USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
ტრუმანიდან-ტრამპამდე, ელისაბედ მეორე და ამერიკის 13 პრეზიდენტი
дата:  630

გასულ კვირას, ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედოფალი 2021 წლის ივლისში, ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში უმასპინძლებს. ინფორმაციაზე კომენტარი ბუკინგემის სასახლეში ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა, თუ დედოფალი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს შეხვდებიან, დედოფლისთვის ეს ამერიკის მე-13 მოქმედ პრეზიდენტთან და ჯამში ამერიკის 14 პრეზიდენტთან შეხვედრა იქნება. ის ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჰუვერს მაშინ შეხვდა, როდესაც ეს უკანასკნელი პრეზიდენტის პოსტს აღარ იკავებდა.

ბოლო 70 წლის განმავლობაში, ამერიკას 14 პრეზიდენტი ჰყავდა. დედოფალი 12 მათგანს შეხვედრია. ჯო ბაიდენთან შეხვედრა სამომავლოდაა დაგეგმილი. კიდევ ერთი პრეზიდენტი, რომელსაც დედოფალი არ შეხვედრია, ლინდონ ჯონსონი იყო. ჯონსომა თეთრი სახლი ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ დაიკავა. დედოფალი მაშინ პრინც ედვარდზე იყო ფეხმძიმედ. ამიტომ არც კენედის დასაფლავებას დასწრებია და შემდეგ, არც ჯონსონს შეხვედრია.

ელისაბედ მეორე და ჰარი ტრუმანი
ელისაბედ მეორე და ჰარი ტრუმანი

დედოფალი ელისაბედი მამის, ჯორჯ მე-6-ის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წლის 2 ივნისს ავიდა ტახტზე. ის მაშინ 27 წლის იყო. თუმცა, დედოფლად კურთხევამდეც წარმოადგენდა სამეფო ტახტს სხვადასხვა ოფიციალური ვიზიტების დროს. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი ვაშინგტონში, 1951 წელს შედგა. სწორედ მაშინ შეხვდა დედოფალი ამერიკის პრეზიდენტს, ჰარი ტრუმანს. “თავისუფალი ადამიანები მსოფლიოს ყველა მხარეში, ამერიკის შეერთებულ შტატებს სიყვარულითა და იმედით უყურებენ“, უთხრა მაშინ პრეზიდენტს ჯერ კიდევ პრინცესა ელისაბედმა.

დედოფალი და დუვეიტ ეიზენჰაუერი
დედოფალი და დუვეიტ ეიზენჰაუერი

მორიგი შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან, უკვე დედოფლის რანგში შედგა. ტახტზე ასვლიდან 4 წლის შემდეგ, დედოფალი ელისაბედი დუაიტ ეიზენჰაუერს შეხვდა. 1957 წელს, ელისაბედ მეორე დედოფლის რანგში პირველად, სწორედ ეიზენჰაურთან იყო ვიზიტით.

ვიზიტი ცივი ომის დროს, ბრიტანეთ-ამერიკას შორის ურთიერთობისთვის, განსაკუთრებულად მნიშნელოვან პერიოდში შედგა. ამერიკაში ყოფნის დროს, დედოფალმა დრო რამდენიმე შეხვედრისა და ვიზტისთვის გამონახა. მათ შორის, შეხვდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჰერბერტ ჰუვერს და ასევე, თავის ცხოვრებაში პირველად, დაესწრო ამერიკული ფეხბურთის მატჩს ერთ-ერთ კოლეჯში.

ეიზენჰაუერი და დედოფალი წლების განმავლობაში ერთმანეთს წერილებით ეკონტაქტებოდნენ. როგორც დასავლური მედია წერს, დედოფალმა პრეზიდენტს თავისი ერთ-ერთი საყვარელი კერძის რეცეპტიც გაუზიარა.

კენედები ბუკინგემის სასახლეში ვიზიტის დრო
კენედები ბუკინგემის სასახლეში ვიზიტის დრო

1961 წელს, დედოფლის მორიგი ვიზიტი შედგა ამერიკის პრეზიდენტთან. ამჯერად ეს ჯონ კენედი იყო. ჯონ და ჟაკლინ კენედები დედოფალს ბუკინგემის სასახლეში ეწვივნენ. ლონდონში ვიზიტის დროს, კენედის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ნახევარი მილიონი ადამიანი შეიკრიბა იმისთვის, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტსა და პირველ ლედის დახვედროდა.

ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტმა დედოფალს მისწერა და უთხრა, რომ ის ყოველთვის „დააფასებდა იმ მშვენიერი საღამოს მოგონებას“. დედოფალი და ამერიკის 35-ე პრეზიდენტი ერთმანეთს წერილების საშუალებით 1963 წლამდე, კენედის გარდაცვალებამდე ეკონტაქტებოდნენ.

