ამ დღეებში მოუვიდა წიგნი რომის პატრიარქისაგან წმიდა ნინოს, მეფეს და ქართლის მთელს ერს. მოავლინა ბრანჯი დიაკონი ქების შესასხმელად და კურთხევის მისაცემად, ნეტარი ნინოსგან ლოცვის წასაღებად და მისი მადლის საზიარებლად.
მას ჰქონდა ასევე ბრანჯთა მეფის წიგნი წმიდა ნინოსთან, რამეთუ მამამისისგან მიეღო ნათელი ბრანჯთა ქვეყანას. გაგებული ჰქონდათ იერუსალიმსა და კონსტანტინეპოლში ეს ყოველივე, რომ სიმართლის მზე მოეფინა ქართლის ქვეყანას. ამისთვის სანატრელი წიგნი მოეწერა, რათა ეუწყებინა მისთვის სასწაულები სვეტისა და მაყვლოვანის კურნების ძალა. ყოველივე მოისმინა და იხილა ბრანჯმა დიაკონმა, რაც მომხდარიყო მცხეთაში და გაკვირვებული ადიდებდა ღმერთს. წაიღო წიგნები და წავიდა.
მაშინ უთხრა მეფემ წმიდა ნინოს და ეპისკოპოსს: “მნებავს, რათა იძულებით, მახვილით მოვაქციოთ მთიულები და ჩემი სიძე ფეროზი, დავუმონოთ ისინი ღვთის ძეს და ვათაყვანოთ პატიოსან ჯვარს”. მაშინ უთხრეს: “არა ბრძანებულ არს უფლისგან მახვილის აღება, არამედ სახარებით და პატიოსანი ჯვრით ვუჩვენოთ ჭეშმარიტი გზა, მიმყვანი საუკუნო ცხოვრებასთან. ღვთის მადლმა განანათლოს სიბნელე მათ გულებში”. და წავიდნენ წმიდა ნინო, ეპისკოპოსი იოვანე და მათ გაატანა მეფემ ერთი ერისთავი. მოვიდნენ და დადგნენ წობენს, მოუხმეს მთიულებს, პირუტყვის სახის კაცებს, ჭართალელებს, ფხოველებს, წილკნელებს და გუდამაყრელებს. უქადაგეს მათ ქრისტიანთა ჭეშმარიტი რჯული, საუკუნო ცხოვრებასთან მიმყვანი, ხოლო მათ არ ინებეს ნათლისღება. მაშინ მეფის ერისთავმა მცირედ წარმართა მახვილი მათზე და ძლევით შემუსრა მათი კერპები.
იქიდან გადავიდნენ და ჟალეთს დადგნენ, უქადაგეს ერწო-თიანეთელებს. მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს, ხოლო ფხოველებმა დატოვეს თავიანთი ქვეყანა და გადავიდნენ თუშეთში. სხვა მთიულთა უმრავლესობა არ მოიქცა, დაუმძიმა მათ ხარკი მეფემ, როცა არ ინებეს ნათლისღება, ხოლო უკანასკნელ ჟამს, მათი ნაწილი მოაქცია აბიბოს ნეკრესელმა ეპისკოპოსმა და ზოგიერთნი მათგანნი დარჩნენ წარმათობაშივე დღემდე.
ხოლო წმიდა ნინო წავიდა რანისკენ ფეროზის მოსაქცევად. მივიდა კუხეთში, დაბა ბოდში და დაჰყო იქ რამდენიმე დღე. მოდიოდნენ მასთან კახეთიდან. აღიარა მისი სწავლა ერის სიმრავლემ. დასნეულდა იქ. გაიგო ეს რევ, მეფის ძემ და მისმა ცოლმა სალომემ, რომელნიც ცხოვრობდნენ უჯარმაში, მივიდნენ ნინოსთან. აცნობეს მეფესა და დედოფალს, მათ გაგზავნეს ეპისკოპოსი იოვანე ნინოს წამოსაყვანად. მაგრამ წმიდა ნინო არ დაემორჩილა, მაშინ წავიდა თვით მეფე და ხალხის სიმრავლე.
ხედავდა ხალხი მის სახეს როგორც ზეცის ანგელოზის პირს. მის სამოსელს ბოლო ნაწილებს აცლიდნენ, იღებდნენ და სარწმუნოებით ემთხვეოდნენ. გარშემო მსხდომ ყველა დედოფალს თვალთაგან ცრემლი დიოდა მოღვაწე მოძღვრისა და სნეულთა ხელოვანი მკურნალის განშორების გამო.
სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნიელი, მათთან ერისთავები და მთავრები, ჰკითხავდნენ: “თუ ვინა ხარ ან საიდან მოხვედი ამ ქვეყანაში ჩვენს მაცხოვრად? სად აღიზარდე, დედოფალო, გვაუწყე ჩვენ შენი საქმე. რატომ ამბობ ტყვე ვარო, ტყვეთა მხსნელო და სანატრელო, რამეთუ შენგან გვისწავლია, რომ იყვნენ წინასწარმეტყველები ღვთის ძის უწინარეს, შემდგომ თორმეტი მოციქული, სხვა სამოცდაათნი. ჩვენში არავინ მოავლინა ღმერთმა შენს გარდა და როგორ იტყვი, ტყვე ვარო და როგორა ხარ უცხო”. მაშინ დაიწყო სიტყვის თქმა წმინდა ნინომ და თქვა: “სარწმუნოების ასულნო, ჩემო მახლობელო დედოფლებო, გხედავთ თქვენ როგორც იმ პირველ ქრისტიან ქალებს, გნებავთ ჩემი გზის ცნობა, გლახაკი მხევლისა. ახლა გაუწყებთ, რომ მისულია ჩემი სული ჩემს ხორცთან და მეძინება მე დედაჩემის ძილით საუკუნოდ, მაგრამ აიღეთ თქვენი საწერლები და დაწერეთ ჩემი გლახაკი
და უდები ცხოვრება, რათა იცოდნენ თქვენმა შვილებმა თქვენი სარწმუნოება, ჩემი შეწყნარება, ღვთის სასწაულები, რომელნიც უხილავთ”.
მაშინ სწრაფად აიღეს საწერლები სალომე უჯარმელმა და პეროჟავრი სივნიელმა. დაიწყო სიტყვის თქმა წმინდა ნინომ და ისინი წერდნენ. მოუთხრო ყოველივე, რაც ჩვენ ზემოთ დავწერეთ, ცხოვრება ამ წმინდისა და ნეტარისა და შეჰვედრა მეფეს იაკობ მღვდელი, რათა იოვანეს შემდეგ იყოს ის ეპისკოპოსი. მაშინ იოვანე ეპისკოპოსმა სწირა და აზიარა წმიდა ნინო ქრისტეს სისხლით და ხორცით. შეავედრა თავისი სული ცის მეუფეს, მისი ქართლში მოსვლიდან მეთოთხმეტე წელს, ქრისტეს ამაღლებიდან სამას ოცდათვრამეტ წელს დასაბამიდან წელთა ხუთიათას რვაას ოცდათვრამეტს.
შეიძრა ორივე ქალაქი, მცხეთა და უჯარმა, და ყოველი ქართლი ნინოს მიცვალებისას. იქ მივიდნენ და დამარხეს ძლევით შემოსილი მისი გვამი იმავე ადგილას _ კუხეთს, დაბა ბოდში, რამეთუ იქ ითხოვა თვით მეფისგან დაფლვა. სიმდაბლისათვის ქმნა ეს, რადგანაც ეს ადგილი სახელგანთქმული არ იყო. მწუხარე იყო მეფე და ყველა წარჩინებული იქ მისი დაფლვის გამო, მაგრამ მცნებისა და ანდერძის ასრულებისთვის დაფლეს იქ. როცა აღესრულა ეს ყოველივე, ღვთით განბრძნობილმა მირიან მეფემ განამტკიცა წმინდა სამების და ყოველივეს დამბადებელი ღვთის სარწმუნოებაზე ყოველი ქართლი და ჰერეთი. მაშინ კონსტანტინე მეფემ გამოგზავნა მძევალი _ მირიანის ძე ბაქარი დიდი განძით და მოსწერა ასე: “მე, კონსტანტინე მეფე, თვითმპყრობელი, ცათა მეუფის ახალი მონა, პირველად ეშმაკისაგან დატყვევებული და მერე გამოხსნილი დამბადებლის მიერ, გწერ შენ, ღვთივ განბრძნობილს და ჩემსავით ახალნერგ მორწმუნე მეფე მირიანს. იყოს შენთან მშვიდობა და სიხარული, ვინაიდან იცან სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო ყოვლისა დამბადებელი, აღარ მინდა მე შენგან მძევალი, არამედ საკმარისია ჩვენს შორის შუამდგომლად ქრისტე, ძე ღმრთისა, ჟამთა უპირველეს შობილი, რომელიც განკაცდა ჩვენი ხსნისათვის, და მისი პატიოსანი ჯვარი, რომელიც მოცემული გვაქვს საწინამძღვროდ მის გულით მოსავებს. დამბადებელი ღვთის შუამდგომლობით ვიყოთ ჩვენ ძმებივით, სიყვარულით. შენი შვილი შენთვისვე მომინიჭებია, იხილე და გაიხარე და ღმერთისგან მოვლინებული მშვიდობის ანგელოზი იყოს შენთან მარადის. დამბადებელმა ღმერთმა განდევნოს შენი საზღვრებიდან ეშმაკი”.
მოვიდნენ მირიან მეფის ძე ბაქარი და მეფე კონსტანტინეს მოციქული მცხეთაში. აღივსნენ სიხარულით მირიან მეფე და დედოფალი ნანა და ადიდებდნენ ღმერთს.
მაშინ მირიან მეფემ განასრულა საეპისკოპოსო ეკლესიაც, აღასრულა მისი წლისთავის დღესასწაული მრავალი დიდებით. მირიან მეფის მოქცევიდან ოცდამეხუთე წელს მოკვდა მისი ძე, რევი, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომელსაც მამის სიცოცხლეშივე მიეცა მეფობა.
დაფლეს თავის მიერ აშენებულ აკლდამაში. იმავე წელს დასნეულდა მირიან მეფე და აღესრულა. მოიყვანა თავისი ძე ბაქარი და ცოლი ნანა და უთხრა ნანას: …აჰა, მე წავალ, საიდანაც მოვედი, ვმადლობ მრავალმოწყალე ღმერთს, ცისა და ქვეყნის დამბადებელს, რომელმაც ეშმაკისგან დატყვევებული მიხსნა ჯოჯოხეთის პირისგან და ღირსმყო მარჯვენით მისსა.
“შენ, ნანა, თუ შეძლებ, ჩემი სიკვდილის შემდეგ გაყავი ჩვენი სამეფო განძი ორად და წარიღე ნინოს, ჩვენი განმანათლებლის სამარხს, დროთა ცვალებადობით რომ არ შეიცვალოს ის ადგილი უკუნისამდე, რადგან თუმცა მეფეთა საჯდომია, მაგრამ მწირია”.
ასევე შეევედრა ეპისკოპოსებს, რათა ადიდონ დიდება იმ ადგილისა, რამეთუ ღირს არს პატივისცემისა. მოაყვანინა წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა, ჩამოჰკიდა სამეფო გვირგვინი ჯვარზე, მოიყვანა ძე მისი ბაქარი, მის თავზე გამოსახა ჯვრის სახე, აიღო გვირგვინი ჯვრიდან და დაადგა ძეს თავზე. აღესრულა მირიან მეფე და დაეფლა ზემო ეკლესიაში საშუალო სვეტის სამხრეთით, ჩრდილოეთის მხრისაკენ. ამ სვეტშია ნაწილი ღვთივ აღმართული სვეტისა. მეორე წელს მოკვდა ნანა დედოფალი და დაეფლა იმავე სვეტის დასავლეთით, სადაც მირიან მეფე იყო დამარხული.
იხილეთ წიგნი:
• საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია
წყარო:https://meufeanania.info