USD 2.7397
EUR 3.1090
RUB 3.4226
Tbilisi
ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება, რომის პაპი დაინტერესებულია მოლაპარაკებებს უმასპინძლოს
Date:  560

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ წერს.

„ახლახან დავასრულე ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და, რაც მთავარია, ომის დასასრულებლად. პირობების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ასე რომ არ იყოს ახლავე ვიტყოდი და არა მოგვიანებით“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „რუსეთს აშშ-თან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა სურს, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება“.

„ეს რუსეთისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის შესაქმნელად. პოტენციალი უსაზღვროა. ასევე, უკრაინას შეუძლია ვაჭრობით დიდი სარგებელი მიიღოს, საკუთარი ქვეყნის აღდგენის პროცესში“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.

„ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს. ვატიკანმა, რომელსაც რომის პაპი წარმოადგენს, განაცხადა, რომ დაინტერესებულია მოლაპარაკებებს უმასპინძლოს. დაე, ეს პროცესი დაიწყოს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

tbilisi
ვაკეში, ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა 4 თვით შეიზღუდა

ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. სარეაბილიტაციო არეალი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს, სადაც 22 მაისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების გამო ცვლილებები შევიდა, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში. კერძოდ, მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთიდან, თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ.

გზის აღნიშნულ მონაკვეთში დროებით მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც.

წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა ორ ზოლში, ხოლო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დარჩენილი თავისუფალი ზოლებით.

ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება, როგორც საავტობუსო ზოლში, ისე წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის. აღნიშნული მონაკვეთი დროებით ორმხრივი და ორზოლიანი გახდება. გარდა ამისა, მოძრაობა აიკრძალება ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. სატრანსპორტო საშუალებებს ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით. მძღოლები უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტს გამოიყენებენ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N345, N354 და N359 წყნეთის გზატკეცილს ჭავჭავაძის გამზირიდან დაუკავშირდებიან თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების საავტომობილო ხიდის გავლით, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. ავტობუსები უკუმიმართულებითაც იმავე გზით გააგრძელებენ მოძრაობას. ავტობუსი N334 მეტროსადგურ „დელისიდან” წყნეთის გზატკეცილს დაუკავშირდება თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ხიდის გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით იმოძრავებს ; N351 ავტობუსის ბოლო გაჩერებად დროებით განისაზღვრა კუს ტბის გადასახვევის მოპირდაპირედ არსებული ნუგზარ ენდელაძის მოედანი.

მიკროავტობუსები: N449 და N450 წყნეთის გზატკეცილიდან ბაგების ხიდის საშუალებით დაუკავშირდებიან უნივერსიტეტის ქუჩას, თამარაშვილის გამზირს, წერეთლისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, რის შემდეგაც, N449 მოძრაობას დაასრულებს ნუგზარ ენდელაძის მოედანზე, ხოლო N450 მიკროავტობუსი ვაკის პარკის მოპირდაპირედ შეუხვევს, თამარაშვილის გამზირის გავლით, ანალოგიური გზებით დაუკავშირდება წყნეთის გზატკეცილს, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N449 უკუმიმართულებისას გადაადგილდება იმავე მარშრუტით, მგზავრთა მომსახურებას კი ჭავჭავაძის გამზირის N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს.

რეაბილიტაციის პერიოდში, ბაგების მოსახლეობისთვის დაწესდება ავტობუსის დროებით მარშრუტიც. N173 იმოძრავებს წყნეთის გზატკეცილი N6-ის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბაგების მცხოვრებლებს მეტროსადგურ “დელისამდე” მოემსახურება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way