USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
წლების წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა - მარინა ეზუგბაიას უცნობი უცნობი ისტორია
дата:  4521

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია, რომელიც საზოგადოებამ განსაკუთრებით ბოლო დღეებში გაიცნო 36 წელია, რაც ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს.

მარინა ეზუგბაიას დედაც წლების წინათ ინფექციურ საავადმყოფოში ზუსტად იგივე თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც ახლა მას უკავია. მამა ინჟინერ-მშენებელი გახლდათ. მშობლებს სამი შვილი - ეთერი, მარინა და კახა ჰყავდათ.

25 წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მისი რვა წლით უმცროსი ძმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

"მამაჩემი ტრაგიკულად რომ გარდაიცვალა 8 წლის ვიყავი. მახსოვს მაშინ ბებიას ვყავდი, როცა დედა და მარინა მოვიდნენ, შემიყვანეს ოთახში და მითხრეს, რომ მამა ღმერთმა თავისთან წაიყვანა, იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მივხდი, რომ მარინას სახით მე მეორე მამა მყავდა. კახა მარინაზე 8 წლით უმცროსი იყო და შეიძლება ითქვას, რომ მან გაზარდა. მას შემდეგ მარინა ჩვენთვის მამა გახდა, ალბათ დედაჩემისთვისაც, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა. მამიდაზე დაყრდნობილი ვართ მთელი ოჯახი და ყველა ვინც მის გარშემოა“, - ამბობს მისი ძმისშვილი მარიამ ეზუგბაია.

სამსახურშიც ისეთივე მკაცრი, მომთხოვნი და პრინციპულია, როგორც მედიასთან. „პრაიმტაიმს“ მისი კოლეგა მარინა ენდელაძე ესაუბრა.

"გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი მუშაობის პირველი წლები ინფექციურ საავადმყოფოში. დედამისი დირექტორის მოადგილე გახლდათ. საკუთარ შვილს ყველაზე ბევრ და რთულ დავალებებს აძლევდა. საბოლოო ჯამში მარინა საუკეთესო სპეციალისტად გამოიწვრთნა. ადამიანი სამსახურის შემდეგ, როგორც წესი, ისვენებს. ის აქამდეც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო საქმეში. ახლა, მარინას 24 საათში მხოლოდ 3-4 საათი სძინავს. ის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი გახლავთ და მას შეუძლია ახლანდელ მოვლენებს შორიდან უყუროს, თუმცა სულ აქ არის და ყველას მხარში გვიდგას...

უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო მის პროფესიონალიზმე. გარდა ამისა, ის კარგი და ნამდვილი, ყველას დამცველი და გვერდში მდგომი ადამიანია. სამსახურში მკაცრი და სამართლიანია, ისეთი როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ხელმძღვანელი. მართალია, ფართო საზოგადოებამ ის საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ გაიცნო, თუმცა ის გახლავთ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციონისტი. ის არის ადამიანი, რომლის იმედი ყოველთვის და ყველგან უნდა გქონდეს. სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა, შვილი გარდამეცვალა. რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი. შვილის დაკარგვით განცდილმა ტკივილმა სულ გამინელა სამსახურში გასვლის სურვილი. მარინამ მაიძულა და დამარწმუნა, რომ საჭირო ვიყავი და ადამიანებს ვჭირდებოდი... ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი საშუალებით დიდ მადლობას გადავუხდი, იმ თავგანწირვისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მას აქვს.“ - ამბობს მარინა ენდელაძე.

ამბობენ, რომ სამსახურს მიღმა სულ სხვანაირია. კარგად მღერის და ცეკვავს კიდეც.

„ის არის უძლიერესი ადამიანი არამარტო მედიცინაში, არამედ ნებისმიერ სფეროში. მარინასთან შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ თემაზე, მაგალითად ხელევნებაზე ვისაუბრო. მისი აზრი ყოველთვის კომპეტენტური და გასათვალისწინებელია. არამარტო მეგობრებისთვის, მათი შვილების მესაიდუმლეც არის. არავინ ავალდებულებს, მაგრამ მათზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს. რაღაცნაირი ამაგიანი და სლენგს ვიხმარ, სუპერ ჯიგარი ადამიანია. მის გარშემო ყველამ კარგად იცის, რომ ცხოვრება მედიცინას, ძმისშვილსა და დიშვილებს მიუძღვნა. ალბათ გულის სიღრმეში გულიც სტკივა, რომ საკუთარი შვილები არ ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები და უთქვამს კიდეც, რომ თქვენით ვარსებობო. მას ჰყავს უამრავი მეგობარი. საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, სკოლით და ინსტიტუტით დამთავრებული. ის ყველას იმედია. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. მან გამზარდა. ხუმრობით ვიძახი ხოლმე, რომ ორი დედა მყავს, აქედან ერთი მამაა-თქო. მარინა ჩემთვის მამაჩემის შემცვლელია...

მისი ჰობი და გართობა შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ინფორმაციის მოძიება და საკუთარი თავის განვითარებაა. ამ რეჟიმშიც კი, როცა 24 საათში სულ 3 საათი სძინავს, ჩვენ ვურეკავთ და ვეკითხებით, ჭამე? გამოიძინე? უცებ გვემშვიდობება.

მისით ყოველთვის განსაკუთრებით ვამაყობდი და ახლაც ასეა. ვეუბნები, რომ არაამქვეყნიური ქალი ხართ-მეთქი. მართლა მაოცებს მისი შესაძლებლობები, თუნდაც გამძლეობით, ენერგიით და სიმამაცით. მისი სიმკაცრე და პრინციპულობა იმიჯი არ არის. სწორედ მისი ამ თვისებით უმკლავდება ამ ყველაფერს.“ - ამბობს მარიამი.

წყარო: პრაიმტაიმი

общество
პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება

პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

მისივე თქმით, სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს სამი არის „სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ“.

„ერთხელ, როდესაც უფალ იესო ქრისტეს ბევრი ხალხი მიჰყვებოდა თან, მან დაინახა ეს სიმრავლე, მთაზე ავიდა და მთიდან წარმოთქვა თავისი ქადაგება, რომელმაც სრულად შეცვალა მსმენელთა წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის სიკეთე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რა არის ცხოვრებაში მთავარი და მეორეხარისხოვანი. მან თქვა სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ წმინდა სახარებიდან: „ნუ ზრუნავთ და იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რა შევიმოსოთ, რადგან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და სიმართლე მისი და ეს ყველაფერი თქვენ შეგემატებათ“ (მთ. 6, 31-33). ჩვენ კი ამის ნაცვლად, პირველ რიგში, ვეძებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ანუ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას ვეძებთ და მხოლოდ შემდეგ - ღვთის სასუფეველს.

რა გამოდის, ძვირფასო ძმებო და დებო, უფალი გვეუბნება, თუ პირველად ეძებ ღვთის სასუფეველს, ყველაფერ დანარჩენს, მატერიალურს, მოგცემს ღმერთი, მას ეს უნდა და გვპირდება კიდეც. ამის ნაცვლად, ჩვენ ვეძებთ იმას, რაც დანამატის სახით ისედაც გვეძლევა, როგორც უმთავრესსა და პირველხარისხოვანს.

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში და ა. შ. იმის მაგივრად, რომ დავფიქრდეთ ამ ჩვენს მძიმე ცოდვებზე და გამოვსწორდეთ, ვეძებთ მიზეზებს და თავსაც კი ვიტყუებთ ხოლმე. ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ნაკლებია ჭეშმარიტად აღმატებული, დიადი, სულიერი და ქრისტიანული, ვერ ვაკეთებთ ამ ყველაფერს ჯეროვნად სწორედ ამის გამო, რაც მოგახსენეთ.

ამ ქადაგებაში უფალ იესო ქრისტეს არ უთქვამს ის, რომ საერთოდ არ ვეძებოთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, საერთოდ არ ვეძებოთ მატერიალური კეთილდღეობა, რადგან ეს არ გვჭირდება და არ უნდა ვიშრომოთ ამის მოსაპოვებლად, ვინაიდან თავად უფალი ამბობს: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“ (დაბ. 3, 19). ასევე, წმინდა წერილში წერია: „ვისაც შრომა არ უნდა, მაშინ ნურც ჭამს“ (2 თეს. 3, 10).

ე. ი. ამ გამონათქვამში, რომელსაც განვიხილავთ დღეს, დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას „პირველად“, რომელსაც იყენებს უფალი იესო ქრისტე: „ეძიეთ პირველად სასუფეველი ღვთისა და მისი სიმართლე და სხვა ყველაფერი თქვენ შეგემატებათ“. ჩვენ კი, ვიმეორებ, პირველად ვეძიებთ, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, როგორ მოვიპოვოთ მატერიალური კეთილდღეობა, შემდეგ უკვე - ღვთის სასუფეველს.

შედეგად რას ვიღებთ, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ? - როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს ეძიებს, მიისწრაფვის ამის მოპოვებისკენ, ხშირად ხდება, რომ ვერ იგებს ამას, უფრო სწორად, როდესაც ამისკენ ისწრაფვის ღვთის სასუფევლის ძიების გარეშე, როცა ეს ხდება მისი ცხოვრების პირველადი მიზანი, ვერ ირგებს ხოლმე ამას. როგორც ხალხში ამბობენ, „ყელში ეჩხირებაო“, ხოლო თუ პირველად ვეძიებთ საღვთო სიმართლეს და სასუფეველს, მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა ღვთისგან ისე, როგორც საჭიროა, იმდენი, რამდენიც საჭიროა. მოგვეცემა საკვებიც, სასმელიც, ტანსაცმელიც და სხვა ფასეულობებიც, რომლებიც დაგვაკმაყოფილებს, რაც საკმარისი იქნება. აი, ასე არის, მაგალითად, სხვა ფასეულობებთან მიმართებით, რასაც ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

რა უფრო მნიშვნელოვანია: საჭმელი, სასმელი და ტანსაცმელი თუ ღვთის სიმართლე? - რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე, არა?!

რა უფრო მნიშვნელოვანია: ცივილიზაცია, კულტურა და ყველაფერი ის, რასაც კაცობრიობა ქმნის და ჩვენ ვქმნით თუნდაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუ ღვთის სიმართლე? - რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე აღმატებული და უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ყველაფერი.

თუ ასე მივუდგებით, მაშინ ღმერთი ყველაფერს მოგვცემს, ყველა ამ ღირებულებას სულ სხვა აზრი და ფასი ექნება, ეს მოგვანიჭებს მშვიდობას, სიმართლეს და სიხარულს სულიწმინდაში.

ძვირფასო ძმებო და დებო, დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. შეგვეწიოს უფალი, რომ როგორც ამბობს იგი, პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ეს ყველაფერი მოგვეცემა; პირველ რიგში, მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება.

სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ რა არის აუცილებლად? - სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი, რაც დავასახელე, არის სასუფეველი ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, რომ ჩვენში უნდა ვეძებოთ.

რა თქმა უნდა, სასუფეველი ღვთისა არ არის მხოლოდ ჩვენში, ჩვენ გარეთაც არის, მაგრამ, პირველ ყოვლისა, ის ჩვენშია. ღმერთმა მოგვცეს მადლი და წყალობა, რომ ღირსი გავხდეთ ჩვენში ამ სასუფევლის პოვნისა უფალ იესო ქრისტეს მადლით და კაცთმოყვარებით“, - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати