USD 2.7937
EUR 2.9937
RUB 3.1717
Тбилиси
ტოკიოში საქართველოს დღეები გაიხსნა
дата:  
ტოკიოში საქართველოს დღეები ანშლაგით გაიხსნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ, იოიოგის პარკში, საზეიმოდ გაიხსნა ,,საქართველოს დღეები იაპონიაში“.
პირველივე დღეს წარმოდგენილმა მრავალფეროვანმა კულტურულმა და სპორტულმა პროგრამამ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც მაყურებელთა რიცხვიც მოწმობს.
გაიმართა იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების - „იაპონელებისა“ და „საფირონების“, ასევე, ფოლკლორულ ანსამბლ „ამფორას“ კონცერტები და მელიტა ლომაძის სტუდია „მელიტა დანს სტუდიოს“ წარმოდგენა. სტუმრების წინაშე წარდგნენ იაპონელი სპორტსმენები. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატესა და ხრიდოლში. აღსანიშნავია, რომ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი. სტუმრებს მასთან შეხვედრის საშუალებაც ჰქონდათ. იაპონიაშია ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი), რომელიც იაპონელ საზოგადოებას ქართულ ღვინოს აცნობს. კარიერის დასრულების შემდეგ იგი იაპონიაში სწორედ ქართული ღვინის კულტურისა და სხვა ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას ეწევა.
რაც შეეხება ღონისძიების კულტურულ ნაწილს, მოეწყო ქართველ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.); პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა დადგმა - „შენ ხარ ვენახი“, „,,ვეფხისტყაოსანი“ და სხვა“. საღამო გაგრძელდა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტებით.
იაპონიაში ქართული დღეები 16 ივნისს ასევე მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გაგრძელდება. კვლავ ჩატარდება ანსამბლების - „იაპონელებისა“ და „საფირონების“ კონცერტები, მელიტა ლომაძის სტუდია „მელიტა დანს სტუდიოს“ წარმოდგენა, ქართველ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.) და შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატეში, ხრიდოლში. ასევე, გაიმართება იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტი. კულტურის დღეები ეთნოჯაზბენდ „ირიაოსა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ქართული დღეების დაწყებამდე იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა და მას 1000-ამდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ქართული დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა მეუღლესთან ერთად, უცხოელი დიპლომატები და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიებაზე ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ბასიანმა“ საქართველოსა და იაპონიის ჰიმნები შეასრულა, რის შემდეგაც მსმენელს ქართული ფოლკლორის ნიმუშები წარუდგინა. სტუმრების წინაშე ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.
მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული და სპორტული კავშირების გამყარებას, ქართული კულტურისა და სპორტის ტრადიციების გაცნობას იაპონელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის.
ღონისძიებებზე დასწრება უფასოა. იაპონიაში საქართველოს დღეების პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo/?fbid=769973725318652&set=a.230957325886964
мир
«Foreign Policy» (აშშ): „ნატოს 75 წელი უსრულდება, მაგრამ რა ეზეიმება ალიანსს?“

„ნატოს საიუბილეო სამიტზე წევრი სახელმწიფოები ორგანიზაციის შექმნის 75-ე წლისთავს იზეიმებენ, მაგრამ თუ ძალზე გაფართოებულ-გაზრდილი ბლოკი თავის პოლიტიკაში აუცილებელ კორექტივებს არ შეიტანს და უფრო რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის მიმართ ადაპტირებას არ მოახდენს, მაშინ ამჟამინდელი ერთიანობა, რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული, შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს“, - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ამერიკული ჟურნალი Foreign Policy აქვეყნებს სათაურით „ნატოს 75 წელი უსრულდება, მაგრამ რა ეზეიმება ალიანსს?“ (ავტორი - ქრისტოფერ ჩივისი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

ორიოდე კვირის შემდეგ ვაშინგტონში - იქ, სადაც 1949 წელს ხელი მოაწერა ნატოს - ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის - შექმნის ხელშეკრულებას, ალიანსის წევრი ქვეყნების მეთაურები შეიკრიბებიან, რომ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის ესოდენ ხანგრძლივი არსებობის მორიგი იუბილე იზეიმონ.

მაგრამ ნამდვილად რომ წარმატებული იყოს, ალიანსმა არამარტო უნდა იარსებოს, არამედ ის თავისი წევრების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

დღეს მოკავშირეები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის წინაშე დგანან, ერთიანები არიან, მაგრამ თუ ნატოს პოლიტიკაში ღრმა კორექტივები არ იქნება შეტანილი, რომელიც ძალიან გაფართოებულია რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის პირობებში და ბლოკი ადაპტირებას არ მოახდენს, მაშინ, როგორც ისტორია გვაჩვენებს, წევრი-ქვეყნების ერთიანობა შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს.

თანაც იმ დროს, როცა სამხედრო ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოების ტენდენცია შენარჩუნებულია - უკრაინა და მისი ახლო მოკავშირეები ბრიუსელს 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიცემული პირობის შესრულებისაკენ უბიძგებენ.

მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორს, რომ 2008 წლის დაპირების დროს სულ სხვა გეოპოლიტიკური სიტუაცია არსებობდა, როცა რუსეთი შედარებით სუსტი იყო და კრემლი დღევანდელივით ძალიან მტრულად არ იყო განწყობილი დასავლეთის მიმართ.

უკრაინას, თავის მხრივ, ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ ქვეყანა ნატოს სამხედრო და დემოკრატიულ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.

და თუ ასეთ დროს ნატო უკრაინას წევრობას შესთავაზებს, ბრიუსელი თამასის დაბლა დაწევით ძალიან სარისკო ნაბიჯს გადადგამს, დამანგრეველ ომს გააჭიანურებს და უფრო მეტიც - უკიდურეს წერტილამდე მიიყვანს, რომლის შემდეგ გლობალური კატასტროფა შეიძლება მოხდეს.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ნატომ ათწლეულების განმავლობაში დიდ ქარტეხილებს გაუძლო, მაგრამ თვით ბლოკის არსებობის ფაქტი მისი წარმატების შემფასებელი კრიტერიუმი არ არის.

იმ პირობებში, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ახალი წევრებით ბევრად უფრო გაფართოვდა, ვიდრე შექმნის დროს იყო, ხოლო ამ გაფართოებით ინტერესთა თანხვედრა შემცირდა, ნატოს შიგნით არსებული დაძაბულობის რეგულირება სულ უფრო რთული იქნება, ვიდრე წარსულში იყო.

წყარო: https://foreignpolicy.com/2024/07/01/nato-turns-75-history-future-challenges/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати