USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
თენგიზ ცერცვაძე - შეინიშნება COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია, ბოლო კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა 300-მდე ახალი შემთხვევა
дата:  729

საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ცნობით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც, თუმცა სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე.

„COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას.

როგორც ადრე ვწერდით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, პრაქტიკულად, არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.

დაახლოებით, 1 წლის შემდეგ, ა.წ. 5 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა აღინიშნა, რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID ჯერ არ დასრულებულა, ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან. ასე მაგალითად: აშშ-ში ბოლო პერიოდში COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა კვირაში 6000-დან 10000-მდე.

ბოლო პერიოდში აღმოჩენილია ომიკრონის ახალი ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris), რომელიც წარმოიშვა „ომიკრონის“ XBB შტამისგან მუტაციის გზით. ჯანმო-ს მონაცემებით, ეს ქვევარიანტი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ამერიკის CDC-ის მონაცემებით, EG.5. ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში ახალი შემთხვევების, დაახლოებით, 20%. წინასწარი მონაცემებით, ამ ქვევარიანტს ახასიათებს გაზრდილი გადამდებლობა, თუმცა სხვა მხრივ, (კლინიკური სიმპტომები, სიმძიმე და სხვა) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინამორბედებისგან. ითვლება, რომ თანამედროვე ვაქცინები ნაწილობრივ მაინც იცავს ამ ქვევარიანტისგანაც, თუმცა გრძელდება მუშაობა ახალი, უფრო ეფექტიანი ვაქცინების შესაქმნელად.

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით, 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში შესაძლოა ომიკრონის ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris) იყოს, თუმცა ოფიციალურად ის ჯერ არ დადასტურებულა.

„სავარაუდოდ, EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება. თუმცა, COVID პაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას. ფართოდ ხელმისაწვდომია COVID-ზე უფასო ტესტირება, სრულ მზადყოფნაშია პირველადი ჯანდაცვის რგოლი COVID-ის მართვის სერიოზული გამოცდილებით, ფუნქციონირებს რამდენიმე COVID -კლინიკა უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით. ქვეყანას აქვს COVID-ის სამკურნალო ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მედიკამენტების საკმარისი მარაგი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება COVID ვაქცინაცია და ა.შ.

სხვათა შორის, ამჟამად ჩვენს ცენტრში მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კლინიკასთან ერთად მიმდინარეობს COVID-ის სამკურნალო ახალი მედიკამენტის კლინიკური შესწავლა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ეფექტიანობით აღემატებოდეს აქამდე გამოყენებულ მედიკამენტებს.

ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. მისი COVID უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ სიფხიზლე არასდროსაა ზედმეტი.

ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკისა და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, იხმარონ პირბადე და ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე, დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს, ყველა ამბულატორიულ თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати