობას აშკარად უნდა დაენახა ერთიან საქართველოში ცხოვრების უპირატესობა. თუ ცენტრალური ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამდა, ერთი მხრივ, ჯერ კიდევ ახლადშემოერთებულ პროვინციებში ახალი მმართველობის მიმართ უკმაყოფილება გაჩნდებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, მეფის ოპონენტ ფეოდალებს ახალი მიზეზი მიეცემოდათ, რათა ცენტრალური ხელისუფლების სისუსტეზე აპელირება მოეხდინათ. როგორც ჩანს, განძის ამირას ამ ქმედებაზე ბაგრატ III-ის ასეთი მყისიერი რეაქცია სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მეფეს სურდა სამაგალითოდ დაესაჯა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კახეთსა და ჰერეთს ავიწროებდა და ამით, უპირველესად, ადგილობრივებისათვის ეჩვენებინა, რომ მათ ძლიერი პატრონი გამოუჩნდათ.

ბაგრატმა კავშირი შეკრა ანისის მეფე გაგიკ I-თან და მასთან ერთად ილაშქრა განძაში. კოალიციურმა არმიამ ალყა შემოარტყა ციხე-ქალაქ შამქორს (იხ. შამქორის ბრძოლა) და დანებება შესთავაზეს, თუმცა შამქორელებმა უარი შეუთვალეს მოკავშირეებს. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მოგვიანებით ბაგრატ III-ის განრისხების მიზეზიც, რომელიც ბოლო მომენტამდე მომხრე იყო ციხე-ქალაქის ძალით აღებისა. მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა „მცირედთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი“,[4] ქალაქის მესვეურთა სიჯიუტე გატყდა. ქართველები და სომხები მეორე დღეს იერიშისათვის ემზადებოდნენ. შესაძლებელია ეს დღე გადამწყვეტიც აღმოჩენილიყო, მაგრამ, ღამით ბაგრატ III-ის ბანაკში ფადლონის მოციქული მივიდა და ზავი ითხოვა. შეთანხმების პირობები მხოლოდ შამქორის ციხე-ქალაქის მომავალს არ მოიცავდა. არანის გამგებელმა „აღუთქვა დღეთა შინა სიცოცხლისა მისისათა მსახურებაჲ, გაუკუეთა ხარაჯაჲ და დაუწერა თავისთავითა ლაშქრობაჲ მტერთა მისთა ზედა“. მემატიანის მიხედვით, ზავის პირობები ასე გამოიყურებოდა:

ფადლონი აღიარებდა საქართველოს მეფის უზენაესობას.

კისრულობდა ხარაჯას.

თანახმა იყო საქართველოს მხარეზე ებრძოლა, ანუ აღიარებდა სამხედრო მოკავშირეობას.

მიუხედავად ამისა, მეფე კომპრომისზე წასვლას არ აპირებდა, თუმცა საკუთარმა დიდებულებმა თუ კოალიციის საერთო სარდლობამ გადააფიქრებინეს ქალაქის გარემოცვა და იერიში. მათ მეფე დაითანხმეს ზავის პირობები მიეღო. ბაგრატ III-ს დათმობაზე წასვლა მაინცდამაინც არ ახასიათებდა, მაგრამ არსებული რეალობა აიძულებდა თავისი გეგმებისათვის გადაეხვია. ბოლოს და ბოლოს, ბაგრატ III-მ ფადლონის ზავის პირობები მიიღო.

„კლარჯი ხელმწიფეების“ ამოწყვეტა

საქართველოს ერთიანობის განსამტკიცებლად ბაგრტ III ზოგჯერ იძულებული ხდებოდა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი (ბაგრატ არტანუჯელის ძენი), რომლებიც ვერ დაიმორჩილა, ვითომ შერიგების მიზნით, სადარბაზოდ მოიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა, სადაც გარდაიცვალნენ კიდეც. კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიდან ნაწილი ბიზანტიაში გაიხიზნა, ნაწილი კი პატიმრობაში დაიხოცა. მათი სამფლობელოები, მათ შორის ციხე-ქალაქი არტანუჯი. ბაგრატმა შემოიერთა.

მოღვაწეობის შეფასება

ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა მისია, რომელიც დაეკისრა პირნათლად შეასრულა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიასა და სახელმწიფო „საქართველო“-ს. ბაგრატ III-ის სრული ტიტულატურა იყო „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, კურაპალატი“. ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო.

აი, რას წერს მის შესახებ მემატიანე:

„ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე, წარემატა ყოველთა ჴელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თჳისნი და მისანდობელნი და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშვიდობაჲ და დიდი დაწყნარება ქუეყანასაჲ... რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუაჲ მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა. ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათჳის.“

კულტურული ღონისძიებები

ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში დაწინაურდა ქართული კულტურა. აიგო მრავალი არქიტექტურული შედევრი, მათგან აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, რომლის მშენებლობაც 1003 წელს დასრულდა. მისი კურთხევა იმ ეპოქის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მეფემ წარჩინებული სტუმრები საზღვარგარეთიდანაც მოიწვია. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ასევე ამ დროს აიგო ნიკორწმინდის ტაძარი და ბედიის მონასტერი სადაც დაკრძალულია კიდეც მეფე. ის აქ 1014 წელს ფანასკერტის ციხეში გარდაცვალების შემდეგ გადმოასვენეს.

2012 წელს ბედიის მონასტერში ბაგრატ მესამის ფრესკა, ქართული ორნამენტები და წარწერები წაშალეს.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати