USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Tbilisi
თეა კეკელიძე- შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი
Date:  632
განათლებით ბიოლოგი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. ასპირანტურის პერიოდში ცოტა ხნით ვმუშაობდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იმ პერიოდში (80, 90-იან წლებში) ყველაფერი შეზღუდული იყო-პროფესიული ლიტერატურიდან დაწყებული, სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის საჭირო რეაგენტებითა და დანადგარებით დამთავრებული. ჩვენ მუდმივად გვესმოდა უცხოეთში სამეცნიერო განვითარებისა და მიღწევების შესახებ. ბევრი ჩვენგანი აღფრთოვანებით კითხულობდა ამერიკელი, ინგლისელი თუ ფრანგი მეცნიერების სტატიებს და მოწიწებით მოიხსენიებდა ავტორებს. შემდეგ კი ჩვენს რეალობას უბრუნდებოდა გულდაწყვეტილი: იმ დროს უცხოეთში სწავლასა და მუშაობაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა. მე კი უკვე სტუდენტობისას მქონდა ძლიერი სურვილი ვყოფილიყავი არა „უცხოელი მეცნიერების“ შორიდან მოტრფიალე, არამედ ერთ-ერთი მათგანი. 1988 წელს უნივერსიტეტიდან ერთ-ერთი პირველი სტუდენტური გაცვლითი ჯგუფი გაემგზავრა აშშ-ში, მაშინდელი პოლიტიკური „გარდაქმნის“ პროექტის ფარგლებში. ყველაფერი ვიღონე, რომ ამ ჯგუფში მოვხვედრილიყავი, ასეც მოხდა. ამერიკაში ჩასვლის პირველივე დღიდან მივხვდი, რომ მე ამ ქვეყანაში უნდა მეცხოვრა. ხოლო მასპინძელ უნივერსიტეტში(Williams College, MA), ერთ-ერთ ლექციაზე დასწრების შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რამენაირად მოვნახავდი გზას ამერიკაში სასწავლებლად. ამ სურვილის განხორციელებას 4-5 წელი, ბევრი მუშაობა, კეთილგანწყობილი ადამიანების დახმარება და გარკვეულწილად გამართლებაც დასჭირდა. 1993 წელს ემორის უნივერსიტეტის (Atlanta, GA) სადოქტორო სწავლების პროგრამაში ჩავირიცხე ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის განხრით, იმ პირობით რომ ნახევარი წლის განმავლობაში ყველა საჭირო საგანს ჩავაბარებდი და დავამტკიცებდი, რომ პროგრამის დაძლევა შემიძლია. ბევრი მოულოდნელი დაბრკოლების, უძილო ღამეებისა და 1-2 გამეორებით ჩაბარებული საგნის შემდეგ ეს გამოწვევა გადაილახა.
 
ემორის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად დავიწყე ლაბორატორიაში მუშაობაც, რომ შემოსავლის წყარო მქონოდა. თუმცა პრობლემა ის იყო, რომ დანადგარების უმრავლესობის მუშაობის პრინციპში ვერ ვერკვეოდი. ამის აღიარება კი არ მინდოდა. ამიტომ ღამით, როცა ლაბორატორიაში არავინ იყო, მივდიოდი და ჩავკირკიტებდი ინსტრუქციებს. საბოლოოდ ყველაფერი კეთილად დასრულდა და დოქტორანტურის პროგრამის დამთავრების შემდეგ პოსტ-დოქტორანტის ადგილი მოვიპოვე ემორის ნეიროქიმიის განყოფილებაში NIH Fogarty International Fellowship- ის მოპოვების შედეგად. იმ პერიოდში თავის ტვინის ენერგეტიკულ-მეტაბოლური პროცესების რეგულაციას შევისწავლიდით და ამ პროცესში მონაწილე ახლადაღმოჩენილ სატრანსპორტო ცილებს ვიკვლევდით. ამ პროცესებს დიდი მნიშვნელობა აქვს ტვინის გამართულად მუშაობაში. დარღვეული რეგულაციის შემთხვევაში კი ნეიროდეგენერაციულ, ტვინის იშემიურ და/ან ეპილეფსიურ დაავადებებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ეს პროცესები და ცილები თერაპიულ სამიზნეებს წარმოადგენენ მკურნალობის განვითარების თვალსაზრისით.
ამ პროექტში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორთან ვთანამშრომლობდით და ჩემი ოცნება იმ ეტაპზე ჰარვარდში მოხვედრა გახდა. მიუხედავად თანამშრომლობისა და ჰარვარდელი პროფესორის კეთილგანწყობისა, მის ლაბორატორიაში მოხვედრა იოლი არ იყო. ერთის მხრივ უაღრესად კონკურენტული გარემოს და მეორეს მხრივ, დაფინანსების თვალსაზრისით. შევთანხმდით, რომ თუ მე საკუთარ დაფინანსებას მოვიპოვებდი, მაშინ ლაბორატორიაში ადგილი გამოიძებნებოდა. სხვადასხვა ფედერალურ დამფინანსებელ სააგენტოში რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ (სასურველი გრანტი უნდა ყოფილიყო აშშ-ს მასშტაბით გამოყენებადი), ჩემი პროექტი American Epilepsy Foundation-მ დააფინანსა და ატლანტიდან ბოსტონში გადავედი.
 
ჰარვარდში ახლო თანამშრომლობა გვქონდა საუნივერსიტეტო საავადმყოფოებთან და ჩემი სამეცნიერო კვლევა უფრო მეტად დაუახლოვდა (ტვინში მიმდინარე) ბიოენერგეტიკული პროცესების კლინიკურ ასპექტს. ამ პერიოდში ასევე დავიწყე შერეული მეთოდების გამოყენება სხვადასხვა დისციპლინებიდან. ცდებს ვატარებდით როგორც უჯრედებსა და ქსოვილებში, ასევე ცოცხალი ორგანიზმების სხვადასხვა სახეობაში. ვიყენებდით როგორც ბიოქიმიურ, ბიოფიზიკურ და ნეიროქიმიურ მეთოდებს, ასევე რადიოლოგიურ (ბირთვულ რეზონანსულ) გაზომვებს და ქცევაზე დაკვირვებას. ვთანამშრომლობდით შვეიცარიელ, ჰოლანდიელ და იაპონელ მეცნიერებთან რომლებიც ბიოენერგეტიკის (უჯრედული ენერგიის წარმოქმნა, გამოყენება და გარდაქმნა) სხვადასხვა ასპექტს სწავლობენ. ამ პერიოდის კვლევების მნიშვნელოვანი მიღწევა იყო თეორიულ-ექსპერიმენტული ბაზისის შექმნა ახალი, უჯრედულ მეტაბოლიზმზე დამიზნებული სტრატეგიების განვითარებისათვის ნეიროდეგენერაციული და მეტაბოლური დაავადებების სამკურნალოდ.
შვეიცარიაში სამეცნიერო მივლინებებმა და ETH (Swiss Federal Institute if Technology) თან თანამშრომლობამ ევროპულ სამეცნიერო ორგანიზაციში მუშაობის ინტერესი გამიჩინა (ასევე ძალზე მხიბლავდა მთების, და განსაკუთრებით სათხილამურო ტრასების სიახლოვე). ამიტომ ჰარვარდიდან აკადემიური ავიღე (l და ამჯერად ციურიხში გადავსახლდი.
 
საქმიანობა ციურიხის უნივერსიტეტში და მასთან მდებარე ჰოსპიტალში გავაგრძელე. სადაც საუკეთესო პირობები იყო შექმნილი ფუნდამენტურ-კლინიკური კვლევებისა და საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. ჩემი მისია იყო ჰარვარდთან თანამშრომლობის მოდელზე აწყობილი სამეცნიერო პროგრამისა და ჯგუფის შექმნა ინტერდისციპლინარულ ნეირომეცნიერებაში, რომელიც ითანამშრომლებდა როგორც ადგილობრივ (შვეიცარიის მასშტაბით), ასევე ამერიკულ კვლევით ორგანიზაციებთან. ჯგუფის შესაქმნელად უნივერსიტეტმა გამოგვიყო გრანტი, ხოლო ლაბორატორიული კვლევებისთვის მე მოვიპოვე ეროვნული (შვეიცარული) სამეცნიერო ფონდის გრანტი. ამ პერიოდის მთავარი მიღწევა (სამეცნიერო შედეგების გარდა) იყო ახლებური თანამშრომლობის მოდელის დანერგვა, ე.წ. Triple Helix ის გამოყენებით. მოდელი გულისხმობს პარტნიორობას აკადემიურ სექტორს (უნივერსიტეტები და საჯარო კვლევითი ორგანიზაციები), ინდუსტრიულ სექტორს (კომერციული კვლევა და განვითარება ბიოფარმაცევტულ და ბიოტექნოლოგიურ ორგანიზაციებში) და სახელმწიფოს შორის. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტიპის პარტნიორობის შედეგები საზოგადოების კეთილდღეობის განვითარებას ემსახურება ცოდნასა და საჭიროებაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების გზით.
 
კვლევების ნაწილს (in-vivo imaging) ვატარებდით ნოვარტისში. ეს დიდი შვეიცარული ბიოფარმაცევტული კომპანიაა ძლიერი სამეცნიერო კადრით. რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი მათ მიდგომებს (რომლებიც დაავადების მკურნალობაზეა მიმართული), მით უფრო ვინტერესდებოდი სამეცნიერო მუშაობის ისე წარმართვით, რომელიც თავიდანვე დაავადების მექანიზმსა და მის მანიპულირებაზეა მიმართული (და არა მხოლოდ მექანიზმის შესწავლაზე სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების მიზნით). ასე გადავინაცვლე Translational Research (დაავადებასა და მის მკურნალობაზე მიმართული კვლევა) -ის სფეროში და გადავწყვიტე ჩემი ძალები კომერციულ სამეცნიერო სექტორში მომესინჯა.
დიდ ფარმაკომპანიში შეღწევა იოლი საქმე არ აღმოჩნდა. ნახევარი წელი დამჭირდა ჩემი ინტერესებისა და გამოცდილების შესაბამისი პოზიციის მოსაძებნად და ახალი სამუშაოს დასაწყებად. თავიდან ლაბორატორიული კვლევების სფეროში ვაპირებდი დარჩენას მაგრამ გამოჩნდა სამეცნიერო განხილვების წამყვანის ადგილი, რომლიც ნოვარტისის ბიოსამედიცინო კვლევების ინსტიტუტის ყველა მიმართულების კვლევის განხილვას გულისხმობდა სამეცნიერო საბჭოსთან ერთად. მოგვიანებით საბჭოს მუშაობის ყველა ასპექტი ჩამაბარეს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პროდუქტული ხანა ჩემს კარიერაში. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები იყვნენ, მათ შორის ნობელის ლაურეატიც. საბჭოს ევალებოდა ნოვარტისის გრძელვადიანი სამეცნიერო სტრატეგიის დაგეგმვა, მიმდინარე კვლევების შეფასება, მომავალი ინოვაციების განსაზღვრა და შესაძლო მარცხების თავიდან აცილება. განხილვებში მონაწილეობას იღებდა ინსტიტუტის ყველა თერაპიული განყოფილება და ტექნოლოგიური პლატფორმა. შესაბამისად, საბჭოს წევრებთან ერთად ვიწვევდით დამატებით დარგობრივ სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან და თითოეული მიმართულების განხილვა ტარდებოდა ორდღიანი მინი-სიმპოზიუმის ფორმატში. ამ სხდომა-განხილვების შედეგად ბევრი ახალი მიმართულების კვლევა დაიწყო, ბევრი ახალი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, და ბევრ ორგანიზაციულ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი მთელი კომპანიის მასშტაბით. ბევრიო მათგანი დღესაც აქტუალურია.
 
ამჟამად შვეიცარული ბიოფარმაცევტული კომპანია ნოვარტისის ბიოსამედიცინო კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობ , სამეცნიერო პარტნიორობის და გარე ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელად. ამ ჯგუფის როლია სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების მოძიება და მოზიდვა მსოფლიო მასშტაბით, მათი შეფასება და ჩვენს კვლევით პროგრამებში ჩართვა. ეს ხდება უმეტეს შემთხვევაში საუნივერსიტეტო სექტორთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რომელიც მოიცავს როგორც ფუნდამენტურ კვლევებს, ასევე პარტნიორობას ახლადშექმნილ ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან. აქ მთავარი გამოწვევაა რაც შეიძლება ადრე მიაგნო მსოფლიოს უნივერსიტეტებსა თუ კვლევით ინსტიტუტებში გაკეთებულ სამეცნიერო აღმოჩენებს, რომლებსაც პოტენცია აქვთ დაავადების მკურნალობის ახლებური და ეფექტური მეთოდების შექმნას მოხმარდნენ. ეს უკანასკნელი კი როგორც წესი, დიდ ფარმაკოლოგიურ ან ბიოტექნოლოგიურ კომპანიებში ხდება. ბუნებრივია, კონკურენცია ამ აღმოჩენების დროულად წვდომაზე დიდია. ჩემი ჯგუფი, რომელიც 2014 წელს შევქმენი და 2019-ში თავიდან დავაკომპლექტე, წელიწადში საშუალოდ 300 სამეცნიერო ინოვაციის მოძიებასა და შეფასებას ახორციელებს. ბოლო ორ წელიწადში 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან დავამყარეთ თანამშრომლობა აკადემიურ სექტორში. ჩვენ ვმუშაობთ ნოვარტისის ყველა თერაპიულ-სამეცნიერო განყოფილებასა (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნეიროდაავადებები, ონკოლოგია, იმუნური დარღვევები, ოფტალმოლოგია, რესპირატორული დაავადებები, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები) და ტექნოლოგიურ პლატფორმასთან, რათა ჩვენს მიერ მოძიებული ინოვაციები ოპტიმალურ თანხვედრში იყოს კომპანიის მოკლე და გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებთან.
 
იმისათვის რომ ნოვარტისთან თანამშრომლობა მიმზიდველი იყოს მსოფლიოს ინოვატორებისთვის, დავნერგეთ თანამშრომლობის ახალი მოდელი რომელიც უნივერსიტეტის მეცნიერების ინტერესებზეა გათვლილი. მაგალითად, ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას გამოიყენონ აპარატურა და ცოდნა, რომელიც ინდუსტრიას გააჩნია მაგრამ აკადემიურ სისტემებში შეზღუდულია ან არ არსებობს. პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩვენ ასევე ვატარებთ საგანმანათლებლო სემინარებს სამკურნალო პრეპარატების აღმოჩენასა და განვითარებაზე, ვატარებთ კონკურსს გრანტების გამოყენებით, ახალგაზრდა მეცნიერებს ვაწყვილებთ ნოვარტისის მენტორებთან , და ა.შ. გვაქვს პოსტ-დოქტურატურის პროგრამაც. მიდგომა კომპლექსურია და დღეისათვის წარმატებული. თუმცა, აქამდე მოსასვლელად გრძელი გზა გამოვუარე.
 
ყოველთვის ვცდილობდი სამუშაო კუთხით დაკავშირებული ვყოფილიყავი საქართველოსთან. 90-იან წლებში CRDF (Civilian Research and Development Foundation)- ის გრანტების მოპოვებაში ვეხმარებოდი ქართველ მეცნიერებს და ვმონაწილეობდი კიდეც ერთობლივ სამუშაოებში. ადრეულ 2000-იანებში NATO -ს სამეცნიერო პროექტებში ვმონაწილეობდი და NATO-ს სამეცნიერო კონფერენციაც ჩავატარე თბილისში ტვინის ბიოენერგეტიკის კვლევის დარგში. იმ პერიოდში ასევე აქტიურად ვიმუშავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და უცხოეთში მომუშავე ქართველ კოლეგასთან ერთად ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჩამოყალიბების პროექტზე. დროგამოშვებით ვარ ხოლმე ამ ფონდის სამეცნიერო ექსპერტი. 2016 წელს კი თბილისში ჩამოვიყვანე ნოვარტისის დელეგაცია და ჩავატარეთ სამეცნიერო სიმპოზიუმი დაავადებების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. ეს ვიზიტი საფუძვლად დაედო საქართველოში ნოვარტისის პირველი კლინიკური ცდების ჩატარებას.
პერიოდულად მაქვს დისკუსია ქართველ მეცნიერებთან რამდენიმე სამეცნიერო თემის გარშემო ერთობლივი მუშაობის შესახებ. ეს თემები მოიცავს კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას, ამ რეგიონის მიკროორგანიზმების და სამკურნალო მცენარეების კვლევას. ვეძებ გზებს რომ ეს საუბრები რეალურ სამუშაოში გადავზარდოთ.
 
თუკი ვინმეს ჩემი გამოცდილება დაეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენისა და რეალიზების გზაზე, გავუზიარებდი შემდეგს:
- გაარკვიეთ რა საქმიანობა გიზიდავთ ყველაზე მეტად ცხოვრების მოცემულ ეტაპზე
- გამონახეთ გზები რომლებიც ამ საქმიანობასთან დაგაკავშირებენ; ადამიანები რომლებიც დაგეხმარებიან; სწავლისა და წვრთნის მეთოდები რომლებიც ამ საქმეში დაგახელოვნებენ
- არ შეგეშინდეთ ცვლილებების (მათ შორის საკუთარი ინტერესების)
- იოცნებეთ დიდ და „მიუწვდომელ“ რაღაცეებზე. არ აყვეთ ადამიანებს რომლებიც შეეცდებიან გადაგაფიქრებინონ თქვენი ოცნებისკენ სწრაფვა
- გჯეროდეთ რომ სამყარო ყოველთვის გვეხმარება ღირებული მიზნების განხორციელებაში
sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way