ჟურნალისტი თეონა გეგელია, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ე.წ. „უცხოურ აგენტებზე“ რუსული და ამერიკული ვარიანტების შედარებით ანალიზს აკეთებს.
"თბილისი პოსტი" უცვლელად გთავაზობთ თეონა გეგელიას პოსტებს.
რუსული კანონმდებლობა „უცხოურ აგენტებზე“
„უცხოურ აგენტებზე“ კანონის პირველი ვერსია რუსეთში მიიღეს 10 წლის წინ, 2012 წლის 20 ივლისს. წლობით კანონი მკაცრდებოდა და შეეხო ქველმოქმედების და განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს, უფლებადამცველებს, აქტივისტებს და მედიას. დღეს ამ სტატუსს ანიჭებენ უკვე ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელიც ხელისუფლებისთვის მიუღებელია.
2012. დაიწყო არასამთავრობოებით
2012 წელს პუტინმა ხელი მოაწერა პირველ კანონს „უცხოურ აგენტებზე“, რომელიც მოამზადა რუსი დეპუტატების ჯგუფმა ირინა იაროვაიას ხელმძღვანელობით. ინიციატივამ საშუალება მისცა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ეს სტატუსი მიენიჭებინა არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქმიანობდნენ პოლიტიკის სფეროში და ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. ეს ორგანიზაციები თავის მხრივ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ სპეციალურ რეესტრში, ყველა მასალა უნდა მოენიშნათ და საქმიანობის ანგარიში ჩაებარებინათ სახელმწიფოსთვის.
2017 წელი. გაგრძელდა მედიასაშუალებებით, რომლებიც „ასრულებდნენ“ უცხოელი აგენტების ფუნქციას
კანონში „მასობრივი ინფორმაციის შესახებ“ შეიტანეს ცვლილებები, რომლის თანახმად უცხოური მედიასაშუალებები გამოცხადდნენ „უცხოურ აგენტებად“. ეს იყო პასუხი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნაზე, რუსული სახელმწიფო არხი RT დარეგისტირირებულიყო აშშ-ში „უცხოური აგენტის“ სტატუსით. კანონის ამომედებიდან ერთ თვეში „უცხოური აგენტების“ რეესტრში რუსეთმა შეიყვანა „ამერიკის ხმა“, „რადიო თავისუფლება“ და მისი რეგიონული პროექტები, ტელეარხი „Настоящее время“.
2019 წელი. „მედია - უცხოურ აგენტებს“ გაუთანაბრეს რიგითი ადამიანები
გააფართოვეს „მედია - უცხოური აგენტის“ კანონის მოქმედების არეალი და დაიწყეს ამ სტატუსის მინიჭება ფიზიკური პირებისთვის (რუსებიც, უცხოელებიც), რომლებიც მონაწილეობდნენ „მედია - უცხოური აგენტების“ შექმნაში, ან ავრცელებდნენ მათ მასალებს და იმავდროულად, ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. რეალურად, კანონის მოქმედება გავრცელდა ყველა ადამიანზე, რომელიც სოცქსელში აქტიურობს.
2020 წელი. კანონი „ფიზიკური პირების - უცხოური აგენტების შესახებ“
ამ წლის დეკემბერში პუტინმა ხელი მოაწერა რუსულ კანონმდებლობაში რამდენიმე შესწორებას, რომლის თანახმად კანონი „უცხოურ აგენტებად“ აღიარებდა ყველა რიგით მოქალაქეს, რომლებიც რუსეთში მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და იღებდნენ უცხოურ დახმარებას (არამხოლოდ ფინანსურს). ასეთი ადამიანები და ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს უნდა შეეყვანა იმ არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებების რეესტრებში, რომლებიც ასრულებდნენ „უცხოური აგენტის“ ფუნქციას, და ფიზიკური პირები „- უცხოური აგენტები“. პირველად ეს სიები შეავსეს 2021 წლის აგვისტოში და 2022 წლის აპრილში. მედია საშუალებებს უნდა მოენიშნათ ნებისმიერი პუბლიკაცია, თუკი მათში ნახსენები იქნებოდა ესა თუ ის „უცხოური აგენტი“.
2021 წელი. „მედია - უცხოური აგენტების“ რეესტრის მასობრივი შევსება
ამ წლის აპრილიდან რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ყოველ კვირას (რატომღაც ხუთშაბათობით) შეჰყავდა რეესტრში მორიგი მედიასაშუალება (დამოუკიდებელი და უცხოური მედია ორგანიზაციები) და ადამიანი (ცალკეული ჟურნალისტები, აქტივისტები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსები). წლის განმავლობაში სია გაიზარდა 93 პოზიციით.
„უცხოურ აგენტად“ ჩაითვლებოდა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამეს მაინც აქვეყნებდა სოცქსელში და იღებდა ფულს უცხოეთიდან, მაგალითად, მეგობრისგან დაბადების დღის საჩუქარს.
2021 წლის ბოლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით გააუქმეს უფლებადაცვითი ცენტრი „მემორიალი“ და „საერთაშორისო მემორიალი“ (გადაწყვეტილება 2022 წლიდან ამოქმედდა). ორგანიზაციების ლიკვიდაციის ინიციატორი იყო რუსეთის პროკურატურა, რომელმაც ორგანიზაციები დაადანაშაულა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის დარღვევაში.
2022 წელი. ახალი „განმაზოგადებელი“ კანონი
14 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც როგორც ითქვა „განაზოგადებს, აზუსტებს და ავსებს უკვე არსებულ კანონმდებლობას ამ სფეროში“. კანონი 1 დეკემბრიდან ამოქმედდა და „უცხოელ აგენტებად“ აცხადებს ყველას, ვინც უცხოეთიდან იღებს მარდაჭერას ან „სხვა ფორმით მოქცეულია უცხოური გავლენის ქვეშ“, თუნდაც არ იღებდეს უცხოურ დაფინანსებას. ასეთი ადამიანებისათვის ახალი შეზღუდვები დაწესდა.
გარდა ამისა, კანონმა გააჩინა ცნება „ფიზიკური პირები, აფილირებულები უცხოელ აგენტებთან“. ამ კატეგორიაში ექცევიან იმ ორგანიზაციების დამფუძნებელები, ხელმძღვანელები, წევრები ან თანამშრომლები, რომლებიც გამოცხადებულები არიან „უცხოურ აგენტებად“. აფილირებული პირებისთვის“ ცალკე რეესტრია შექმნილი.
რუსეთში მოქმედებს კიდევ ერთი კანონი „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ, რომელიც მიიღეს 2015 წელს. ამ კანონით რუსეთის გენპროკურატურას უფლება აქვს ეს სტატუსი მიანიჭოს ნებისმიერ უცხოურ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, თუკი ის ჩათვლის, რომ ამ ორგანიზაციის საქმიანობა საფრთხეს უქმნის „რუსეთის კონსტიტუციურ წყობას, თავდაცვითუნარიანობას და უსაფრთხოებას“. „არასასურველ ორგანიზაციებში“ საქმიანობის ან მათთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლებრივიც.
პრაქტიკაში, „უარესად“ მოქცევის შემთხვევაში, ყველა „ორგანიზაცია - უცხოური აგენტი“ „არასასურველ ორგანიზაციებად“ გადაკვალიფიცირების კანდიდატია.
ამერიკული კანონი „უცხოური აგენტების“ შესახებ
„აქტი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA), აშშ-ში 1938 წელს მიიღეს. კანონის მიზანი პირველ რიგში იყო ქვეყანაში ნაცისტური პროპაგანდის გავრცელების აღკვეთა. ეს იყო რეაქცია იმ სახელმწიფოების პროპაგანდისა და ლობიზმის გაძლიერების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკას პოტენციურ მტრად განიხილავდნენ და პირველ რიგში გულისხმობდა ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიას.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანია აქტიურად ცდილობდა აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის თავის სასარგებლოდ ფორმირებას და ამას აკეთებდა, მაგალითად, გერმანულ-ამერიკული კომიტეტის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ კამპანიის საშუალებით. ორგანიზაცია ცდილობდა არ დაეშვა აშშ-ს ჩართვა მეორე მსოფლიო ომში.
1966 წელს კანონი შეიცვალა. მისი ფოკუსი გადავიდა პოლიტიკური პროპაგანდიდან პოლიტიკურ ლობიზმზე. გარდა ამისა, 1950-იან წლებში, როდესაც ამერიკელები ყველგან ხედავდნენ კომუნისტების გავლენის გაძლიერებას აშშ-ში, „უცხოური აგენტების“ განსაზღვრება კანონში დავიწროვდა. ის შემოიფარგლა იმ ადამიანებით და ორგანიზაციებით, რომლებიც უცხო ქვეყნების ან ორგანიზაციების პირდაპირი ბრძანებით ან სურვილით მოქმედებდნენ.
გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლებას თავად უნდა ემტკიცებინა, რომ სავარაუდო „აგენტების“ მიზანი ნამდვილად იყო აშშ-ის პოლიტიკაზე გავლენა, რის გამოც, კანონის დარღვევის გამო დასჯის ფაქტები ძალიან იშვიათი გახდა.
ამერიკული კანონი არ მოიცავს არაპოლიტიკურ ლობიზმს, ისევე როგორც პროპაგანდას ამ სიტყვის ფართო გაგებით: ინფორმაციის გავრცელებას კომერციული, კულტურული, სამეცნიერო და რელიგიური მიზნებით, ასევე შემოწირულობების მოზიდვას არ სჭირდება „უცხოურ აგენტად“ დარეგისტრირება.
აშშ-ში უცხოურ აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის მთავრობების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ლობირებენ „დამქირავებლების“ ინტერესებს. ეს ადამიანები ან ორგანიზაციები ხვდებიან ამერიკელ დეპუტატებს და მოხელეებს, იღებენ ან გასცემენ გრანტებს და სხვა ფულად სახსრებს საკუთარი ქვეყნის ან პარტიის სასარგებლოდ.
თუ პირი არ მოქმედებს უცხო სახელმწიფოს ან პარტიის ინტერესებში, მაგრამ ცდილობს გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე, ის უნდა დარეგისტრირდეს ლობისტად, რომლის საქმიანობაც ამერიკაში რეგულირდება და ლეგალურია.
თეორიულად, „უცხოურ აგენტებს“ (ანუ უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ლობისტებს, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ) ემუქრებათ 5 წლიანი პატიმრობა და 10 ათასს დოლარამდე ჯარიმა. ამ ორი სასჯელიდან თითოეული შესაძლოა გამოყენებული იყოს ცალ-ცალკე.
ამერიკული კანონით გათვალისწინებული ჯარიმების მიზანია, ასეთი ორგანიზაციების და მათი „დამქირაველების“ საქმიანობა გახადოს გამჭვირვალე - აზრის გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება. დღეს შეერთებულ შტატებში „უცხოურ აგენტებად“ რეგისტრირებულია დაახლოებით 1700 პირი და ორგანიზაცია. „უცხოურ აგენტებს“ შეუფერხებლად შეუძლიათ მუშაობის გაგრძელება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში დროული რეგისტრაციის შემდეგ.
ანუ, სახელწოდების მიუხედავად, ამერიკული კანონის სამიზნე სხვა ქვეყნების ჯაშუშები და აგენტები არ არიან, არამედ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც სხვა სახელმწიფოების დავალებით და ფინანსური მხარდაჭერით ცდილობენ აშშ-ში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, რაც ხორციელდება ძირითადად ლობიზმის გზით.
FARA-ს თანახმად, ასეთი ორგანიზაციები ვალდებულები არიან დარეგისტრირდნენ ამერიკის იუსტიციის სამინისტროში და 6 თვეში ერთხელ წარადგინონ ინფორმაცია მათ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების (იქნება ეს უცხოეთის ხელისუფლების თუ არასამთავრობოების მხრიდან დაფინანსება) და ხარჯების შესახებ. ეს ინფორმაციაც საჯარო და ხელმისაწვდომია.
FARA მოითხოვს ასევე პროპაგანდისტული ინფორმაციის მარკირებას (რომ ვრცელდება „უცხოური აგენტის სახელით“), რომელსაც კანონში ჰქვია „საინფორმაციო მასალები“. ასეთი მასალების ასლები უნდა გაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს.
„უცხოური აგენტების“ უმრავლესობა რეგისტრირდება აშშ-ის რეესტრში დამოუკიდებლად, იშვიათ შემთხვევებში იუსტიციის სამინისტრო ავალდებულებს მათ უცხოურ აგენტად დარეგისტრირებას, რაც მოხდა რუსეთის სახელმწიფო არხის, RT-ს შემთხვევაში (ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი). მედია საშუალებებიდან „უცხოურ აგენტებად“ აშშ-ში დარეგისტრირებული არიან ასევე ჩინური გაზეთი The China Daily და იაპონური ტელერადიოკომპანია NHK.
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა FARA-ს კანონის დარღვევისთვის ემუქრება იმ „უცხოურ აგენტებს“, რომლებიც ლობირებენ მაგალითად, პოლიტიკური ემიგრანტის ჩინეთისთვის გადაცემას; ხვდებიან მაღალი რანგის მოხელეებს, ცდილობდნენ მათ დარწმუნებას შეწყვიტონ უცხოური კომპანიის სისხლის სამართლებრივი დევნა; იხდიან მრავალმილიონიან ქრთამს, რათა თავი აარიდონ „უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციას.
რუსულ ორგანიზაციას ან პირს იმისთვის, რომ „უცხოური აგენტების“ რეესტრში მოხვდეს, არ სჭირდება გოლფის თამაში ამრიკელ დეპუტატთან ან მასთან ენერგეტიკული პროექტების განხილვა. ასეთ რეესტრში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი წესდებით მუშაობს, მაგალითად, შიდსის ან ეკოლოგიის პრობლემებზე.
ასევე, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო საკუთარ გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებთან ერთად აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც არ განმარტავს რას მიიჩნევს ამა თუ იმ ორგანიზაციის პოლიტიკურ საქმიანობად.
პოლიტიკური საქმიანობის ცნება რუსულ კანონმდებლობაში განსხვავებით ამერიკულისგან სურასავითაა, რომელსაც სახელურს საიდანაც გინდა, იქიდან მიაბამ. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს აზრით, რუსული საზოგადოების ნებისმიერი პრობლემის განხილვა შეიძლება ჩაითვალოს „პოლიტიკურ საქმიანობად“.
ამასთანავე, ამერიკული სასამართლოსგან განსხვავებით, რუსული სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელებაა და პოლიტიკურ საქმეებს წყვეტს მთავრობის სასარგებლოდ.