კენედის მკვლელობის შემდეგ, დედოფლის ბრძანებით კენედის მემორიალი გაკეთდა. ასევე, დედოფლის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთში, კენედის სახელობის სასტიპენდიო ფონდიც შეიქმნა.

შეხვედრა პრეზიდენტ ნიქსონთან
შეხვედრა პრეზიდენტ ნიქსონთან

1970 წელს დედოფალი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს შეხვდა. ეს არ ყოფილა ნიქსონისა და ელისაბედ II-ის პირველი შეხვედრა. 1957 წელს დედოფალი მას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის როლშიც შეხვდა.

ბუკინგემის სასახლეში ვიზიტის დროს, დედოფალთან ერთად, პრეზიდენტს მასპინძლობას ედინბურგის ჰერცოგი და უელსის პრინცი უწევდნენ. პრეზიდენტმა და დედოფალმა საჩუქრების სახით ერთმანეთის ხელმოწერილი ფოტოები გაცვალეს.

ფორდები სამეფო ოჯახს თეთრ სახლში მასპინძლობენ
ფორდები სამეფო ოჯახს თეთრ სახლში მასპინძლობენ

ამერიკის მიერ ბრიტანეთისგან გამოყოფის გამოცხადების 200 წლისთავიდან მალევე, დედოფალი ვაშინგტონში ჩავიდა. 1976 წელს, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის განგრძობითი ურთიერთობის აღნიშვნა და ზეიმი იყო. მაშინ ამერიკის პრეზიდენტის სკამს, ჯერალდ ფორდი იკავებდა. პრეზიდენტმა და დედოფალმა სახელმწიფო სადილის დროს ერთად იცეკვეს კიდეც. პრეზიდენტმა მაშინ დედოფალს უთხრა, რომ „ამერიკის შეერთებულ შტატებს არასდროს დავიწყნია თავისი ბრიტანული მემკვიდრეობა“.

ჯიმი კარტერი და დედოფალი ელისაბედი საზეიმო მიღების დროს
ჯიმი კარტერი და დედოფალი ელისაბედი საზეიმო მიღების დროს

ერთი წლის შემდეგ, 1977 წელს, დედოფალმა ამერიკის პრეზიდენტს ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლა. ამჯერად ეს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი იყო. კარტერი მოგვიანებით თავის ვიზიტს იხსენებდა ბუკინგემის სასახლეში და ამბობდა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი, სადაც ის ოდესმე ყოფილა.

„ერთ-ერთი რამ, რაც მე დედოფალს ვუთხარი, იყო ის, თუ რამდენად აფასებდა ამერიკელი ხალხი მის ვიზიტს ჩვენი მე-200 დაბადების დღის აღსანიშნავად. მან კი მითხრა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე თბილი მიღება, რაც კი მას ოდესმე ჰქონია“, იხსენებდა კარტერი.

თუმცა, კარტერის ვიზიტის დროს უხერხულობაც იყო. მან პროტოკოლი დაარღვია და დედა დედოფალს ტუჩებში აკოცა. მოგვიანებით იქ მყოფები ამბობდნენ, რომ დედოფალი შოკში იყო.

დედოფალი და რონალდ რეიგანი
დედოფალი და რონალდ რეიგანი

რონალდ რეიგანს, ამერიკის 40-ე პრეზიდენტსა და დედოფალს, ცხენების სიყვარული აერთიანებდათ. ისინი პირველად 1982 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. რონალდ რეიგანი ისტორიაში ამერიკის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც ბუკინგემის სასახლეში ღამით დარჩა.

პირველი ვიზიტის შემდეგ, რეიგანი დედოფალს სასახლეში კიდევ ორჯერ ეწვია. ასევე, მან და მისმა მეუღლემ, ნენსიმ, დედოფალს საკუთარ რანჩოზე, სანტა-ბარბარაში უმასპინძლეს. თავის მემუარებში რეიგანი 1982 წლის ვიზიტს „ზღაპრულ სტუმრობას“ და ერთ-ერთ ყველაზე „სახალისო“ მომენტს უწოდებს თავისი პრეზიდენტობისა. „უნდა ვაღიარო, რომ დედოფალი საკმაოდ წარმატებული ცხენოსანია“, წერდა რეიგანი.

მოგვიანებით, რეიგანმა დედოფლისგან საპატიო რაინდის წოდება მიიღო. ეს უმაღლესი ჯილდოა, რომელიც უცხოელმა შეიძლება სამეფო კარისგან მიიღოს. რეიგანმა ეს წოდება ბრიტანეთისთვის ფოლკლენდის ომში გაწეული დახმარებისთვის მიიღო.

ჯორჯ ბუშ უფროსი და დედოფალი ელისაბედი
ჯორჯ ბუშ უფროსი და დედოფალი ელისაბედი

ჯორჯ ბუშ უფროსს დედოფალი ჯერ 1989 წელს, ბუკინგემის სასახლეში შეხვდა. შემდეგი შეხვედრა კი 1991 წელს, ამერიკაში შედგა. ჯორჯ ბუში ბეისბოლის დიდი მოყვარული იყო, ამიტომ დედოფალი ერთ-ერთ თამაშზე წაიყვანა. ეს ელისაბედ მეორესთვის მის ცხოვრებაში პირველი ბეისბოლის მატჩი იყო.

2018 წელს, ბუშის გარდაცვალების შემდეგ, დედოფალმა მას „ბრიტანეთის დიდი მეგობარი და მოკავშირე უწოდა“. პრეზიდენტის დასაფლავებაზე კი პრინცი ჩარლზი, სამეფო კარის სახელით წარავლინა.

კლინტონები დედოფალთან ვიზიტის დროს
კლინტონები დედოფალთან ვიზიტის დროს

ამერიკის მორიგი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი და დედოფალი ერთმანეთს პირველად 1994 წელს შეხვდნენ. კლინტონის პრეზიდენტობის დროს, ორი ქვეყნის პირველ პირს შორის კიდევ რამდენიმე შეხვედრა დაიგეგმა. „ის მაღალი ინტელექტის მქონე ქალია და ძალიან ბევრი რამ იცის მსოფლიოს შესახებ... ვფიქრობ ის ძალიან შთამბეჭდავი პიროვნებაა. მე ის ძალიან მომწონს“, ამბობდა კლინტონი.

ჯორჯ და ლარა ბუშები ბუკინგების სასახლეში ვიზიტის დროს
ჯორჯ და ლარა ბუშები ბუკინგების სასახლეში ვიზიტის დროს

ჯორჯ ბუშ უმცროსი და დედოფალი ელისაბედი ერთმანეთს 2003 წელს, ბუშის ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს შეხვდნენ. 2007 წელს, დედოფალი თავადაც ეწვია ბუშს ამერიკაში. დედოფლის ვიზიტის დროს, პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა, თუმცა შეცდომა დაუშვა და 1976 წლის ნაცვლად, 1776 თქვა. მოგვიანებით ბუშმა თქვა, რომ ამ შეცდომის დაშვების დროს დედოფალმა ისე შეხედა, „როგორც მხოლოდ დედა უყურებს ხოლმე შვილს“.

ბარაკ და მიშელ ობამები დედოფალთან ერთად
ბარაკ და მიშელ ობამები დედოფალთან ერთად

ამერიკის 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას დედოფალი 2011 წელს შეხვდა. ვიზიტის დროს, მიშელ ობამამ, შემთხვევით პროტოკოლი დაარღვია და დედოფალს მხარზე ხელი მოჰხვია. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ლედის ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა, დედოფალმა გადაწყვიტა, რომ მსგავსივე ჟესტით გამოეხატა თავისი კეთილგანწყობა და მანამაც მოხვია ხელი მიშელ ობამას.

ბარაკ ობამა და დედოფალი ელისაბედი კიდევ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. დედოფლის 90-ე დაბადების დღეზე ობამამ თქვა: „ის ნამდვილად, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანია“.

ტრამპების ვიზიტი ბუკინგემის სასახლეში
ტრამპების ვიზიტი ბუკინგემის სასახლეში

ბოლოს, დედოფალი ამერიკის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ტრამპსა და დედოფალს შორის ორჯერ გაიმართა ვიზიტი. როგორც დასავლურ პრესაში წერენ, ტრამპმა ყველა სხვა პრეზიდენტზე მეტად და უხეშად დაარღვია დედოფალთან მოქცევის პროტოკოლი. მან დაიგვიანა შეხვედრაზე, დედოფალს გაუსწრო და მის წინ მიდიოდა, დედოფალს ზურგი შეაქცია და თავის დაკვრის მაგივრად ელისაბედ მეორეს ხელი ჩამოართვა.

დედოფალი ელისაბედ მეორე ახლა 94 წლისაა. ის ბრიტანეთის ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც მონარქი, რომელიც ყველაზე დიდი ხანია მართავს ქვეყანას. მანამდე ეს სტატუსი მის დიდ ბებიას, დედოფალ ვიქტორიას ჰქონდა, რომელიც ქვეყანას 63 წლის განამავლობაში ხელმძღვანელობდა. დედოფალი ელისაბედ მეორე კი, უკვე 68 წელია ბრიტანეთს მართავს.

წყარო:https://www.amerikiskhma.com/

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати