USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისში პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის ტენდერი დასრულდა, დემონტაჟი კი ოქტომბერში დაიწყება
თარიღი:  753

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურა დასრულდა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტენდერში შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ გაიმარჯვა. კორპუსის დემონტაჟი კი, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

„გვაქვს კარგი სიახლე იმ ადამიანებისთვის, ვინც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. პირველი ავარიული კორპუსის საპილოტე პროექტის სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა. მასში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი და ვაჭრობის შედეგად ფასმა დაიკლო 260 ათასი ლარით. ვაჭრობაში მინიმალური ფასი დააფიქსირა - შპს „ბი ქეი ქონსთრაქშენმა“ და ის არის გამარჯვებული. გამოცხადებული ფასი იყო - 6,480,330.00 ლარი. შემოთავაზებული ფასია - 6,199,330.00 ლარი.

სამგორის რაიონში მდებარე მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობა იქნება პროგრამის პირველი მონაწილე, რომლის დემონტაჟი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. სამშენებლო სამუშაოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, უნდა დაკმაყოფილდეს 36 ოჯახი, რომელიც მუნიციპალიტეტს უკვე ქირით ჰყავს გაყვანილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული საპილოტე პროგრამით დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს ამუშავებს.

„ამ საპილოტე პროექტის პარალელურად, მერია ამუშავებს დამატებით 12 ავარიული კორპუსის პროექტს. გამგეობები მოლაპარაკებებს აწარმოებენ კიდევ ათეულობით კორპუსის მოსახლეობასთან. მინდა მოსახლეობას თხოვნით მივმართო - თქვენი მხარდაჭერა, ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელებაში. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ადგილობრივების მხრიდან უფრო მეტი ფართის მოთხოვნა ხდება, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, ერთი ერთში მოგცეთ ის ფართი, რასაც ფლობთ და ერთ სანტიმეტრს არ დაკარგავთ. რაც მთავარია, სრულიად ახალ, გარემონტებულ ბინებში შეხვალთ. ითანამშრომლეთ ჩვენთან, რადგან ეს ყველაფერი თქვენი ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვისა და უსაფრთხოებისთვის კეთდება. რომ არა ეს პრობლემა, რაც მოლაპარაკებების პროცესში გაჩნდა, რომ ადამიანები იმაზე მეტ ფართს ითხოვენ, ვიდრე აქვთ, ერთი საპილოტე კი არა, 10 პროექტი გვექნებოდა უკვე მზად.

ასე რომ, მიმდინარე წელი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. გაძლევთ პირობას, რომ მომდევნო წლებში საკმაოდ დიდი მასშტაბი ექნება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამას და მის ფარგლებში მუნიციპალიტეტი დედაქალაქში არაერთ ავარიულ კორპუსს ჩაანაცვლებს. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ მთლიანი სამშენებლო ღირებულებიდან ნამატი ფართებით გასტუმრებული იქნება 5 407 987 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელია 791 343 ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე აღნიშნული კორპუსების ზუსტი სტანდარტული ვიზუალი წარმოადგინა, რომელიც ქართველი არქიტექტორების მიერ შემუშავდა და რომლითაც ავარიული შენობების ჩანაცვლება მოხდება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის