USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ტომას სანკარა – აფრიკელი ჩე გევარა
Date:  1120

დღესდღეობით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული მაგალითების განხილვისას ხშირად მოყავთ განვითარებული ქვეყნების ისტორიული გამოცდილება, მაგალითად სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრის, ლი კუან იუს წარმატება. მაგრამ მსოფლიო ისტორიაში იყვნენ სხვა წარმატებული პოლიტიკოსებიც, რომელთა შესახებ “მსოფლიო თანამეგობრობა” სდუმს. ამის მშვენიერი მაგალითია აფიკელი პოლიტიკური მოღვაწის, ტომას სანკარას ბიოგრაფია (სრული სახელი Thomas Isidore Noël Sankara). ის გამოირჩეოდა ყველა იმ პრეზიდენტის, გენერლის და დიქტატორის ფონზე, რომლებიც სხვადასხვა დროს აფიკული ქვეყნების სათავეში იყვნენ.

dgsfgsdfg

ტომას ისიდორე ნოელ სანკარა  დაიბადა 1949 წლის 21 დეკემბერს პატარა ქალაქ იაკოში უაგადუგუდან 109 კმ-ზე დაშორებით. მამამისის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვილდა საცხოვრისს, ამიტომ დაწყებითი სკოლა დაამთავრა ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ქალაქ გავეში, ხოლო საშუალო სკოლა კი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბობო დიულასოში.

მშობლებს სურდათ, რომ კათოლიკე მღვდელი გამოსულიყო, მაგრამ ტომასმა სამხედრო კარიერა არჩია, რადგან ჯერ ერთი ძირითადად მუსლიმურ ქვეყანაში კათოლიკე მღვდლობა წარმატების საწინდარი არ იყო, თანაც სანკარას დიდი წარმატების მიღწევა სურდა და ამისთვის ღარიბი ოჯახის შვილისთვის ერთადერთი გზა არმიის გავლით გადიოდა.

19 წლის ასაკში ტომასი არმიაში გაიწვიეს. 1 წლის შემდეგ კი მადაგასკარში, ანცირაბეს ოფიცერთა სკოლაში გააგზავნეს. აქ ის გახდა პრეზიდენტ ფილიბერტ ცირანანის (მადაგასკარის პირველი პრეზიდენტი 1959-1972 წლებში) ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ 1971-72 წლებში მოწყობილი 2 სახალხო მღელვარების მხილველი, რომელთა ჩახშობის მიუხედავად ცირანანი იძულებული გახდა გადამდგარიყო. ამავე დროს ის გაეცნო მარქსისა და ლენინის ნაშრომებს და სამშობლოში მხურვალე კომუნისტი დაბრუნდა.

ტომასმა თავი გამოიჩინა 1974 წელს მალისთან სასაზღვო კონფლიქტში, რომელიც მცირე ხნით გაგრძელდა და უშედეგოდ დასრულდა. მისი ავტორიტეტის ზრდას ხელს უწყობდა აგრეთვე ოფიცრისათვის აბსოლუტურად უცხო თვისებები: უკრავდა გიტარაზე პოპულარულ ჯაზჯგუფში  „Tout-à-Coup Jazz“; წერდა ლექსებსა და პროზას, ბაიკერობდა.

1976 წელს სანკარა დანიშნეს კომანდოს სამხედროთა საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელად, სადაც მან ჩამოაყალიბა სადესანტო კორპუსი და მის მეთაურად მსახურობდა. აქვე მიაღწია კაპიტნის ჩინამდე.

აღნიშნულ ბაზაზე სანკარამ უმცროს ოფიცრებთან – ბლეზ კამპაორესთან, (გაიცნო მაროკოში სტაჟირებისას 1975 წელს) ანრი ზონგოსთან და ბუკარი ლინგანისთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო წრე, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ჯერ პრეზიდენტ ლამიზანას (1966-1980), შემდეგ კი დიქტატორ ზერბოს (1980-1982) მმართველობით. 1980 წელს კი მათ შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია „კომუნისტ ოფიცერთა ჯგუფი“.

1981 წლის სექტემბერში დიქტატორმა, პოლკოვნიკ ზერბომ სანკარა ინფორმაციის სახელმწიფო მდივნად დანიშნა. სანკარა კაბინეტის პირველივე სხდომაზე ველოსიპედით გამოცხადდა და ამით ყველას აგრძნობინა, რომ ხალხის ფულის ყვლეფას არ აპირებდა.

 

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო 1982 წლის იანვარში მუშებისა და პროფკავშირების გამოსვლები დაიწყო, რომელიც ზერბომ სამხედრო ძალით ჩაახშო. 21 იანვარს სანკარამ სახალხოდ განაცხადა „უბედურება ელით იმათ, ვინც უხშობს ხალხს პირს“! და პროტესტისნიშნად თანამდებობიდან გადადგა.

ხალხის პროტესტს სათავეში ჩაუდგა მაიორი ჟან ბატისტ უედრაოგო, რომელიც მედიცინის დოქტორი და უაგადუგუს სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი იყო და არმიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაიორი დაუახლოვდა სანკარას, კომუნისტ ოფიცრებს და მათი დახმარებით 7 ნოემბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა.

თავდაპირველად უედრაოგო იზიარებდა სანკარას სოციალისტურ მიდგომებს და 1983 წლის 10 იანვარს პრემიერ მინისტრადაც კი დანიშნა, მაგრამ მოგვიანებით ვითარება შეიცვალა. მაისის დასაწყისში ზემო ვოლტაში სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტ მიტერანის ვაჟი ჟან კრისტოფი, რომელმაც მოუწოდა პრეზიდენტ უედრაოგოს გადაეყენებინა რადიკალი მემარცხენე და პრო-საბჭოურად განწყობილი სანკარას მთავრობა (ამ დროს ცივი ომი მიმდინარებოდა ნატოს ქვეყნებსა და სსრკ-ს შორის და საფრანგეთი თავის ყოფილ კოლონიასა და გავლენის სფეროში პროსაბჭოურ ხელისუფლებას ვერ აიტანდა).

17 მაისს სანკარა გადააყენეს და შიდა პატიმრობა მიუსაჯეს. დააპატიმრეს მისი თანამებრძოლები ზონგო და ლინგანიც. პოპულარული ლიდერის დაპატიმრებამ უაგადუგუს ღარიბთა აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მათი გამოსვლები სისხლში ჩაახშეს.

სახელმწიფო მოღვაწეობა

1983 წლის 4 აგვისტოს დედაქალაქის გარნიზონმა ბლეზ კამპაორეს მეთაურობით გადატრიალება მოაწყო, სანკარა გაანთავისუფლა და „რევოლუციის ეროვნული საბჭოს“ მეთაურად დანიშნა. 9 აგვისტოს სანკარამ ჩაახშო პრო-დასავლური სამხედროთა კონტრევოლუციური მცდელობა და ძალაუფლება გაიმყარა.

1983 წლის 2 ოქტომბრის სახალხო გამოსვლის დროს სანკარამ გამოაცხადა სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დაწყება და აქტიური ურთიერთობა გააბა კუბისა და განის „სოციალისტ” (სამხედრო) ლიდერებთან – ფიდელ კასტროსა და ჯერი როლინგსთან (1981-2001 წლები).

1984 წლის 4 აგვისტოს სანკარამ გააუქმა ქვეყნის კოლონიალური სახელი „ზემო ვოლტა“, რომელიც შეცვალა სახელით „ბურკინა ფასო“, რაც ადგილობრივ ენებზე ”ღირსეული ადამიანების ქვეყანას‘’  ნიშნავს. მიღებული იქნა ქვეყნის ახალი დროშა და გერბი ჰიმნი (უკანასკნელი სანკარამ პირადად დაწერა).

მალე დაიწყო ფართომასშტაბიანი რეფორმები, რომლებსაც მოსახლეობის ცხოვრების დონე უნდა გაეუმჯობესებინა. ქარიზმატული ლიდერი სანკარა თვლიდა, რომ პრეზიდენტი თავად უნდა იძლეოდეს საკუთარი ცხოვრების წესით ღირსების მაგალითს და ასეც იქცეოდა. ის ცხოვრობდა კაპიტნის ხელფასით (თვეში 345$ -50$) და პრეზიდენტის ხელფასს (2000$) ობოლთა ფონდში რიცხავდა. როდესაც სანკარას მკვლელობის შემდეგ მისი ქონება აღწერეს აღმოჩნდა, რომ ტომასი ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი იყო. მის ქონებას შეადგენდა ძველი პეჟო, რომელიც წინა პრეზიდენტს დარჩა, მაცივარი გაფუჭებული საყინულით, 3 გიტარა, 4 ველოსიპედი და 560$ ბანკში.

სანკარას ერთერთი პირველი ღონისძიება იყო სახელმწიფო ჩინოვნიკთა შემოსავლებისა და ანგარიშების გამოქვეყნება. უფრო მეტიც, სანკარამ უარი თქვა თავის კაბინეტში კონდეციონერის დაყენებაზე, რადგან რცხვენოდა იმ ხალხის, ვისაც არ ჰქონდა ამის ფუფუნება. ამავე დროს აკრძალა თავისი ფოტოს საჯაროდ გამოკვრა დაწესებულებებსა და ოფისებში – „როგორიც მე ვარ, ასეთი ჩვენთან 7 მილიონიაო“ – ამბობდა იგი.

ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე სანკარამ გაყიდა სამთავრობო ავტოპარკის მერსედესები და მათ ნაცვლად აუცილებელი რაოდენობის “რენო 5” შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე იაფ ავტომობილს წარმოადგენდა.

პრეზიდენტმა შეუმცირა ხელფასები ჩინოვნიკებს, აუკრძალა საკუთარი მძღოლების ყოლა და პირველი კლასის ბილეთით ფრენა. ამასთან ჩინოვნიკებისთვის დააწესა ე.წ. „სამედიცინო გადასახადი“, რომლისგან შემოსული თანხებით ღარიბი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევა ხდებოდა. ამავე დროს მათ ავალებდა დასავლური კოსტიუმების ნაცვლად ტრადიციული ბურკინული სამოსის ტარებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის შეკერილი იქნებოდა.

ჩინოვნიკები ვალდებული იყვნენ ახალი წლისთვის საქმიანობის შედეგები სოციალური ფონდებისათვის წარედგინათ. ერთხელ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი გადააყენა და კოლექტიურ ფერმაში გაგზავნა, რადგან მისი აზრით მათ მიწაზე მუშაობით უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ქვეყნისთვის.

3 წლიანი შრომის შემდეგ მსოფლიო ბანკმა აღიარა რომ ამ კომუნისტურ ქვეყანაში გაქრა კორუფცია და მთავრობა რეალურად ხალხის სამსახურში ჩადგა, რაც აფრიკული კონტინენტისათვის სრულიად უცხო ხილი იყო.

სანკარას რეფორმების მიზანი იყო შიმშილისა და ეპიდემიების მოსპობა, უფასო განათლების სისტემის შექმნა, ტყეების გაშენება გაუდაბნოების შესაჩერებლად, ქალთა უფლებების დაცვა და ა.შ.

მისი პრეზიდენტობის დროს ბურკინა ფასოში დარგული იქნა 10 მილიონზე მეტი ხე, რისი წყალობითაც შეჩერებული იქნა საჰარას უდაბნოს ბურკინას ტერიტორიაზე გაფართოება. კუბელი მოხალისეების დახმარების წყალობით ბურკინასა და მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებ 2,5 მილიონამდე ბავშვს ყოველწლიურად უტარდებოდა ინფექციურ დაავადებებზე (მენინგიტი, ყვითელი ცხელება, წითელ და სხვ.) ვაქცინაცია. შედეგად ბურკინაში ბავშვთა სიკვდილიანობა 2 ჯერ შემცირდა.

მიმდინარეობდა მოსწავლეთა სკოლაში სიარულისა და სკოლის დამთავრების წახალისება. 350 თემში აშენდა ახალი სკოლა. შედეგად 2 წელიწადში საშუალო განათლების მქონეთა რიცხვმა 12%-იდან 22%-მდე გაიზარდა.

სანკარამ გამოაცხადა მიწებისა და მინერალური რესურსების ნაციონალიზაცია. ახალი აგრარული კანონით მსხვილ ფეოდალური ტიპის მიწათმფლობელებს ჩამოერთვათ მიწები და ისინი მასზე მომუშავე უმიწო გლეხებს დაუნაწილდათ. ადგილობრივ ტომთა ბელადებს ჩამოერთვათ პრივილეგიები და ქონება და გლეხებს მათდამი სასარგებლოდ დაწესებული გადასახადი გაუუქმდათ. აღნიშნული რეფორმის შედეგად 3 წელიწადში ბურკინაში სოფლის მეურნეობის მოსავალი გასამმაგდა და მას უცხოეთიდან აუცილებელი პროდუქტების შემოტანა აღარ ესაჭიროებოდა.

ძველი სამხედრო-ტომობრივი სისტემის შესაცვლელად და არმიის ძალაუფლების შესაკვეცად (ეს აუცილებელი იყო, რათა ქვეყანაში გაუთავებელი სამხედრო გადატრიალებები შემწყდარიყო) ჩამოყალიბდა „რევოლუციის დამცველი კომიტეტები“, რომლებიც ორგანიზებას უკეთებდა რევოლუციის მომხრე უბრალო მოსახლეობის შეიარაღებას. სპეციალური მაღაზია, სადაც არმიის ოფიცრობა აუცილებელ საქონელს იაფად ჰყიდულობდა, გადაკეთდა ქვეყანაში პირველ ყველასათვის ხელმისაწვდომ სუპერმარკეტად.

წარმატებით მიმდინარეობდა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. შენდებოდა კაშხლები, ყველა სოფელში აიგო უფასო სამედიცინო ამბულატორიები და ა.შ.

ტომასმა რევოლუციის ერთერთ უპირველეს მიზნად ქალთა უფლებების დაცვა დასახა და ქალი მამაკაცის თანასწორად გამოაცხადა, რაც აფრიკისთვის უჩვეულო მოვლენა იყო. მთავრობაში შეიყვანა მრავალი ქალი, მისცა მათ უფლება და საშუალება ესწავლათ, აკრძალა ქალის ცემა და მათთვის ძველი წესით გენიტალიების მოკვეთა რაიმე დანაშაულის შემთხვევაში; იძულებითი ქორწინება და მრავალცოლიანობა. ამასთან ხელს უწყობდა ქალთა სამხედრო საქმით დაინტერესებას და ჩამოაყალიბა ქალთა ბატალიონები. რევოლუციის პირველივე წელს დაწესდა „ქალთა სოლიდარობის დღე“, როდესაც ქალები ისვენებდნენ და მამაკაცებს დაევალათ ქალის საქმეების კეთება (სადილის კეთება, სახლის მოწესრიგება, ბაზარში წასვლა და ასე შემდეგ), რათა მამაკაცებს ეგრძნოთ ქალის შრომის სიმძიმე.

ბურკინა ფასო აფრიკის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღიარა შიდსის არსებობა და მასობრივად გავცელდა კონტრაცეპტივები მისგან თავის დასაცავად.

სანკარა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ქვეყნებიდან და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციებიდან (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი) ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, რადგან ამას კოლონიალიზმის გაგრძელებად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ყველა ქვეყანას თავი თვითონ უნდა გაეტანა. „ის ვინც გკვებავთ თქვენ, ის გაკონტროლებთ“ ამბობდა იგი.

სანკარა არ კმაყოფილდებოდა ბურკინა ფასოს გარდაქმნით და მესამე სამყაროს ქვეყნებში რევოლუციების გადატანასა და მათი ჩაგრული ხალხების განთავისუფლებაზე ოცნებობდა. მან პირველმა დაუჭირა მხარი დასავლეთ საჰარას ბრძოლას მაროკოსგან დამოუკიდებლობისათვის, ემხრობოდა ახალი კალედონიის მოძრაობას საფრანგეთისგან გამოსაყოფად, სასტიკად გმობდა ისრაელის მიერ პალესტინის არაბთა ტერიტორიების ოკუპაციას. სამაგიეროდ მეგობრობდა სოციალისტ ლიდერებთან; განსაკუთრებით კი ფიდელ კასტროსთან, რომელიც 1987 წლის ივლისში ჩავიდა უაგადუგუში და სანკარა კუბის ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

ტომას სანკარა და ფიდელ კასტრო

1985 წელს მალისა და ბურკინა ფასოს შორის აგაშერის სასაზღვრო რაიონის გამო (იგი ეკუთვნოდა ბურკინას, მაგრამ ედავებოდა მალი, რადგან რაიონი მდიდარია ბუნებრივი აირითა და მინერალური რესურსებით) ახალი კონფლიქტი გაჩაღდა. წლის ბოლოს ბურკინას სტატისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსახლეობის აღწერისას ფულბეს ტომის (ცხოვრობს ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე) ტერიტორიაზე აღწერისას გაუთვალისწინებლად გადავიდნენ მალის ტერიტორიაზე და იქ ატარებდნენ აღწერას. ეს მალიმ საბაბად გამოიყენა და ბურკინა ფასოს ომი გამოუცხადა. 25 აგვისტოს მალის ავიაციამ დაიწყო ბურკინას ქალაქი უაჰიგუა დაბობმა (დაიღუპა 300 მდე ადამიანი), ხოლო არმიამ ბურკინას სოფლების დაკავება დაიწყო. 30 დეკემბერს კოტდივუარის პრეზიდენტის უფუე ბუანის (1960-1993) ჩარევით მხარეები დაზავდნენ და საქმე განსახილველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა, რომელმაც 1986 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით ტერიტორია მეზობელ ქვეყნებს შუაზე გაუყო.

წარმატებულ რეფორმებთან ერთად სანკარას მმართველობა სულ უფრო ავტოკრატიული ხდებოდა. იზღუდებოდა პროფკავშირები და ოპოზიციური პრესა. ძალიან მკაცრი იყო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და ე.წ. „ზარმაცი მუშების“ მიმართ, რომელთაც „რევოლუციური ტრიბუნალი“ ასამართლებდა. სანკარა განსაკუთრებულად სასტიკად მომთხოვნი იყო ახლობლების მიმართ, რის გამოც გვერდიდან მეგობრები თანდათან შემოეცალა (ისინი მეგობრის აღზევებით პატივის მიღებას ელოდნენ, სანკარა კი მათ რევოლუციური იდეების ზედმიწევნით დაცვას, ხელმომჭირნეობასა და მუხლჩაუხრელ შრომას თხოვდა).

სანკარას სოციალურმა რეფორმებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მეზობელ აფრიკულ ქვეყნებში, სადაც იგი გმირად და განმანთავისუფლებლად მიაჩნდათ და იგივე რეფორმებს საკუთარ ქვეყნებშიც ითხოვდნენ, რაც ძალიან აშფოთებდათ ამ ქვეყნების უნამუსო დიქტატორებს. ამიტომ 1986 წლის სექტემბერში კოტდივუარის დედაქალაქ იამუსუკროში გაიმართა ბურკინას მეზობელ სახელმწიფოთა მეთაურთა კონფერენცია, რომელმაც საფრანგეთის პატრონატით სანკარას მოსთხოვა გაეუქმებინა სოციალისტური რეფორმები, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. მაშინ საფრანგეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა დაიწყეს სანკარას სალიკვიდაციო გეგმის მზადება, რომლის რეჟისორად ლიბერიელი პოლიტიკოსი (ამ ქვეყნის პრეზიდენტი 1997-2003 წლ და აშშ-ს CIA-ს აგენტი) ჩარლზ ტეილორი დაინიშნა, ხოლო აღმსრულებლად სანკარას მეგობარი და იუსტიციის მინისტრი ბლეზ კამპაორე.

ტომას სანკარას მკვლელობის კვალი ამერიკულ სპეცსამსახურებამდე მიდის, შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურენოვანი ბმული:

http://bit.ly/2vBcYse

1 წლიანი მზადების შემდეგ კამპაორემ 1987 წლის 15 ოქტომბერს სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რომლის დროსაც მოკლული იქნა პრეზიდენტი სანკარა 20 უახლოეს თანამებრძოლთან ერთად. ისინი სასწრაფოდ საერთო საფლავში დამარხეს. მისი მეუღლე მარია 2 შვილთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა და დღემდე აგრძელებს ბრძოლას სანკარას სიკვდილის მიზეზის დასადგენად და სამართლიანობის აღსადგენად. ზოგიერთი რევოლუციის დამცველი კომიტეტი რამდენიმე დღე აგრძელებდა ბრძოლას, ვიდრე საფრანგეთის დახმარებით კამპაორემ ისინი არ გაანადგურა.

გადატრიალებისთანავე კამპაორემ თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და სანკარას რეფორმების გაუქმებას შეუდგა. სანკარას გამოყოფილი თანხა დედაქალაქ უაგადუგუს გარეუბნების კეთილმოსაწყობად აიღო და თავისთვის ახალი ბოინგი შეიძინა. გააუქმა „ნაციონალიზაცია“ და ჩინოვნიკებს ძველებური მაღალი ხელფასები აღუდგინა, თან სამედიცინო გადასახადის გაუქმებით.

1991 წელს კამპაორემ გამოცხადა დემოკრატიული სისტემის აღდგენა, მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უნდა აირჩეს საყოველთაო არცევნებზე 7 წლის ვადით და განუსაზღვრელი რაოდენობით. ამ „დემოკრატიული გარდაქმნებისთვის“ კამპაორემ საფრანგეთისგან 67 მლნ. ფრანკი კრედიტი მიიღო ძალაუფლების გასამყარებლად. ჩაატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიქატატორმა 86%-ით გაიმარჯვა (თუმცა არჩევნებზე მოსახლეობის მხოლოდ 7 % გამოცხადდა). იგივე განმეორდა 1998 წლის არჩევნებზე როდესაც დიქტატორმა 87,5 % აიღო, ხოლო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა. მაშინ ისევ დაიწყო პოლიტიკური კრიზისი რის საპასუხოდაც კამპაორემ კონსტიტუცია შეასწორა. ამჯერად პრეზიდენტი ირჩეოდა 5 წლით და მხოლოდ ორი ვადით. 2005 წლის არჩევნებზე მან 80,35 % მიიღო, ხოლო 2010 წელს 80,15 %. კამპაორეს 27 წლიანი მმართველობის შედეგად ბურკინა ფასო ერთერთ უღარიბეს ქვეყნად იქცა.

17,5 მილიონიანი ქვეყნის ეკონომიკა 2016 წლისთვის 11.872 მლრდ $-ია (130-ე ადგილი მსოფლიოში), რაც ერთ სულზე მოსახლეზე 644 დოლარს უდრის (181 ადგილი მსოფლიოში). მოსახლეობის 90% ელემენტარულ მეურნეობაში საქმიანობს. ძალიან დაბალია განათლების დონე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობით ქვეყანა 203 ადგილზეა.

მრავალწლიანი პოლიტ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ 2014 წლის 31 ოქტომბერს კამპაორე გადადგა და პოლიტიკას ჩამოშორდა. მის შემდეგ რამდენიმე დიქტატორი გამოიცვალა და ბოლოს 2015 წლის ნომებრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ქვენის მომზადება ცნობილ ბურკინელ დიპლომატსა და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, 73 წლის მიშელ კაფანდოს დაევალა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგით. 29 ნოემბერს ქვეყანაში პირველი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა რომელშიც კამპაორეს მრავალი წლის თანამებრძოლმა და ბოლო წლებში ოპოზიციაში გადასულმა როკ კაბორემ გაიმარჯვა 53,5%-ით.

მკვლელობამდე 1 კვირით ადრე ტომასმა საკუთარი კუმირ ჩე გევარასადმი მიძღვნილ მიტინგზე გამოსვლისას თავისი სიტყვა ასე დაასრულა:

„რევოლუციონერები შეიძლება მოკლა, მაგრამ რევოლუციური იდეების მოკვლა შეუძლებელია“!

thomas-sankara-burkina-faso-2.jpg
სანკარას საფლავი აფრიკის მილიონობით მცხოვრებთათვის უწმინდესი ადგილია.

ტომას სანკარას მხარდამჭერების შეკრება მის საფლავთან 2007 წელს, მისი მკველობიდან 20 წლისთავზე

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way