აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების წინა დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს მხარდაჭერას უცხადებს და უნგრელებს მოუწოდებს ხმა ორბანს მისცენ.
"უნგრეთო: გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ის არის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებული. მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევნებში. ვიქტორ ორბანი არასოდეს გაუცრუებს იმედებს უნგრეთის დიდებულ ხალხს. მე ბოლომდე მის გვერდით ვარ"- წერს ტრამპი Truth Social-ში და გასული წლის ნოებერში ვაშინგტონში ვიზიტისას ორბანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ეს აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ორბანის მხარდაჭერის პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე კვირაში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ვიზიტისას ტრამპმა ორბანის მხარდამჭერებს ტელეფონით მიმართა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორბანის მხარდასაჭერად ბუდაბეშტში ჩასვლის მიუხედავად, ვენსი ირწმუნება, რომ აშშ უნგრეთის არჩევნებში არ ერევა, სამაგიეროდ ევროკავშირს უნგრეთიდანაც აკრიტიკებს, მათ შორის ბრალი დასდო არჩევნებში ჩარევაში.
„მინდოდა ეს ყველასთვის სიგნალი ყოფილიყო განსაკუთრებით ბრიუსელში მყოფი ბიუროკრატებისთვის, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს უნგრეთის ხალხის დასათრგუნად, რადგან არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც რეალურად უნგრელ ხალხს იცავდა“, - განაცხადა ბუდაპეშტში მყოფმა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ბრალდებებს გერმანიის მთავრობამ უპასუხა და უარყო მტკიცება, თითქოს ევროკავშირი უნგრეთის არჩევნებში ერევა. მთავრობის პრესსპიკერის თქმით, ფაქტი, რომ ჯეი დი ვენსი უნგრეთში იმყოფებოდა "უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ ვინ რაში ერევა“.
ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ უნგრეთის არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. ეს ნიშნავს, რომ 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც 2010 წლიდან ხელისუფლებაშია, შესაძლოა, ძალაუფლება დაკარგოს. ორბანს, რომელიც ბრიუსელის მთავარი კრიტიკოსია და ბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ან მხარდაჭერის სანაცვლოდ ევროკავშირისგან გარკვეულ დათმობებს იღებს, კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აშშ-ის, ისე რუსეთის პრეზიდენტებთან.
საერთაშორისო მედიის შეფასებით, 2010 წლიდან მოყოლებული ოთხი არჩევნების შემდეგ, წელს დაგეგმილი არჩევნები ყველაზე დიდი გამოწვევაა უნგრეთის 62 წლის ნაციონალისტი ლიდერის ვიქტორ ორბანისთვის.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.