USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ექსტერიერის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულდა
Date:  1432

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ექსტერიერის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი მიტროპოლიტი დავითი-აბბა ალავერდელი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი, მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე და დარგის სპეციალისტები.
2022-2023 წლებში ტაძარში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: მოიხსნა დროებითი თუნუქის საფარი; მთელ სახურავზე ლორფინი გაიწმინდა ლიქენებისა და მცენარეული საფრისაგან; ლორფინებს შორის არსებული ნაკერები ამოსუფთავდა და ამოიგოზა; ტაძრის ლორფინის სახურავზე დაიგო სპილენძის საფარი, რისთვისაც სრულად შეიფიცრა სახურავის დახრილი სიბრტყეები; შეფიცრულ სახურავზე დამაგრდა ხის ლილვები და ისინი დაიფარა მაღალი ხარისხის სპილენძის ფურცლებით (0,7 მმ), რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდა ექსპერტიზა, ტაძრის ფასადის კედლებს ჩაუტარდა ქვის კონსერვაცია, მოცილდა ცემენტის დუღაბი შუალედებში და ისინი კირდუღაბით ამოიგოზა.
მოცემულ ტაძარზე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში თითქმის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ლორფინის სახურავის გადაწყობა, ამოგოზვა, მაგრამ ტაძარში წყალი კვლავ ჩადიოდა. ამიტომ ძეგლის უკეთ დასაცავად შეირჩა მაღალი ხარისხის სპილენძის მასალა, რაც განაპირობებს ტაძრისა და მისი კედლის მხატვრობის უსაფრთხოებას დიდი ხნის განმავლობაში. ასე რომ, წყლის ჩადინების პრობლემა მოგვარებულია და ძეგლი დაცულია გარემო პირობების ზემოქმედებისაგან. სააგენტოს მთავარი ამოცანა, ერთი მხრივ, იყო სპილენძის ფურცლებქვეშ ისტორიული ლორფინის შენარჩუნება, ხოლო, მეორე მხრივ - წყლის ინფილტრაციისგან ძეგლის დაცვა.
ასევე, აღდგა გუმბათის ყელზე დაზიანებული მოჭიქული დეტალები, ფასადზე მოიხსნა სხვადასხვა პერიოდის ცემენტის ფენა და კირდუღაბით ამოიგოზა ნაპრალები.
ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი, განხორციელების დაწყებამდე, განიხილეს და მოიწონეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ისტორიულ-არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია-კონსერვაციის სექციისა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე.
ტიმოთესუბნის XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიმოთესუბნის მიდამოებში მდებარეობს. ტაძარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, როგორც არქიტექტურული, ასევე - კედლის მხატვრობის თვალსაზრისით.

ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ტიმოთესუბნის, დასაცავად პროექტის განხორციელება 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2023 წლის ბოლოს დასრულდა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way