USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენი კანონდარღვევით არ განათავსონ
дата:  695

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენი კანონდარღვევით არ განათავსონ. საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ დატოვონ სამშენებლო ნარჩენი და ძველი ავეჯი ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია მსგავსი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.

სამშენებლო ნარჩენების მხრივ დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქციაზე ისაუბრა. გზისპირას არსებული ტერიტორია, როგორც ინერტული, ისე, საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში თანამშრომლებთან ერთად დავით ფაჩულიაც ჩაერთო.

„გლდანის პოლიგონზე ინერტული ნარჩენის განთავსების ტარიფები არის ეკონომიური, ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. პოლიგონზე ასეთი ტიპის ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი, იმის ნაცვლად, რომ ქალაქში დავტოვოთ სამშენებლო ნარჩენი, დავაბინძუროთ, დააზიანოს ჩვენი ნაგავმზიდი მანქანები, რომელიც ისევ დედაქალაქს ემსახურება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ინერტული ნარჩენი ჩუღურეთის რაიონში კიდევ 15-მდე ლოკაციიდან გაიტანეს. მსგავსი დასუფთავების სამუშაოები თბილისის ყველა რიაონში მიმდინარეობს.

გლდანის პოლიგონზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати