საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წელია, სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციირებული პროექტის - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“-ის მხარდამჭერია.
პროექტი, 300-მდე მეწარმისთვის როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პროექტში მონაწილეობა მიიღეს მეწარმეებმა, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან, რომლებიც საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვით არიან დაინტერესებულები.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ნინო სანიკიძე, ქალი მეწარმე, რომელმაც 2020 წელს ლავანდების საკუთარი ბაღი გააშენა, საგურამოსთან ახლოს, ეკო ზონაში.
„ტოტოს ლავანდების შექმნის ინსპირაცია მოდის საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან, სადაც მრავლად არის გაშენებული ლავანდის ბაღები. 2020 წელს ევროპიდან ჩამოვიტანეთ ბრიტანული ჯიშის ლავანდის ნერგები, რომლის გაშენებაც საგურამოსთან ახლოს ეკო-ზონაში დავიწყეთ“ - ამბობს ნინო
თავდაპირველად, მსგავსი ბიზნესის წამოწყება ერთგვარი ექპერიმენტი იყო და ამიტომ, ნინომ სატესტოდ ერთი ზოლი გააშენა, თუმცა მალევე გაფართოების საჭიროება დადგა.
„თავდაპირველად გამოწერილი ნერგები სატესტოდ ერთ ზოლად გავაშენე საკუთარ ტერიტორიაზე, საგურამოს სოფელ არაშენდაში. შემდეგ კი, მე თავად ვისწავლე და გავამრავლე. დღეს უკვე 2,000 კვ.მ - ზე გვაქვს ლავანდის ბაღები გაშენებული. სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ“, - ამბობს მეწარმე.
ლავანდების გაშენებასთან ერთად, ნინო მისი გამოყენების სხვადასხვა მიმართულებამ დააინტერესა.
„ბაღების გაშენების პარალელურად დავიწყე სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, გავიარე ეთერზეთების წარმოების კურსი, გამოვიწერე ეთერზეთების სახდელი აპარატი და დავიწყე საკუთარი პროდუქციის გამოშვება. ამ ეტაპზე „ტოტოს ლავანდების“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება და ვაწარმოებთ სხვადასხვა აქსესუარებსა და სახლის დეკორატიულ ნივთებს, არომა პროდუქტებს, სხეულის მოვლის საშუალებებს, ეთერზეთებს, აბაზანის მარილს, მასაჟის ზეთს, სხეულის სკრაბსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ველნეს და სპა მიმართულებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვაწარმოებთ კულინარიულ ლავანდას, რომელსაც საკონდიტრო მიმართულებით იყენებენ და ლავანდის ჩაის, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს“ - აღნიშნავს ნინო.
ამ დრომდე პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ, პარტნიორობენ რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიასთან. თუმცა, ბიზნესის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებაც. „ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებს როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები წარმოადგენენ. ვთანამშრომლობთ რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიასთან თბილისში. აგრეთვე გვაქვს პატარა მაღაზია საგურამოში, სადაც ადგილზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალებას ვაძლევთ, ლავანდის ბაღები დაათვალიერონ, შემდეგ კი სუვენირები შეიძინონ. წლიდან - წლამდე ჩვენი სტარტაპის განვითარებამ, ახალი პროდუქტების დამატებამ და მომხმარებლების გაზრდამ გააჩინა ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებაც. მოგეხსენებათ ონლაინ გაყიდვები ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის ერთობლივ პროექტში - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“. მისი მეშვეობით „ტოტოს ლავანდების“ შეძენა უკვე ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი. როგორც იცით, ვებგვერდის დამზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მცირე მეწარმისთვის დიდი ფუფუნებაა. საკუთარი ვებგვერდი ბიზნესისთვის დიდ ბენეფიტებთან არის დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ გაცილებით ვუმარტივებთ და მეტ კომფორტს ვთავაზობთ მომხმარებლებს, ასევე ჩვენ, როგორც ბიზნესს, ჩვენი მომხმარებლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც სხვადასხვა მარკეტინული აქციების, კამპანიების დაგეგმვისა თუ მომხმარებლების ლოიალობის გასაზრდელად, საჩუქრების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს“ - ამბობს ის.
ნინო გაჩერებას არ აპირებს და უკვე არაერთი გეგმა აქვს „სამომავლოდ, ველის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ, ზაფხულში ვაპირებთ სეზონური კაფეს გახსნას, რომელიც ადგილზე მოსულ სტუმრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ახლახან, საქართველოს ბანკისა და გაეროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გრანტი მოვიპოვეთ, რომლის ფარგლებშიც ახალ ტექნიკას შევიძენთ, რაც ადგილზე კაფის გამართვის საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, სამომავლოდ, აქტიურად ვგეგმავთ საერთაშორისო კონგრესებსა თუ გამოფენებზე მონაწილეობის მიღებას“, - გვიზიარებს ნინო
POLITICO European Pulse-ის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირის ექვს ძირითად ქვეყანას შორის ჩატარდა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, აშშ უფრო საფრთხედ აღიქმება, ვიდრე მოკავშირედ.
2025 წლის იანვარში ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა ვაშინგტონის ერთგულება ნატოს მიმართ ეჭვქვეშ დააყენა, დაიმუქრა გრენლანდიისა და კანადის ანექსიით, მოკავშირეებს ტარიფები დააკისრა და ირანთან ომი დაიწყო, რომელში მონაწილეობაზეც ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს.
მარტში პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა აღიქვა ამერიკა ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა - საფრთხედ. ამის საპირისპიროდ ჩინეთს საფრთხედ ექვსი ქვეყნის გამოკითხულთა 29%-მა აღიქვამს.
ეროვნულ დონეზე, ვაშინგტონიდან მომდინარე საფრთხე პეკინის საფრთხეს ოთხ ქვეყანაში აჭარბებს, მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში გამოკითხულებმა ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე უფრო მაღალ დონედ აღიქვეს.
„აშშ-ის მიმართ შეხედულებების გამკაცრების სიგნალით, გამოკითხვამ ასევე მიუთითა ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის გულში არსებულ წინააღმდეგობაზე. ამომრჩევლებს სურთ, რომ ევროპა უკეთ იყოს შეიარაღებული და უფრო თვითკმარი, რადგან აშშ-ის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ მათი მადა ქრება, თუ თავდაცვა პირად მსხვერპლს, უფრო დიდ ბიუჯეტს ან უკრაინისთვის უვადო მხარდაჭერას გულისხმობს“, - წერს გამოცემა.
POLITICO-ს კვლევის თანახმად, გამოიკვეთა ისიც, რომ რუსეთი აშკარა მტერია. მას საფრთხედ ყველა გამოკითხული ადამიანის 70% მიიჩნევს.
European Pulse-ის კვლევის მიხედვით, რომელიც POLITICO-სა და beBartlet-ისთვის Cluster17-მა ჩაატარა, 13 მარტიდან 21 მარტამდე ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ბელგიაში 6 698 ევროპელი გამოიკითხა.
ესპანეთში ყველაზე ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ და 51% ამბობდა, რომ ვაშინგტონი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რაც გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მადრიდმა ლიდერობა დაიკავა ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის წინააღმდეგ, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დაბალი ხარჯების გამო ესპანეთი გაკიცხა.
იტალიაში 46% მიიჩნევს, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს. ამ პოზიციას, ბელგიელების 42% უჭერს მხარს, ფრანგ გამოკითხულთა 37% და გერმანელების 30%.
გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს: გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა მხარდაჭერა უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომიის მიმართ.
ექვსი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 76%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ქვეყნების სამხედროების გაგზავნას ნატოს მოკავშირის დასაცავად, თავდასხმის შემთხვევაში. მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, როდესაც სცენარი ევროკავშირის წევრის დაცვას მოიცავდა. ყველა გამოკითხულ ქვეყანაში სამხედრო დახმარების მხარდაჭერა აშკარად აჭარბებდა წინააღმდეგობას.
გამოცემა წერს, რომ ზემოთ აღნიშნული კონსენსუსი მკვეთრად შესუსტდა, როდესაც საკითხი პირად ჩართულობას შეეხო. გამოკითხულთა მხოლოდ 19%-მა თქვა, რომ ისინი მზად იქნებოდნენ „იარაღი აეღოთ და ებრძოლათ“, თუ მათ ქვეყანას თავს დაესხმებოდნენ. თითქმის ნახევარი (47%) ამბობს, რომ ისინი უპირატესობას მიანიჭებენ არასაბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, როგორიცაა ლოგისტიკა, სამედიცინო დახმარება ან სამოქალაქო დაცვა. 16%-მა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ თავიანთ ქვეყანას პირდაპირი მონაწილეობის გარეშე, ხოლო, 12%-მა თქვა, რომ განიხილავდნენ ქვეყნის დატოვებას.
„თავდაცვის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ბრძოლის ინდივიდუალურ მზაობას შორის არსებული უფსკრული ხაზს უსვამს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ევროპული მთავრობები დგანან, როდესაც ისინი თავიანთ სამხედრო ამბიციებს ზრდიან და წვევამდელების დეფიციტს ებრძვიან.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამომრჩევლები ზოგადად აღიარებენ ევროპის უფრო ძლიერი თავდაცვის პოზიციის საჭიროებას, თუმცა დაფინანსების საკითხზე მათი აზრები იყოფა. ექვსივე ქვეყანაში, 86% დაეთანხმა, რომ ევროპამ უნდა განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, აქედან 56% ამ აზრს ძლიერად ეთანხმებოდა. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო პოლონეთსა და ბელგიაში (ორივეში 95%), ასევე გერმანიაში (89%).
ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაციის მიმართ - გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც იმოქმედებდა ეროვნული არმიების პარალელურად. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-დან საფრანგეთში 83%-მდე ბელგიაში“, - წერს POLITICO.
თუმცა, გამოცემა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ხარჯებს შეეხო, აზრები გაიყო.
გამოკითხვის მიხედვით, 37%-მა თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვაზე თანხის „დაახლოებით სწორ ოდენობას“ ხარჯავს, ხოლო ზუსტად იმავე რაოდენობამ მიიჩნია, რომ ხარჯები „არ არის საკმარისი“. ამავე დროს, 22%-მა აღნიშნა, რომ მათი ქვეყანა უკვე ძალიან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე.
ასევე ფართოდ იყო მხარდაჭერილი უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია, გამოკითხულთა 69% მხარს უჭერდა საერთო ევროპული სამხედრო ძალის შექმნას, რომელიც ეროვნულ არმიებთან ერთად იმოქმედებდა. მხარდაჭერა მერყეობდა 60%-მდე საფრანგეთში, 83%-მდე ბელგიაში, თუმცა ხარჯების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავდებოდა.
„ქვეყნების დონეზე განსხვავებები აშკარა იყო. გერმანიაში (40%), საფრანგეთში (44%) და ესპანეთში (43%) გამოკითხულთა თქმით, თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. იტალიაში, 39%-მა თქვა, რომ ხარჯები ძალიან მაღალი იყო - ყველაზე მაღალი დონე გამოკითხულ ქვეყნებს შორის. პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა (56%) მიიჩნევს, რომ მიმდინარე ხარჯების დონე დაახლოებით სწორია.
ეს შეხედულებები ზოგადად ასახავს მიმდინარე ხარჯების დონეს. პოლონეთი გეგმავს მშპ-ს 4.8%-ის დახარჯვას თავდაცვაზე წელს, რაც ნატოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და გაცილებით მეტი, ვიდრე გამოკითხულ სხვა ქვეყნებს შორის“, - წერს POLITICO.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მონაცემები ააშკარავებს ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ექვს ქვეყანაში, 34% ამბობს, რომ ევროპა საკმარის მხარდაჭერას არ უწევს უკრაინას, 31% ფიქრობს, რომ არსებული პოლიტიკა დაახლოებით სწორია, ხოლო 30% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად ბევრს აკეთებს.
ეროვნულ დონეზე განსხვავებები კვლავ გამოიკვეთა. გერმანიაში, რომელიც ევროპიდან უკრაინისთვის დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, 45% ამბობს, რომ ევროპა საკმარისს არ აკეთებს. იტალიაში, რომელიც გამოკითხულ ექვს ქვეყანას შორის მშპ-ის ყველაზე დაბალ წილს გამოყოფს უკრაინის სამოქალაქო და სამხედრო დახმარებაზე, „კილის მხარდაჭერის ტრეკერის“ მონაცემებით, 42% ამბობს, რომ ევროპა ზედმეტად დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ესპანეთი და ბელგია „არასაკმარისის“ ბანაკისკენ იხრებოდნენ, ხოლო საფრანგეთში შეხედულებები უფრო თანაბრად იყო გაყოფილი.
„ამ უთანხმოების მიუხედავად, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების მხარდაჭერა მტკიცე დარჩა გამოკითხულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. შედეგები ასევე ეფუძნება გაწვევასა და სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ დებატებს, რადგან მთავრობები ეძებენ სამხედრო შესაძლებლობების გაფართოების გზებს.
გერმანიაში სავალდებულო სამსახურის გარკვეული ფორმის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალი იყო. გერმანელი რესპონდენტების 3/4-ზე მეტმა (78%) მხარი დაუჭირა გაწვევის ან სამოქალაქო სამსახურის ვალდებულებების აღდგენას, რომლებიც 2011 წელს შეჩერდა. თუმცა, კოალიციაში წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გასულ წელს კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უარი თქვა სრული გაწვევის აღდგენის გეგმებზე და ამის ნაცვლად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 2031 წლისთვის ჯარის პირადი შემადგენლობის 203 000 აქტიურ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდას.
მხარდაჭერა ასევე ძლიერი იყო ბელგიაში - 76%, ხოლო აზრი უფრო ორად იყოფა იტალიაში, 53% მომხრე იყო და ესპანეთში, სადაც 54% ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას”, - ასკვნის POLITICO.