დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
"მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.
რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი.
ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის, სულიკო კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით.
საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, დავით ყიფიანის ქუჩიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით, ან, რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით, აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილდებიან გოგოლაურის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით, როგორც მირცხულავას, ასევე, სამტრედიის ქუჩების გამოყენებით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.
ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის.
აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით, მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით. ხოლო, გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით.
გიორგი ცაბაძის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება", - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/