USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
„ტოტოს ლავანდები“, საქართველოს ბანკის პროექტის „უფასო ვებგვერდი ბიზნესის“ მონაწილე
თარიღი:  

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წელია, სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციირებული პროექტის - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“-ის მხარდამჭერია.

პროექტი, 300-მდე მეწარმისთვის როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პროექტში მონაწილეობა მიიღეს მეწარმეებმა, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან, რომლებიც საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვით არიან დაინტერესებულები.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა ნინო სანიკიძე, ქალი მეწარმე, რომელმაც 2020 წელს ლავანდების საკუთარი ბაღი გააშენა, საგურამოსთან ახლოს, ეკო ზონაში.

„ტოტოს ლავანდების შექმნის ინსპირაცია მოდის საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან, სადაც მრავლად არის გაშენებული ლავანდის ბაღები. 2020 წელს ევროპიდან ჩამოვიტანეთ ბრიტანული ჯიშის ლავანდის ნერგები, რომლის გაშენებაც საგურამოსთან ახლოს ეკო-ზონაში დავიწყეთ“ - ამბობს ნინო

თავდაპირველად, მსგავსი ბიზნესის წამოწყება ერთგვარი ექპერიმენტი იყო და ამიტომ, ნინომ სატესტოდ ერთი ზოლი გააშენა, თუმცა მალევე გაფართოების საჭიროება დადგა.

„თავდაპირველად გამოწერილი ნერგები სატესტოდ ერთ ზოლად გავაშენე საკუთარ ტერიტორიაზე, საგურამოს სოფელ არაშენდაში. შემდეგ კი, მე თავად ვისწავლე და გავამრავლე. დღეს უკვე 2,000 კვ.მ - ზე გვაქვს ლავანდის ბაღები გაშენებული. სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ“, - ამბობს მეწარმე.

ლავანდების გაშენებასთან ერთად, ნინო მისი გამოყენების სხვადასხვა მიმართულებამ დააინტერესა.

„ბაღების გაშენების პარალელურად დავიწყე სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, გავიარე ეთერზეთების წარმოების კურსი, გამოვიწერე ეთერზეთების სახდელი აპარატი და დავიწყე საკუთარი პროდუქციის გამოშვება. ამ ეტაპზე „ტოტოს ლავანდების“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება და ვაწარმოებთ სხვადასხვა აქსესუარებსა და სახლის დეკორატიულ ნივთებს, არომა პროდუქტებს, სხეულის მოვლის საშუალებებს, ეთერზეთებს, აბაზანის მარილს, მასაჟის ზეთს, სხეულის სკრაბსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება ველნეს და სპა მიმართულებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვაწარმოებთ კულინარიულ ლავანდას, რომელსაც საკონდიტრო მიმართულებით იყენებენ და ლავანდის ჩაის, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს“ - აღნიშნავს ნინო.

ამ დრომდე პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენენ, პარტნიორობენ რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიასთან. თუმცა, ბიზნესის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებაც. „ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებს როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები წარმოადგენენ. ვთანამშრომლობთ რამდენიმე კონცეპტუალურ მაღაზიასთან თბილისში. აგრეთვე გვაქვს პატარა მაღაზია საგურამოში, სადაც ადგილზე მოსულ დამთვალიერებელს საშუალებას ვაძლევთ, ლავანდის ბაღები დაათვალიერონ, შემდეგ კი სუვენირები შეიძინონ. წლიდან - წლამდე ჩვენი სტარტაპის განვითარებამ, ახალი პროდუქტების დამატებამ და მომხმარებლების გაზრდამ გააჩინა ტექნოლოგიური განვითარების საჭიროებაც. მოგეხსენებათ ონლაინ გაყიდვები ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის ერთობლივ პროექტში - „უფასო ვებგვერდი ბიზნესს“. მისი მეშვეობით „ტოტოს ლავანდების“ შეძენა უკვე ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი. როგორც იცით, ვებგვერდის დამზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მცირე მეწარმისთვის დიდი ფუფუნებაა. საკუთარი ვებგვერდი ბიზნესისთვის დიდ ბენეფიტებთან არის დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ გაცილებით ვუმარტივებთ და მეტ კომფორტს ვთავაზობთ მომხმარებლებს, ასევე ჩვენ, როგორც ბიზნესს, ჩვენი მომხმარებლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც სხვადასხვა მარკეტინული აქციების, კამპანიების დაგეგმვისა თუ მომხმარებლების ლოიალობის გასაზრდელად, საჩუქრების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს“ - ამბობს ის.

ნინო გაჩერებას არ აპირებს და უკვე არაერთი გეგმა აქვს „სამომავლოდ, ველის კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ, ზაფხულში ვაპირებთ სეზონური კაფეს გახსნას, რომელიც ადგილზე მოსულ სტუმრებს მოემსახურება. გარდა ამისა, ახლახან, საქართველოს ბანკისა და გაეროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გრანტი მოვიპოვეთ, რომლის ფარგლებშიც ახალ ტექნიკას შევიძენთ, რაც ადგილზე კაფის გამართვის საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, სამომავლოდ, აქტიურად ვგეგმავთ საერთაშორისო კონგრესებსა თუ გამოფენებზე მონაწილეობის მიღებას“, - გვიზიარებს ნინო

საზოგადოება
გილოცავთ პეტრე-პავლობას !!!

მართლმადიდებლური სამყარო 12 ივლისს, პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მოციქულების - პეტრეს და პავლეს ხსენების დღე, პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა, რომელიც დღეს თევზით არის ხსნილი. 12 ივლისს მარხვა სრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე და პავლე მოციქულებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს.

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება.

სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე — 7 დღე.

ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ, ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, დადგინდა, რომ მათი ხსენების დღემდე, ანუ 12 ივლისამდე ემარხულათ.

წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან (იოანე; 1,41-42).

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი“.

საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. იესომ მიუგო: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას (ლუკა; 5,1-11).

ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ უპასუხა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. ამაზე უფალმა მიუგო: „ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 16,15-19) (ამ სიტყვებით „კლიტენი“ და „შეკვრისა და გახსნის“ უფლება მიენიჭა „თავკიდურ ლოდზე“ - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ფიცხი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.

უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. პეტრემ განაცხადა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. უფალმა მიუგო: „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“ (მთ. 26,31-34).

ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: „ესეცა მის თანა იყო“, ის კი იფიცებოდა: „არა ვიცი კაცი იგი“. როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, „მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს“. მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.

უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: „სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ პეტრემ მიუგო: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“, - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება (იოანე 21, 1-23).

ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა. სულთმოფენობის დღეს მისმა მადლმოსილმა სიტყვებმა სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; იოპიაში უფალმა პეტრეს სასწაულებრივ მიანიშნა, რომ წარმართებსაც წმიდა-ჰყოფდა, რის შემდეგაც მოციქულმა კორნილიოს ასისთავის სახლში შეკრებილ უცხოტომელებს შორის იქადაგა, მათზე სულიწმიდის გადმოსვლის მოწმე შეიქნა და ნათლისღების მადლით განანათლა ღვთისგან შეწყნარებულები (საქმე 10,1-48). სხვადასხვა დროს პეტრე იმყოფებოდა: ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის ქალაქებში იგი ყველგან ქრისტეს სწავლების მარცვლებს თესდა და აფუძნებდა ეკლესიებს. მის ქადაგებებს მრავალი სასწაული ახლდა თან: სნეულები პეტრეს ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ.

წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, „შემომავალი ჰრომედ“. პეტრემ იკითხა: „აქ ვიდრე ხუალ, უფალო?“ მაცხოვარმა მიუგო: „შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად“. მოციქულს გაუკვირდა: „კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?“ როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ და უკანვე გაბრუნდა.

მტარვალებმა წმიდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: „ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა“.

ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა.

პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.

წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.

სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“ (საქმე, 8,3).

იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი „მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ“ (საქმე 9,2). დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ნათლით გამო მოისმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ (საქმე 9,3-5). იესუმ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა.

ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.

სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა. თავად წერს: „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან“. (2 კორ. 11,24-26).

ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პავლე ღვთის ნებით ამ სოფელშივე შეიქნა ენითაუწერელი ნეტარების ღირსიც: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა „და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“ (1 კორ. 12,2-4).

უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: „წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა“. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.

პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც „ახალი აღთქმის“ წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და „საქმე მოციქულთას“ ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.

უფლის სათნომყოფელნი - პეტრე და პავლე თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის