USD 2.6527
EUR 3.0408
RUB 3.6199
Tbilisi
ტექინსპექტირების საფასური 50%-ით უნდა გაიზარდოს - ტექინსპექტირების ცენტრების კავშირი
Date:  358

 

ტექინსპექტირების საფასური 50%-ით უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სექტორს ოპერირება გაუჭირდება - ამის შესახებ BMG-სთან „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, პრობლემურია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან დღემდე, მომსახურების საფასური უცვლელი რჩება. ეს საკითხი სექტორისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა, რაც კადრების გადინებასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს იწვევს.

გიორგი შიოლაშვილის განმარტებით, წლების განმავლობაში უცვლელი ტარიფი პირდაპირ აისახება ცენტრების თანამშრომელთა ხელფასებზე, რადგან ინფლაციისა და ცხოვრების გაძვირების ფონზე, არსებული სახელფასო განაკვეთები კვალიფიციური პერსონალისთვის მიმზიდველი აღარ არის.

„ეს ნიშნული ძალიან დიდი პრობლემაა ზოგადად ტექინსპექტირების ცენტრებისთვის, რადგანაც კადრების გადინების ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ის სახელფასო განაკვეთები, რაც თავდაპირველად იყო, დღეის მდგომარეობით პერსონალს აღარ აკმაყოფილებს. რადგანაც პირველადი ტექინსპექტირების საფასური არ გადახედილა, აღნიშნული ხელფასით პერსონალის შენარჩუნება ძალიან რთულია“, - აღნიშნავს შიოლაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, კვალიფიციური კადრის დაკარგვა ცენტრებისთვის ორმაგი დარტყმაა, რადგან ახალი პერსონალის მომზადება დიდ რესურსს მოითხოვს.

„პერსონალის დატრენინგებას საკმაოდ დიდი დრო და ხარჯები სჭირდება. აქედან გამომდინარე, თუ არ იქნება გადახედილი პირველადი ტექინსპექტირების საფასური, სექტორს სტანდარტებთან შესაბამისობაში ოპერირება ძალიან გაუჭირდება“.

ხელფასების გარდა, სექტორში კიდევ ერთ მწვავე პრობლემად ტექნიკური აღჭურვილობის ცვეთა სახელდება. შიოლაშვილი განმარტავს, რომ ტექინსპექტირების მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად ტექნოლოგიებში მუდმივი ინვესტირება აუცილებელია.

„ტექნიკური ბაზები და ის ტექნიკური საშუალებები დროთა განმავლობაში ჩანაცვლებას საჭიროებს და აქაც საკმაოდ დიდი ინვესტიციებია ჩასადები. შესაბამისი ფინანსური რესურსის გარეშე კი ამ სტანდარტების დაცვა შეუძლებელი გახდება.

სექტორში აღნიშნული საკითხი განვიხილეთ და მივედით დასკვნამდე, რომ თუ ამ ეტაპზე, პირველადი ტექინსპექტირების საფასური გადაიხედება და 50%-ით გაიზრდება, ეს არსებული პრობლემების დაძლევისთვის საკმარისი იქნება. ვფიქრობ, ეს სექტორს ძალიან წაადგება და ამ კრიზისიდან გამოვა“, - განმარტავს გიორგი შიოლაშვილი.

მისივე ცნობით, მიუხედავად სექტორის მზაობისა და წარდგენილი არგუმენტებისა, კონკრეტული გადაწყვეტილება ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის, თუმცა საკითხზე მსჯელობა დაწყებულია.

ამჟამად მსუბუქი ავტომობილების ტექინსპექტირების საფასური 60 ლარს შეადგენს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვის ის 100 ლარით არის განსაზღვრული.

წყარო:https://bm.ge/

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way