„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გენოციდად აღიარების შესახებ მიღებულ რეზოლუციის კენჭისყრაში, ქართველმა დეპუტატებმა მონაწილეობა არ მიიღეს.
„ევროსაბჭომ გენოციდად ცნო უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია რუსეთში. ეს არის ძალიან პრინციპული რეზოლუცია, რომელსაც პროდასავლელი ხელისუფლება, ბუნებრივია, მხარს დაუჭერდა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო ნაბიჯია, რომ მორიგ ჯერზე ზურგი შეაქცია უკრაინას და უკვე საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭირა რუსეთს.
აქამდე ისინი ერთადერთ უსუსურ გამართლებას ებღაუჭებოდნენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საერთაშორისო ფორუმებზე კენჭისყრებში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის სასარგებლოდ. ახლა ესეც კი დაათმობინა რუსეთმა „რუსულ ოცნებას“ და ისინი სამარცხვინოდ არ არიან იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებმაც მთელი ცივილიზებული სამყაროს თანამონაწილეობით გენოციდად აღიარეს რუსეთის მოქმედებები“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/