USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
თეა წულუკიანმა ანსამბლ „მძლევართან“ შეხვედრა გამართა
თარიღი:  
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ანსამბლ „მძლევარს“ ესტუმრა და მათი 30 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
 
შემაჯამებელი ანგარიში ანსამბლ „მძლევრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა კახა ონაშვილმა წარადგინა. ანსამბლის წევრებმა წარმოადგინეს როგორც ქართული ფოლკლორის ნიმუშები, ისე უცხოური სიმღერები. ინფორმაციისთვის: „მძლევარი” კერძო ანსამბლს წარმოადგენს და იგი კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში არ იმყოფება.
 
მინისტრმა ანსამბლის ხელმძღვანელობასთან ერთად სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის საკითხებიც განიხილა, ანსამბლის წევრებს კი მადლობა გადაუხადა მათი შრომისათვის და წარმატებები უსურვა.
 
აღსანიშნავია, რომ ამა წლის მაისში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ანსამბლის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ კი „მძლევრისა“ და მისი დამფუძნებლის, ტარიელ ონაშვილის, ვარსკვლავი გაიხსნა.
 
ქართლ-კახური სიმღერების დიდოსტატმა სოლისტ-შემსრულებელმა ტარიელ ონაშვილმა და მისმა ვაჟმა კახა ონაშვილმა მიზნად დაისახეს ქართული სიმღერის სამსახური და 1994 წელს სწორედ მათი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ბიჭების ფოლკლორული გუნდი „მძლევარი“, რომელშიც ორმოცდაათზე მეტი ყმაწვილი ეუფლება ქართულ სიმღერას.
 
არსებობის მანძილზე „მძლევარმა“ ბევრი გამარჯვება მოიპოვა და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის რეპუტაციაც დაიმკვიდრა. მიღწევათა შორის აღსანიშნავია რესპუბლიკურ ფესტივალ „ოქროს მართვეს“ პირველი ხარისხის დიპლომი, პირველ მსოფლიო საყმაწვილო დელფიადაში მონაწილეობა, თბილისის ფოლკლორულ ფესტივალზე, საქართველოს ფოლკლორული სიმღერების ფესტივალსა და ფესტივალზე „მომავალი ხმები“ პირველი ადგილის მოპოვება, მოსკოვის სააღდგომო ფესტივალის ლაურეატობა, პრიზი მაღალსაშემსრულებლო ოსტატობისთვის პომორიეს (ბულგარეთი) მართლმადიდებლური ხმების ფესტივალზე, წარმატებული გამოსვლები მაკედონიაში, ლატვიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, ეგვიპტეში, გერმანიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში.
 
„მძლევრის“ რეპერტუარში სხვადასხვა მხარის, ჟანრისა და სირთულის ვოკალურ-საკრავიერი მუსიკის 200-ამდე ნიმუშია, რაც საინტერესოდ წარმოაჩენს ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს.
 
სხვადასხვა საგუნდო ფესტივალში აქტიურმა მონაწილეობამ ანსამბლის რეპერტუარი პროფესიული და საგუნდო მუსიკის ნიმუშებით გაამდიდრა, რამაც განაპირობა მისი კლასიკურ აკადემიურ საგუნდო კოლექტივად ჩამოყალიბება.
 
სიმღერა-საგალობლებთან ერთად ანსამბლის რეპერტუარშია ქართველი კომპოზიტორების: ნიკო სულხანიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილის, იოსებ კეჭაყმაძის, მამია ხატელიშვილის, ვახტანგ კახიძის, მიშა მდინარაძის, ნანა გველესიანის, ლილიკო ნემსაძისა და თამარ სალუქვაძის ნაწარმოებები.
 
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის