USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
თბილისური კონკა და ტრამვაი
თარიღი:  4610

ისტორია XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება.

კონკა — ცხენშებმული ტრამვაის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა თბილისში. მოქმედებდა 1883-1904 წლებში.

 ქალაქში ელექტრო ტრამვაის წინაპარი ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. „კონკა“ 1883 წლის 26 თებერვალს კერძო მეწარმის, შემცოვის თაოსნობით. ეს იყო ოთხივე მხრივ ღია ვაგონი, რომელსაც რკინის ბოძებზე დაყრდნობილი სახურავი ჰქონდა, შიგ იდგა მოძრავსაზურგიანი სკამების რიგი. კონკაში 20 კაცი ეტეოდა, კონდუქტური (ბილეთების გამყიდველი) იდგა კონკის ღია ბაქნის ერთსაფეხურიან კიბეზე.

უნდა გენახათ ქალაქში უცხენო ტრამვაის გამოჩენამ რა მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრს ეშინოდა შიგ ჩაჯდომისა, ბევრი დარწმუნებული იყო, ტრამვაის ოთხ თვალზე ოთხი ეშმაკი ზის და ისინი ატრიალებენ ამ თვლებსაო. იმასაც ამბობდნენ, ხიდზე გასვლის დროს, ეშმაკების ხიდს ჩატეხავენ და ტრამვაიში მყოფ ხალხს დახრჩობა არ ასცდებაო. ამის შიშით, ხიდთან მგზავრები ტრამვაიდან ჩამოდიოდნენ ხიდის მეორე ნაპირზე ფეხით გადადიოდნენ, შემდეგ კი ისევ ტრამვაიში სხდებოდნენ. ზოგიერთები ტრამვაით მგზავრობის მოყვარულ ქალების დასაცინად დუღაბა ვასუას მოგონილ ლექსს იძახდნენ:

მარგალიტი ძვირია,

ლეჩაქი ორპირია,

ვინც ტრამვაიში ჯდება

იმის ქმარი ვირია.

ამის გამო ბევრი მამაკაცი თავის მეუღლეს უკრძალავდა ტრამვაით მგზავრობას.

 კონკა თავდაპირველად აკავშირებდა ვაგზლის და ვორონცოვის მოედნებს. გზის სიგრძე 2410 მ იყო. 1885 წელს კონკა გადავიდა „ტფილისის ტრამვაის ბელგიური საზოგადოების“ ხელში. 1889 წლის 15 ოქტომბერს გაიხსნა ყორღანოვის კერძო ხაზი, რომელიც ასევე ბელგიურმა კომპანიამ შეისყიდა.

მისი პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან აკავშირებდა ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს.

1890-იან წლებში კონკის სავალი გზა გაიზარდა და ვორონცოვის მოედნიდან, ვორონცოვის და ნიკოლოზის ხიდების გავლით, პუშკინის აღმართით მიაღწია ერევანსკის მოედანს მოედანს, საიდანაც სასახლის ქუჩის, გოლოვინის პროსპექტისა და ვერის დაღმართის მეშვეობით კირხის მოედანს აღწევდა; ბოლოს, მიხეილის გამზირისა და ვაგზლის ქუჩის გავლით ისევ ვაგზლის მოედანზე ბრუნდებოდა.

1904 წელს კონკა ელექტროტრამვაიმ შეცვალა. 1910 წლისთვის კონკის გზის სიგრძე 23 კმ-მდე შემორჩა მხოლოდ ავჭალის (ახლანდელი გ. ჩიტაიას) ქუჩაზე.

1904 წლიდან თბილისის ტრამვაი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა.

 1904 წელს დაიწყო ელექტრო ტრამვაის მშენებლობა, რითაც „ტფილისის ტრამვაის ბელგიელთა სააქციო საზოგადოება“ დაკავდა. ამ კომპანიასთან ქალაქის თვითმმართველობას 20-წლიანი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა ელექტრო ტრამვაი, რომლის ლიანდაგის სიგანე 1000 მილიმეტრი იყო. 1910 წელს „კონკამ“, რომლის ლიანდაგის სიგანე 914 მმ. იყო, არსებობა შეწყვიტა. ტრამვაის თავდაპირველი მარშრუტი კონკისას იმეორებდა. 1915 წლის 15 მარტს სასამართლოს ძალით თბილისის ტრამვაის ქსელი ქალაქის თვითმმართველობას გადაეცა. თავდაპირცველად მოძრაობდა „ჰელიოსისა“ და „სიმენს-შუკერტის“ 28- ადგილიანი ვაგონები.

1926 წლიდან ისინი რუსულმა მიტიშჩის ქარხნის ვაგონებმა შეცვალა. 1933 წლიდან დაიწყო ტრამვაის განიერ (1524 მმ.) ლიანდაგზე გადაყვანა, თუმცა ერთმეტრიანმა ლიანდაგებმა 1942 წლამდე იარსება.

1960 წელს თბილისში დამზადდა ორი ელექტრომატარებელი. ამ მოდელს „თბილისი“ დაერქვა. 1969-1990 წლებში თბილისში შედიოდა უსტ-კატავის (რუსეთი) და რიგის ქარხნების მიერ წარმოებული ვაგონები. 1969 წელს ლიანდაგის საერთო სიგრძემ 105 კილომეტრს მიაღწია, მას შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა სიტუაცია კილომეტრაჟთან დაკავშირებით მაგრამ ყვეალფერი ტრამვაის სასარგებლოდ ხდებოდა; 1974 წელს ტრამვაის ქსელი ორ ნაწილად გაიყო, ახლადმშენებარე გარეუბნებში ტრამვაის გავრცობა გრძელდებოდა.

1989 წელს დაიწყო ტრამვაის ქსელის პერმანენტული შეკვეცა. 2000 წლისთვის დარჩენილი იყო 71,6 კმ გზა და 39 ვაგონი. 2006 წლის 4 დეკემბერს თბილისში ტრამვაისა და ტროლეიბუსის ლიკვიდაცია მოხდა.

ტრამვაის განვითარების და ლიკვიდაციის ქრონოლოგია:

პირველი ფართოლიანდაგიანი ხაზი 1933 წელს გაიხსნა და ის ერთმანეთთან აკავშირებდა ისნის ჰოსპიტალსა და სამგორის კერამიკის კომბინატს. ამავე წელს აშენდა ისნის ტრამვაის დეპო და დაიწყო ვიწრო ლიანდაგების გაფართოება. ვიწროლიანდაგიანმა ხაზებმა 1942 წლამდე იარსება.

უკანასკნელი ვიწროლიანდაგიანი ხაზი სოლოლაკში გადიოდა და II მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ მოხერხდა მისი ფართოლიანდაგზე გადაყვანა. ამიტომ ეს ხაზი გაუქმდა. 1942–45 წლებში ტრამვაი გაიყვანეს ცოტნე დადიანის ქუჩაზე.

1944–45 წლებში ტრამვაის ხაზები დაგრძელდა ისნის ჰოსპიტალიდან 31–ე საავიაციო ქარხანამდე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვაკემდე (ახლანდელი თამარაშვილის ქუჩის დასაწყისამდე).

ამავე პერიოდში ტრამვაის ხაზი გაიყვანეს ჩელუსკინელების (თამარმეფის გამზ.) და ლენინის (კოსტავას) ქუჩებზე.

1940*–იან წლებში ტრამვაის ხაზი გაუქმდა ორთაჭალაში, რომელიც ორთაჭალას ქვიშიანას ქუჩის („პესოჩნაია“,_რიყეზე ეს ქუჩა აღარ არსებობს) გავლით რკინიგზის ვაგზალთან აკავშირებდა.

1950–იანი წლების მეორე ნახევარში ტრამვაის ხაზი რუსთაველის და პლეხანოვის (აღმაშენებლის) გამზირიდან გადაიტანეს პარალელურ, ძნელაძისა (თაბუკაშვილის) და კლარა ცეტკინის (წინამძღვრიშვილის) ქუჩებზე.

1953 წლის 1 მაისს კინო საქართველოდან ტრამვაის ხაზი დაგრძელდა მერვე საავადმყოფომდე.

1955 წლის 5 ნოემბერს ეს ხაზი დაგრძელდა მერვე საავადმყოფოდან შამპანიურის ქარხანამდე.

1955 წლის 5 ნოემბერსავე მეტრო დიდუბის ზედა სადგურიდან ტრამვაი რკინიგზის ხიდის ქვეშ გავლით დაუკავშირდა წერეთლსი გამზირს.

1957 წლის14 ივლისს ტრამვაის ხაზი დაიხურა ძნელაძის ქუჩაზე.

1959 წლის 30 მარტს ტრამვაის მიმოსვლა შეწყდა მეცხრე საავადმყოფოდან ბაგებამდე.

1960 წლის 30 აპრილს ტრამვაის ხაზი დაგრძელდა კერამიკის კომბინატიდან გრეხილი ავეჯის კომბინატამდე “განთიადი” მოსკოვის პროსპექტზე.

1962 წლის აგვისტოში შამპანიურის ქარხნიდან ტრამვაის ხაზი დაგრძელდა სარაჯიშვილის გამზირზე ცენტროლიტის ქარხანამდე.

1963 წლის 30 ნოემბერს ბარათაშვილის ხიდის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით მასზე ტრამვაის მოძრაობა შეწყდა ისევე როგორც ბარათაშვილის ქუჩაზე კოლმეურნეობის მოედნამდე.

ასევე 1963 წელს ტრამვაის ხაზი გაუქმდა კოლმეურნეობის მოედნიდან ფილარმონიამდე (ძნელაძის,_ახლ. თაბუკაშვილის, და ლენინის,_ახლ. კოსტავას ქუჩებზე).

1967 წლის 13 მაისს რკინიგზის სადგურიდან თამარ მეფის გამზირზე, ტამარ მეფის ხიდზე, გმირთა მოედაზე, ვარაზისხევზე, მელიქშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე მეცხრე საავადმყოფომდე გაუქმდა ტრამვაის ხაზი.

1968 წლის 30 აპრილს დაემატა ახალი განშტოება, გურამიშვილის გამზირიდან თემქ–ის მიმართულებით, თბილისის ზღვამდე.

1970 წლის ოქტომბერში მოხდა ტრამვაის დემონტაჟი ვაგზლის მოედანზე რკინიგზის სადგურიდან ფიროსმანის ქუჩზე მალაკნების ხიდთან გადასასვლელ ხიდამდე.

1972 წლის 1 მაისს ტრამვაის ხაზი მეტრო დიდუბის ქვედა სადგურიდან დიდუბის ხიდის და ბელიაშვილის ქუჩის გავლით დაგრძელდა ქირურგიის ინსტიტუტამდე.

1974 წლის 20 სექტემბერს ტრამვაის ხაზი გაუქმდა ხეთაგუროვის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან წამებულის გამზირზე მეტრო ისნამდე. ამის შედეგად ტრამვაი #7 დარჩა იზოლირებული დანარჩენი ქსელისგან და მას ისნის ტრამვაი-ტროლიბუსების დეპო ემსახურებოდა.

1975 წლის 12 იანვარს ტრამვაის ხაზი ჩოდრიშვილის ქუჩიდან დაგრძელდა წერონისის და სანავარდოს ქუჩის გავლით ახტელის ქუჩამდე ლოტკინის მთაზე და დაინიშნა 2 ნომერი ტრამვაი.

1975 წლის 28 თებერვალს ქირურგიის ინსტიტუტიდან ხაზი დაგრძელდა ბოტანიკის ინსტიტუამდე ბელიაშვილის ქუჩის გაყოლებაზე.

1977 წლის 30 მარტს სარაჯიშვილის მეტროდან ტრამვაის ხაზი გლდანის “ა” მიკრო რაიონამდე გაიხსნა.

1977 წლის ბოლოს ეს ხაზი #2 მიკრორაიონამდე დაგრძელდა.

1978 წლის მაისში #3 მიკო რაიონამდე.

1978 წლის ნოემბერში კი გლდანის მასივის ბოლომდე 7-8 მიკრო რაიონამდე დაგრძელდა.

1978 წელს დაიწყო ზემო ავჭალაში ახალი ტრამვაის დეპოს მშნებელობა, რომელიც გათვლილი იყო 200 ვაგონზე.

1980 წლის 6 ნოემბერს ბოტანიკის ინსტიტუტიდან ბელიაშვილსი ქუჩის გაყოლებაზე და აღმაშენებლის ხიევნის გასწვრივ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტამდე დაგრძელდა ხაზი.

1986 წლის 1 სექტემბერს ტრამვაის ხაზი დაგრძელდა ავჭალაში, ქარხანა „ცენტროლიტიდან“, ზემო ავჭალამდე.

1986 წლის 13 დეკემბერს გაიხსნა ზემო ავჭალის ტრამვაის დეპო #3 გათვლილი 200 ტრამვაის ვაგონზე ხოლო ვაგზლის მოედანზე არსებულმა ტრამვაის #1 დეპომ არსებობა შეწყვიტა. ეს გახლდათ თბილისის ტრამვაის უკანასკნელი ახალი ხაზი. ამ დროისთვის ხაზების საერთო სიგრძე ცალ ლიანდაგზე გათვლით 108 კილომეტრს აღწევდა.

1989 წლიდან ტრამვაის სისტემას წყალი შეუდგა და არსებული ხაზების ნელ ნელა გაუქმება დაიწყო.

ამ დროისთვის დიდუბის მეტროდან სასოფლოს უნივერსიტეტამდე ტრამვაი ისედაც გაჩერებული იყო უკვე დაახლოებით 2 წელი, რადგან დიდუბის ხიდის ქვეშ აშენებდნენ გვირაბს, ხიდი რომ გაიხსნა 1989 წელს ტრამვაის ხაზი აღარ გაუხსნიათ და ოფიციალური გაუქმების თარიღად 1989 წელი დასახელდა. შესაბამისად 10 ნომერი ტრამვაი კოლმეურნეობის მოდნიდან დამოკლდა მეტრო დიდუბის ქვედა სადგურამდე. ხოლო 5 ნომერი ტრამვაი რომელიც აბასთუმნის ქუჩიდან სასოფლოს უნივერსიტეტამდე მოძრაობდა და 9 ნომერი ტრამვაი რომელიც მეტრო დიდუბიდან სასოფლოს უნივერსიტეტამდე მოძრაობდა გაუქმდნენ. (დიდუბის ხიდი, ბელიაშვილის ქ., ქარხანა „მიონი“, აღმაშენებლის ხეივანი, აგრალური უნივერსიტეტი).

1990 წლის იანვარში გლდანის მასივში მოქმედი 8 ნომერი ტრამვაი რომელიც მეტრო დიდუბიდან გლდანის 7-8 მიკროებამდე მოძრაობდა გაუქმდა. ლიანდაგები აიყარა სარაჯიშვილის მეტროდან ახმეტელის მეტრომდე, სარაჯიშვილის მეტროსთან კი მრავალდონიანი გზა მოეწყო ორი ხიდით რომლებიც სარაჯიშვილის გამზირს და გურამიშვილის გამზირს აკავშირებდა და ხიდქვეშ ახალი შეშელიძის ქუჩა რომელიც დიღომიდან მოდიოდა ახმეტელის მეტრომდე, გაუქმებული ტრამვაის ხაზი მისგან რამდენიმე მეტრში მთის ძირში გადიოდა.

ახმეტელის მეტროდან გლდანის 7-8 მიკრო რაიონებამდე წრიული ცალმხრივი ლიანდაგები აიყარა 2000 წელს როდესაც ხიზანიშვილის ქუჩის სრული კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. ტრამვაის ხაზის ადგილას გაკეთდა ტროტუარი და ჩაისვა ბოძები ტროლეიბუსისთვის, რომელიც სავარაუდოდ დიღმის მასივში მიმავალი ხაზისთვის უნდა მიეერთებინათ მაგრამ ეს დანაპირები არ შესრულდა.

1994 წელს კოლმეურნეობის მოედნიდან დიდუბის მეტროს ქვედა სადგურამდე მოძრავი 10 ნომერი ტრამვაი უქმდება ერთადერთი დარჩენილი განშტოება ქალქის ცენტრში, ლიანდაგები იყრება მთელი მარშრუტის მანძილზე რამდენიმე ადგილის გამოკლებით. (ორბელიანის მოედანი, ათონელის ქ., მშრალი ხიდი, ვორონცოვის ხიდი, საარბრიუკენის მოედანი, ჩიქობავას ქ., წინამძღვრიშვილის ქ., თევდორე მღვდლის ქ., წერეთლის გამზ., ერისთავის ქუჩაზე ნაწილობრივ, მეტროს სადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ მოსაბრუნებელი მარყუჟები) შედეგად თბილისი ზღვიდან მოძრავი 3 ნომერი ტრამვაი დიდუბის მეტროს ზედა სადგურამდე მოკლდება.

1994-1996 წლებში თბილისის ზღვაზე საკონტაქტო სადენი მოიპარეს და ტრამვაიმ მოძრაობა შეწყვიტა მაგრამ 1996 წელს აღადგინეს მაგრამ ტრამვაი იშვიათად დადიოდა უმეტესად ზაფხულის სეზონზე.

2000 წლიდან საერთოდ შეწყვიტა სიარული თბილისი ზღვაზე ტრამვაიმ.

2002 წელს იყო ტრამვაის მოძრაობის აღდგენის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით საკონტაქტო სადენი ჩამოხსნეს 2007 წელს კი აყარეს რელსები. ამ ხაზზე თავის დროზე, გადასასვლელი ხიდიდან დადიოდა 4 ნომერი, ხოლო მეტრო დიდუბის ქვედა სადგურიდან 1994 წლიდან კი ზედა სადგურიდან დადიოდა 3 ნომერი ტრამვაი.

 2000-2001 წლებში გაუქმდა გადასასვლელი ხიდიდან ლოტკინისკენ მიმავალი 2 და 6 ნომერი, (ც. დადიანის ქ., ჩოდრიშვილის ქ., წერონისის ქ., სანავარდოს ქ., ახტელის ქ. (ლოტკინი)). ოფიციალურ მიზეზად დასახელდა მოსახლეობის ჩივილი თითქოსდა ტრამვაი გავლისას მათ სახლებს ანგრევდა. 2002 წელს გააუქმდა ტრამვაის ხაზი, გადასასვლელი ხიდიდან კინო საქართველომდე. გაუქმების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა გადასასვლელ ხიდთან, ტრამვაის მოსატრიალებელი მარყუჟის მიდამოებში მცხოვრები მოსახლეობის ჩივილი, თითქოსდა მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლებს ტრამვაის გავლა ანგრევდა.

2004 წლის 7 ივლისს არსებობა შეწყვიტა ისნის ტრამვაის დეპომ და მასზე მიმაგრებულმა ერთადერთმა, #7 მარშრუტმა (31–ე საავიაციო ქარხანა, ბოგდან ხმელნიცკის ქ., ჩოლოყაშვილის ქ., ბაღდადის ქ., ნავთლუღის აღმართი., მეტრო „ისანი“, ქეთევან წამებულის გამზ., მოსკოვის გამზ., გრეხილი ავეჯის კომბინატი).

შესაბამისად თბილისში დარჩა ერთადერთი, 12 კმ სიგრძის №12 მარშრუტი (მეტრო „დიდუბე“ (ზედა), ერისთავის ქ., გურამიშვილის გამზ., სარაჯიშვილის გამზ., ლიბანის ქ., ზემო ავჭალა).

2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაის უკანასკნელი ხაზი და ქალქში დარჩენილი ტროლეიბუსის ხაზებიც ერთიანად გაუქმდა.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის