USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინამ რომ დაიგვიანა, სიტუაციის ბრალია - დეფიციტია ბაზარზე
თარიღი:  773

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან ისაუბრა ვაქცინაციის დაგვიანებასთან დაკავშირებით; მისი შეფასებით, არსებული სიტუტუაცია საგანგაშო არ არის.

მისი თქმით, ვაქცინის შემოტანის დაგვიანება არის სიტუაციის და იმის ბრალი, რომ ბაზარზე დეფიციტია.

ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, თუმცა აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა, რაც მთავრობამ გაითვალისწინა.

"იმას, რომ ვაქცინის შემოტანა იგვიანებს, სავარაუდოდ, გადაიწია ორი სამი კვირით, მოჰყვა სერიოზული ვნებათაღელვა და ხმაური, იმის გარჩევა, რატომ მოხდა, ვისი პასუხისმგებლობა და ა.შ. ასე ნუ დავაყენებთ საკითხს, ვაქცინების დეფიციტია მთელს მსოფლიოში. ძალიან ბევრ ქვეყანას საქართველოს გარდა ვაქცინა აკლია, დაირღვა მიწოდების ვადები. არ არის სწორი, როცა ამბობენ, რომ საქართველოს გარდა, ვაქცინაცია ყველამ დაიწყო. ეს ნათქვამია ტენდენციური ადამიანების, პოლტიკურად ანგაჟირებული ადაიანების. სიმართლე ის არის, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ, 200-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში, ასე რომ ყველამ კი არა, ნახევარსაც არ დაუწყია. მთავარი, რასაც არ უნდათ, რომ ჩვენმა ოპონენტებმა მიაქციონ ყურადღება, 103 ქვეყნიდან, დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო. შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ- ევროპული ვაქცინებით - "ფაიზერით", "მოდერნათი", "ასტრაზენეკათი", ახლა მალე "ჯონსონ&ჯონსონი" დაემატება. რა თქმა უნდა, მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს, რამეთუ ჩვენ გვაქვს კარგი სიტუაცია, მივაღწიეთ სტაბილიზაციას, ძალიან მინდა, რომ ეს გამაგრდეს რაც შეიძლება ჩქარა ვაქცინის შემოტანით და საყოველთაო ვაქცინაციით, მაგრამ სამართლიანობაც ხომ არსებობს. არ შეიძლება ასე საუბარი. რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რუსული ნდობასაც არ იმსახურებს და რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია? ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებული ტელევიზიები, პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები, რიგი ექიმები გახსოვთ, როგორ აღშფოთებას გამოთქვამდნენ და კატეგორიულად ამბობდნენ, ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი ბატონო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ-ევროპულ ვაქცინებს. როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, აზერბაიჯანმა, უკრაინამ, თურქეთმა დაიწყო, თქვენ ვერ დაიწყეთ. კარგი ახლა, არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. მათ ჩინური ვაქცინით დაიწყეს, რომელიც თქვენ ოპოზიციამ უარყავით. ახლა ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან - მეორე. ერთი, საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას დაელოდოს, მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება. მეორე, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, რუსულს არ ვახსენებ. მაშინ ჩვენც იმ ქვეყნებს გავუტოლდებით, რომელთაც ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყეს. ვიყოთ სამართლიანები. ვთქვათ, რომ ჩვენც გვინდა ჩინური ვაქცინა, ან ჩინური არ გვინდა, მაშინ, ნუ არის ნიშნის მოგება, ქილიკი, ლანძღვა , რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ. იმ ქვეყნების მიმართ, რუანდა, განა, რომელსაც გვახარბებენ, მსოფლიოს დამოკიდებულება სხვა არის, მათ შორის გაეროს და "კოვაქსის" . იქ ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნიან, სასმელ წყალს, ორცხობილებს. ასე უდგებიან, რადგან იქ შიმშილია, ძალიან ღარიბი ქვეყნები არიან. "კოვაქსს" თავისი წესები და თავისი კანონები აქვს. ამ რეგულაციებით და წესებით ასეა, ჩვენ ხომ ვერ შევაცვლევინებთ რეგულაციებს? ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და დამიჯერეთ, ჩვენი ხელმძღვანელობა, სამინისტრო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს. უსამართლობაა ტენდენციურობა, ქილიკი, საყვედური და ლანძღვა, თითქოს ვინმეს ბრალი იყოს ვაქცინამ რომ დაიგვიანა. ეს არის სიტუაციის და იმის ბრალი, რომ ვაქცინების დეფიციტია ბაზარზე. საქართველო ვაქცინებს მიიღებს",- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ვაქცინას მიიღებს.

"დამიჯერეთ, შესაძლოა, მცირედი დაგვიანებით, მაგრამ მიიღებს. სამაგიეროდ, ჩვენ გამართულად, ეტაპობრივად და საკმარისი რაოდენობით მივიღებთ. როცა გამოდიან ნიშნის მოგებით ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვაქცინაციის წლის გეგმას ვერ შეასრულებს, დამთავრდება ეს წელი, ერთმანეთს შევხვდებით და ვნახავთ, შევასრულებთ ვაქცინაციის გეგმას, შევასრულებთ წარმატებით. როგორც დღემდე საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია კოვიდის მართვაში, ასეთივე წარმატებული ვიქნებით ვაქცინაციაში", - განაცხადა ცერცვაძემ.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის