USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
თენგიზ ცერცვაძე - იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა
თარიღი:  

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოში „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა.

„გვქონდა გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი - 271. იგივე ამერიკაში „კოვიდით“ 410-გარდაცვალება დაფიქსირდა. საქართველოში „კოვიდით“ გარდაცვალება არ ყოფილა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

რაც შეეხება სტატისტიკას, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მიმდინარე ვირუსების დაახლოებით, 43 %-ი მოდის H1N1 გრიპზე, 4%-ი - H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და მასზე 20%-ი მოდის.

„ბოლო პერიოდში გაიზარდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს, როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს და გრიპისა და „კოვიდის“ შემდეგ ყველაზე საშიში ინფექციაა, რადგან ბავშვებში იწვევს ბრონქიოლიტის. ამის შემდეგ 2-5 პროცენტი მოდის 3 რესპირატორულ ინფექციაზე, ეს არის ადენოვირუსები, რინოვირუსები და „კოვიდი“. ასეთი ასორტიმენტია დღეს.

ახლა, რადგან გრიპი დომინირებს, ძალიან აქტუალურია გრიპის ვაქცინით აცრა. მოსახლეობაში ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრევენციული პრიორიტეტი“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის და ასევე კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ გრიპის ვაქცინა, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ბევრია.

„მოიმატა აცრების რიცხვმა, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი მოცვა. სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის. ვაქცინის დეფიციტი არ არის, კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ და ბევრია გრიპის ვაქცინა. ეს არის 4-4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს A გრიპის 2 -კომპონენტს და B გრიპის 2-კომპონენტს და სრულად ფარავს იმ შტამებს, რომლებიც შეიძლება წლის განმავლობაში შეგხვდეს. ვაქცინა იცავს 40-60 პროცენტის შემთხვევაში, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა გრიპით გამოწვეულ მოსალოდნელ გართულებებზე და მკურნალობის მეთოდებზე.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ყველა რესპირაციული ინფექციით ავადმყოფი თავიდანვე იწყებს ანტიბიოტიკის მიღებას, რაც კატეგორიულად არასწორია.

მისი თქმით, ანტიბიოტიკი მაშინ უნდა დანიშნოს, როდესაც გონივრული ეჭვი არსებობს, ან დასაბუთებულია რომ მას აქვს ბაქტერიული პნევმონია.

„გრიპს განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა აქვს, თუმცა მხოლოდ კლინიკური სიმპტომებით ამ რესპირატორული სიმპტომების ერთმანეთისგან სამწუხაროდ გარჩევა შეუძლებელია.

გრიპი იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურით, ინტოქსიკაციით, თავის ტკივილით, ხველებით. დანარჩენ რესპირატორული ინფექციებს ასეთი დასაწყისი არ ახასიათებთ. ისინი, როგორც წესი თანდათან იწყება, შედარებით უფრო დაბალი ტემპერატურით იწყება. გრიპის გარდა ძლიერი სისუსტე, ასევე ინტოქსიკაცია და სახსრების ტკივილი, მხოლოდ „კოვიდს“ ახასიათებს.

როდესაც ჩვენ რესპირატორული ინფექციები გაგვიჩნდება, ყველაზე ოპტიმალურია წავიდეთ შემდგი ალგორითმით, პირველი - ჩავიტაროთ ტესტი „კოვიდზე“, თუ კოვიდი დადასტურდა, რაც ახლა იშვიათად ხდება, მაშინ ეს ცნობილი გახდება ოჯახის ექიმისთვის, რადგან მაშინვე აიტვირთება ელექტრონულ სისტემაში და პაციენტის მართვა ხდება „კოვიდის“ პროტოკოლით.

თუ „კოვიდი“ არ დადასტურდა, ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რომ გვაქვს გრიპი. შესაძლოა გრიპზეც გაკეთდეს ტესტი, ოღონდ ეს არ არის სავალდებულო. ეს მნიშვნელოვანია ერთი რამისთვის, გრიპი ერთადერთი რესპირატორული ინფექციაა, რომელსაც აქვს სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“, რომელიც სწორი გამოყენების შემთხვევაში აჩქარებს გამოჯანმრთელებას და განკურნებას.

ყოველი 100 გრიპიდან ერთს შეიძლება ჰქონდეს პირველადი გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონია. რაც შეეხება მეორად პნევმონიას, ეს უკვე გრიპის გართულებას წარმოადგენს და ეს ვითარდება ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების 10%-ში. ყველა რესპირაციული ინფექციით ავადმყოფი თავიდანვე იწყებს ანტიბიოტიკის მიღებას, რაც კატეგორიულად არასწორია. ოჯახის ექიმმა ანტიბიოტიკი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა დანიშნოს, როდესაც გონივრული ეჭვი არსებობს, ან დასაბუთებულია რომ მას აქვს ბაქტერიული პნევმონია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის