USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
წლების წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა - მარინა ეზუგბაიას უცნობი უცნობი ისტორია
Date:  4302

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია, რომელიც საზოგადოებამ განსაკუთრებით ბოლო დღეებში გაიცნო 36 წელია, რაც ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს.

მარინა ეზუგბაიას დედაც წლების წინათ ინფექციურ საავადმყოფოში ზუსტად იგივე თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც ახლა მას უკავია. მამა ინჟინერ-მშენებელი გახლდათ. მშობლებს სამი შვილი - ეთერი, მარინა და კახა ჰყავდათ.

25 წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მისი რვა წლით უმცროსი ძმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

"მამაჩემი ტრაგიკულად რომ გარდაიცვალა 8 წლის ვიყავი. მახსოვს მაშინ ბებიას ვყავდი, როცა დედა და მარინა მოვიდნენ, შემიყვანეს ოთახში და მითხრეს, რომ მამა ღმერთმა თავისთან წაიყვანა, იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მივხდი, რომ მარინას სახით მე მეორე მამა მყავდა. კახა მარინაზე 8 წლით უმცროსი იყო და შეიძლება ითქვას, რომ მან გაზარდა. მას შემდეგ მარინა ჩვენთვის მამა გახდა, ალბათ დედაჩემისთვისაც, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა. მამიდაზე დაყრდნობილი ვართ მთელი ოჯახი და ყველა ვინც მის გარშემოა“, - ამბობს მისი ძმისშვილი მარიამ ეზუგბაია.

სამსახურშიც ისეთივე მკაცრი, მომთხოვნი და პრინციპულია, როგორც მედიასთან. „პრაიმტაიმს“ მისი კოლეგა მარინა ენდელაძე ესაუბრა.

"გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი მუშაობის პირველი წლები ინფექციურ საავადმყოფოში. დედამისი დირექტორის მოადგილე გახლდათ. საკუთარ შვილს ყველაზე ბევრ და რთულ დავალებებს აძლევდა. საბოლოო ჯამში მარინა საუკეთესო სპეციალისტად გამოიწვრთნა. ადამიანი სამსახურის შემდეგ, როგორც წესი, ისვენებს. ის აქამდეც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო საქმეში. ახლა, მარინას 24 საათში მხოლოდ 3-4 საათი სძინავს. ის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი გახლავთ და მას შეუძლია ახლანდელ მოვლენებს შორიდან უყუროს, თუმცა სულ აქ არის და ყველას მხარში გვიდგას...

უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო მის პროფესიონალიზმე. გარდა ამისა, ის კარგი და ნამდვილი, ყველას დამცველი და გვერდში მდგომი ადამიანია. სამსახურში მკაცრი და სამართლიანია, ისეთი როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ხელმძღვანელი. მართალია, ფართო საზოგადოებამ ის საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ გაიცნო, თუმცა ის გახლავთ ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციონისტი. ის არის ადამიანი, რომლის იმედი ყოველთვის და ყველგან უნდა გქონდეს. სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა, შვილი გარდამეცვალა. რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი. შვილის დაკარგვით განცდილმა ტკივილმა სულ გამინელა სამსახურში გასვლის სურვილი. მარინამ მაიძულა და დამარწმუნა, რომ საჭირო ვიყავი და ადამიანებს ვჭირდებოდი... ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი საშუალებით დიდ მადლობას გადავუხდი, იმ თავგანწირვისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მას აქვს.“ - ამბობს მარინა ენდელაძე.

ამბობენ, რომ სამსახურს მიღმა სულ სხვანაირია. კარგად მღერის და ცეკვავს კიდეც.

„ის არის უძლიერესი ადამიანი არამარტო მედიცინაში, არამედ ნებისმიერ სფეროში. მარინასთან შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ თემაზე, მაგალითად ხელევნებაზე ვისაუბრო. მისი აზრი ყოველთვის კომპეტენტური და გასათვალისწინებელია. არამარტო მეგობრებისთვის, მათი შვილების მესაიდუმლეც არის. არავინ ავალდებულებს, მაგრამ მათზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს. რაღაცნაირი ამაგიანი და სლენგს ვიხმარ, სუპერ ჯიგარი ადამიანია. მის გარშემო ყველამ კარგად იცის, რომ ცხოვრება მედიცინას, ძმისშვილსა და დიშვილებს მიუძღვნა. ალბათ გულის სიღრმეში გულიც სტკივა, რომ საკუთარი შვილები არ ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვართ მისი შვილები და უთქვამს კიდეც, რომ თქვენით ვარსებობო. მას ჰყავს უამრავი მეგობარი. საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, სკოლით და ინსტიტუტით დამთავრებული. ის ყველას იმედია. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. მან გამზარდა. ხუმრობით ვიძახი ხოლმე, რომ ორი დედა მყავს, აქედან ერთი მამაა-თქო. მარინა ჩემთვის მამაჩემის შემცვლელია...

მისი ჰობი და გართობა შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ინფორმაციის მოძიება და საკუთარი თავის განვითარებაა. ამ რეჟიმშიც კი, როცა 24 საათში სულ 3 საათი სძინავს, ჩვენ ვურეკავთ და ვეკითხებით, ჭამე? გამოიძინე? უცებ გვემშვიდობება.

მისით ყოველთვის განსაკუთრებით ვამაყობდი და ახლაც ასეა. ვეუბნები, რომ არაამქვეყნიური ქალი ხართ-მეთქი. მართლა მაოცებს მისი შესაძლებლობები, თუნდაც გამძლეობით, ენერგიით და სიმამაცით. მისი სიმკაცრე და პრინციპულობა იმიჯი არ არის. სწორედ მისი ამ თვისებით უმკლავდება ამ ყველაფერს.“ - ამბობს მარიამი.

წყარო: პრაიმტაიმი

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way