USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
თეა წულუკიანი ბესო ზანგურზე: კარგი იქნება თუ დღესვე დატოვებს თეატრს
Date:  1055

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მსახიობ ბესო ზანგურს მოუწოდებს, თეატრი სასწრაფოდ დატოვოს.

წულუკიანმა ასევე მის ყოფილ მეუღლეს, ნინუცა მაყაშვილს მიმართა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. რაც შეეხება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას, თეა წულუკიანის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

„ნინუცა მაყაშვილი მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოში მიწვეული იყო, ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, უარს არ აცხადებს, თუნდაც ფიქრობდეს, 11 წლის მერე გვიანია საგამოძოებო ორგანოში სიარულიო, მინდა მას ვუთხრა, რომ ითანამშრომლოს. რობერტ სტურუასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. არა მხოლოდ ერთმა მხარემ, არამედ მეორე მხარემაც უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან. ამ შემთხვევაში, ბატონ ბესო ზანგურს ვგულისხმობ. კარგი იქნება, თუ ამასობაში ის დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, იმიტომ, რომ მოწოდების გარდა, მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია“,-განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებაში მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს შეეხებოდა. მაყაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს. მსახიობ ბესო ზანგურს სოლიდარობა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გამოუცხადა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მოგვიანებით, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თეატრიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ გააგდებენ.

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way